ავტორი:

მენჯი: უნიკალური წყლებით ცნობილი ბალნეოლოგიური კურორტი განადგურებულია - "ჯერ სააკაშვილს ჰქონდა მცდელობა და შემდეგ ივანიშვილი გვპირდებოდა აღდგენას, მაგრამ..."

მენჯი: უნიკალური წყლებით ცნობილი ბალნეოლოგიური კურორტი განადგურებულია - "ჯერ სააკაშვილს ჰქონდა მცდელობა და შემდეგ ივანიშვილი გვპირდებოდა აღდგენას, მაგრამ..."

"წყალი წივის და ალდება... სანატორიუმი ძველი რომის არქიტექტურის ელემენტებით იყო აგებული...ქალაქ სიენას საკათედრო ტაძრის ჭერი იტალიაში, რომლის ანალოგიითაც შეიქმნა კურორტ მენჯის სანატორიუმის გუმბათი... თავის მხრივ, ბუნებრივია, ეს სტილი ანტიკური რომიდან (რომის პანთეონი) მოდის" - წერს სოციალურ ქსელში ედიშერ ბაღათურია. მის პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა...

  • მენჯი მეგრული სიტყვაა და მეგრულად მჟავე წყლებს ნიშნავს. ბალნეოლოგიური კურორტის მენჯის მშენებლობა სამეგრელოში 1938 წელს დაიწყო... შემდეგ იყო თვალწარმტაცი, ტურიზმის ქალაქი და უამრავი დასაქმებული ადამიანი. მენჯში საბჭოთა კავშირის თხუთმეტივე რესპუბლიკიდან ჩამოდიოდნენ სამკურნალოდ.. ბალნეოლოგიური კურორტის შესახებ ადგილობრივ მოსახლეობას გავესაუბრეთ...

ისტორიკოსი სენაკიდან ნათია დავითაია:

- მენჯის სანატორიუმის ნანგრევებშიც კი ჩანს შენობების უნიკალურობა! რომაული ანტიკური ხანის კულტურის ელემენტებია გადმოტანილი შენობის აგებისას. ვიცით, თუ როგორი პომპეზურობა ახასიათებდათ კომუნისტებს და აქაც კარგად ჩანს ეს ყველაფერი. რომაული კულტურის ელემენტების გადმოტანით საკუთარ პომპეზურობას უსვამდნენ ხაზსო, ასეა ცნობილი. მენჯის ბალნეოლოგიური კურორტის სანატორიუმი მართლაც ბრწყინვალე ნაგებობაა! მე ერთი წლის წინ გახლდით და განცვიფრებული ვიყავი - ნანგრევებშიც როგორი დიდებულებაა...

მენჯის სანატორიუმი - ფოტო: ედიშერ ბაღათურია

- როდის დაარსდა ეს კურორტი?

- მენჯს 1938 წელს მიენიჭა საკავშირო კურორტის წოდება, შენდებოდა 1920-30-იან წლებში. ერთ და ორ წელში ვერ აშენდებოდა ასეთი კურორტი... მენჯში საბჭოთა კავშირის თხუთმეტივე რესპუბლიკიდან ჩამოდიოდნენ სამკურნალოდ მთელი წლის განმავლობაში. მხოლოდ სეზონური კურორტი არ იყო, წლის ოთხივე სეზონზე ხალხი აქტიურად მოედინებოდა... საინტერესოა, რომ მენჯს დამსვენებლებმა და სამკურნალოდ ჩამოსულმა ხალხმა "ყავარჯნების სამარე" უწოდა. ძირითადად სახსრების სამკურნალოდ ჩამოდიოდნენ ყავარჯნებით და უკან წასასვლელად ყავარჯნები აღარ სჭირდებოდათ, აქ ტოვებდნენ. მენჯში უნიკალური წყლებია, რომელსაც მეცნიერები იკვლევდნენ და ლატვიელ მეცნიერს რობერტს კუპცისს მენჯისთვის - საქართველოს მაცესტა უწოდებია. მაცესტა, მოგეხსენებათ, ძალიან ცნობილი კურორტია სოჭთან ახლოს, მსოფლიო მნიშვნელობის.

- როდის და რატომ იქცა ნანგრევებად ეს უნიკალური კურორტი?

- 1999 წელს დავიბადე და სამწუხაროდ, ვერ მოვესწარი ამ ადგილის ძველი დიდებით ხილვას, მაგრამ ის რაც იყო შემორჩენილი, თავიდანვე მანცვიფრებდა და აღმაფრთოვანებდა.. ბავშვობიდან მუდმივად მქონდა განცდა, რომ აქ სხვა სული სუფევდა, რაღაც განსხვავებული და ახლა ვხვდები, რომ ეს სანატორიუმის არქიტექტურული გადაწყვეტით ხდებოდა. თუ კარგად დავაკვირდებით ძალიან ჰგავს რომაულ არქიტექტურას, რომში ერთ-ერთი წარმართული ტაძარია, შემდეგ ის ქრისტიანულად გადააკეთეს... და აი, ახლა სიტუაცია მკვეთრად არის შეცვლილი, რადგან დრო-ჟამი ყოველივეს მუსრს ავლებს.

როგორც ჩანს, ყველაფრის აღდგენა ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.. სანატორიუმში, სადაც დამსვენებლები ჩამოდიოდნენ, დღემდე აფხაზეთიდან დევნილები არიან შესახლებული... დღეს მენჯში ადგილზე არანაირი ხელშემწყობი პირობები არ არის მკურნალობისთვის, მაგრამ ჭაბურღილები ჩვეულისამებრ ხელმისაწვდომია. საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩადიან ადამიანები და მოაქვთ წყლები, ვინც იცის, რამდენად უნიკალური, სამკურნალო თვისებები აქვს.

შოთიკო ყურუა, ფილოლოგი მენჯიდან:

- დღეს შემორჩენილია მთავარი ბირთვი, რომელიც კურორტიდან რამდენიმე კილომეტრით არის დაშორებული, ეს გახლავთ ის ცნობილი გოგირდოვანი წყალი, რომლის გამოც ხალხი მოკავშირე რესპუბლიკებიდან ჩამოდიოდა. ამ წყლის სათავე დღემდე შემორჩენილია და სწორედ იმ ადგილზევე ხორციელდება დამსვენებლების, ავადმყოფების მიღება. ძირითად ნაწილს ხანდაზმულები წარმოადგენენ, რადგან მათ გაუგიათ ამ წყლის საოცარი თვისებების შესახებ. დროთა განმავლობაში შესამჩნევია ნაკადის მომძლავრება, რაც მიანიშნებს წყლის სამკურნალო თვისებების ჭეშმარიტებაში. სამწუხაროდ, იმ კონკრეტულ ადგილს წლების განმავლობაში არანაირი ყურადღება არ ექცეოდა! მახსოვს ბავშვობაში ერთმა თანასოფლელმა ქალმა, ნათელა ვართაგავამ ჩამოკიდა კარი, რათა საქონელს არ დაებინძურებინა ეს ადგილი. გულბოროტი და შურიანი ადამიანები წყლის მთავარ მილს ხშირად ქვებით ავსებდნენ. დღეს ასე თუ ისე, იქ აბანოს მიღება შესაძლებელია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და საოცარი ამ წყალში ის არის, რომ ის წივის, ალდება - ეს კი ბევრს აღაფრთოვანებს. მენჯში კიდევ რამდენიმე წყაროა, რომელთა შესახებ ძალიან ცოტამ თუ იცის.

პირადად მე არასდროს ვარ ნამყოფი სოხუმში, მაგრამ ხშირად მეუბნებიან, რომ მენჯი ძალიან ჰგავს სოხუმს! შეგვიძლია ტურისტებად ჩავთვალოთ ის ადამიანები, რომლებიც სამკურნალოდ მოდიან და საოჯახო სასტუმროებში რჩებიან. ერთგან ძალიან მდუღარე წყალიც მოჩქეფს, რომელშიც თითს ვერ ჩაყოფთ. წლების განმავლობაში ეს ცხელი წყალი მდინარეში უაზროდ იღვრებოდა. შემდეგ კი ის გამოიყენეს სათბურების გასათბობად. ჩვენი სოფლის 2 ძალიან კარგი ახალგაზრდა ცდილობდა ამ ადგილის პოპულარიზებას: ერთ-ერთია თათია ნაჭყებია და მეორე ირინა სალაყაია, რომელმაც სწორედ მენჯის ბალნეოლოგიურ კურორტზე დაწერა საბაკალავრო ნაშრომი თბილისის ეროვნულ უნივერსიტეტში.

ფოტო: ედიშერ ბაღათურია

- როგორც ვიცი ტენდერია გამოცხადებული შესაძენად...

- ტენდერი გამოცხადებულია ამ ადგილის შესყიდვისათვის. ასევე გიორგი გახარიას პრემიერობისას და მანამდეც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობაშიც, ჩინელი ინვესტორები რამდენჯერმე გვეწვივნენ, ჯერ უშედეგოდ!

მენჯის ბიბლიოთეკის თანამშრომელი იზოლდა სუორდია:

- მენჯი წარსულში რესპუბლიკური მნიშვნელობის კურორტი იყო, ხალხში ყავარჯნების სასაფლაოდ მოიხსენიებდნენ... მენჯის ტერიტორიაზე მიწის წიაღიდან ბუნებრივი დინებით ამოედინება გოგირდ-წყალბადოვანი წყლები, რომლის სამკურნალო ღირსებები მსოფლიოს დიდი ნაწილისთვის იყო ცნობილი. დღეს კურორტი არ ფუნქციონირებს, 90-იანი წლების ცნობილ მოვლენებს ინფრასტრუქტურა სრულიად შეეწირა. თუმცა სამკურნალო წყლებს დღესაც სტუმრობენ ამ წყლის თვისებების უნიკალურობაში დარწმუნებული დამსვენებლები, რომლებიც აბაზანებს პრიმიტიულად აშენებულ შენობაში იღებენ და ბინად ადგილობრივ მოსახლეობასთან რჩებიან. ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს ამგვარი ღირსების მქონე წყლის პოტენციალი გამოუყენებელია და უმიზეზოდ მდინარე ცივში ჩაედინება. სოფელ მენჯში მდინარე ცივის ხეობაში აგრეთვე მოედინება ცხელი გოგირდოვანი წყალი, რომელსაც კანის დაავადებებზე გამოიყენებენ. თუმცა მათ სათბურების გასათბობად, ბოსტნეულის მოსაყვანად იყენებენ.