ავტორი:

"ხელფასი აქვს ნებისმიერს, ვინც უკრაინის არმიასთან კონტრაქტს აფორმებს, მაგრამ ეს ისეთი ხელფასი არ არის, ტყვიისთვის შუბლის შეშვერად რომ ღირდეს" - ქართველი მებრძოლის ინტერვიუ ფრონტის ხაზიდან

"ხელფასი აქვს ნებისმიერს, ვინც უკრაინის არმიასთან კონტრაქტს აფორმებს, მაგრამ ეს ისეთი ხელფასი არ არის, ტყვიისთვის შუბლის შეშვერად რომ ღირდეს" - ქართველი მებრძოლის ინტერვიუ ფრონტის ხაზიდან

"ომში მყოფი კაცი, ყოველდღე სიკვდილს უყურებს თვალებში... ბრძოლის ველზე სიკვდილი პატივია, ბედნიერი ვიქნები, თუ იდეისთვის მოვკვდები, ნურც თქვენ შეგეცოდებით, უბრალოდ, იამაყეთ ჩვენით“, - ეს უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ნადიმ ხმალაძის სიტყვებია. ამბობს, რომ ახალგაზრდობისას მეამბოხე იყო და საბჭოთა ჯარში პროტესტის ნიშნად არ იმსახურა. საბრძოლო გამოცდილება მოგვიანებით, 90-იან წლებში შეიძინა. მისი თქმით, 12 წელი გასამხედროებულ საწარმოში იმუშავა, სამხედრო წვრთნებიც გაიარა და სნაიპერის კვალიფიკაციით გაუხმაურებელ ოპერაციებშიც მიიღო მონაწილეობა. ამ თემასთან დაკავშირებით საჯაროდ ლაპარაკი არ სურს, მაგრამ მზად არის, უკრაინაში წასვლის მოტივებსა და მიზნებზე ყველაფერი გულახდილად გვიამბოს.

ნადიმ ხმალაძე:

- უკრაინაში ომის დაწყებამდე ანტისაოკუპაციო ორგანიზაციის "ძალა ერთობაშია“ წევრი ვიყავი. ჩემი დილა, 6 საათიდან იწყებოდა. წლის 365 დღიდან 300 დღე პატრულირებაში მაქვს გატარებული. დღეების, ზოგჯერ კვირეების განმავლობაში საოკუპაციო ხაზთან ვათენებდი და ვაღამებდი. ამასობაში ძალიან ბევრი ბოღმა დამიგროვდა. გულზე ვსკდებოდი, როდესაც ჩემი ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს უფლებააყრილებს და დაშინებულებს ვხედავდი. იმის უფლებაც კი არ ჰქონდათ, რომ საოკუპაციო ხაზთან ახლოს მისულიყვნენ - 10, 15 მეტრის მოშორებით უნდა მდგარიყვნენ. ვერც თავად მიდიოდნენ და არც ჩვენ გვიშვებდნენ. ვეუბნებოდით, - ეს 10, 15 მეტრი ხომ ჩვენი კონტროლის ქვეშ არის, რატომ არ გვიშვებთ-მეთქი. სუს - ი და ადგილობრივი პოლიცია ჩვენ დაგვდევდა, შეიარაღებული ორკები, ზედ გამყოფ საზღვართან იყვნენ მომდგრები და "ნაგლად" გვიყურებდნენ.

როდესაც ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოდიოდნენ და ხნულებს ავლებდნენ, ჩვენი შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ჩვენ გვეუბნებოდნენ, დამშვიდდით, სიტუაციას ნუ გავამწვავებთო. ასეთ დროს უსუსრობის განცდა მაგიჟებდა. ის ნაძირლები, ჩემს მიწაზე მოხოხავდნენ და მე ხმის ამოღების უფლება არ მქონდა. გულახდილად გეტყვით, აი, ამ ჯავრის ამოსაყრელად წავედი უკრაინაში.

მე და ჩემი ბიჭები 28 თებერვალს უკვე აეროპორტში ვიყავით. ჩვენთვის გამოგზავნილი ჩარტერული რეისი თბილისის აეროპორტში რომ არ დასვეს, მაშინვე ჩემ მანქანაში ჩავჯექი, ექვს კაცთან ერთად და ბათუმში წავედი. სარფის გავლით დავტოვე საქართველო. ჯერ ტრაპზონში ჩავედით, მერე სტამბოლში, ბუდაპეშტი და პოლონეთიც გავიარეთ... მოკლედ "ჯარისკაცის მამისა" არ იყოს, ყველა ტრანსპორტით ვიარეთ - მანქანით, მატარებლით, ცხენით, ფეხით და 4 მარტს უკვე ლვოვში ვიყავით.

- რა დაგხვდათ უკრაინაში?

- სრული კოშმარი. გამოგიტყდებით, კიევში რომ შევედი, შემეშინდა. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე (ბიზნესი მქონდა), ხშირად მიწევდა იქ ჩასვლა. სიცოცხლით სავსე კიევი მახსოვდა და გაუკაცრიელებული ქალაქი დამხვდა. ქუჩები, სადაც 4-5-საათიანი საცობები მახსოვდა, ახლა ადამიანებისგან სრულიად დაცლილი იყო, მხოლოდ ბლოკ-პოსტები, რკინის ბარიერები და შეიარაღებული ხალხი ჩანდა. ასეთი კადრები მხოლოდ საშინელებათა ფილმებში მქონდა ნანახი. ერთ-ერთ დასავლურ ბაზაზე მოვხვდი. ნატოს სტანდარტებით გავიარეთ წვრთნა, რის მერეც შეგვაიარაღეს. პრეზიდენტი ზელენსკის ინიციატივით შექმნილ საერთაშორისო ინტერნაციონალურ ლეგიონში მოვხვდი. ამ ლეგიონში 20 სხვადასხვა ქვეყნიდან იყვნენ მოხალისეები, მეთაური კი ქართველი იყო. მის სახელს ვერ ვიტყვი, არ მაქვს ამის უფლება.

აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ძალიან დიდი წვლილი აქვს ამ ომში ქართველებს. მარტო მამუკა მამულაშვილს ათას სამასზე მეტი კაცი ჰყავს ლეგიონში. (სხვათა შორის, მეც იქ ვიქნებოდი, რომ არა საერთაშორისო ლეგიონი). ასევე არიან "ქართველი პარტიზანები", "კავკასიური ლეგიონი" და ა.შ. ამ ომში უცხოელ მეომრებს შორის ყველაზე მეტი ქართველია.

- ამას რით ახსნით?

- იმით, რომ ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია. ქართველებს მტრის ჯავრი გვახრჩობს, ხელისუფლება კი არაფერს აკეთებს. იმაზე არაფერს ვიტყვი, "ქართული ოცნება“ თავდაცვას რომ არ აძლიერებს, დიპლომატიური თვალსაზრისით აკეთებს რამეს?! მე მრჩება განცდა, რომ არა! უფრო მეტიც, მგონია, ხალხის რომ არ ეშინოდეს, მთლიან საქართველოს ჩააბარებდა რუსეთს. მებრძოლი სულის ადამიანს რა გააჩერებს შინ, როდესაც იცის, რომ მისი მტერი მის მეგობარს ესხმის თავს?!

- ბოლო დროს ხშირად საუბრობენ, უკრაინაში მებრძოლი ქართველების ხელფასებზე...

- მე არაფერი მაქვს დასამალი. ხელფასი აქვს ნებისმიერ მებრძოლს, რომელიც უკრაინის არმიასთან კონტრაქტს აფორმებს, მაგრამ ეს ისეთი ხელფასი არ არის, ტყვიისთვის შუბლის შეშვერად რომ ღირდეს, ამ თანხით მხოლოდ საჭმელს, სიგარეტს და წყალს იყიდი, მეტს ვერაფერს. ჯარისკაცებს შორის არიან მოხალისეები, რომლებიც უარს ამბობენ კონტრაქტზე. ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ ფული საერთოდ არ აინტერესებთ. მათ თავი ვალანტიორების ხარჯზე გააქვთ. რას აძლევს ვალანტიორი ჯარისკაცს? - სიგარეტს, პროდუქტს და წყალს, ხანდახან შეიძლება, თბილი ჩექმაც გაუგზავნოს, ფული გამორიცხულია. სხვათა შორის, ქართველების 60, 70%-ს ვალანტიორები ინახავენ. ზოგიერთი საკუთარ თავსაც ინახავს და სხვებსაც ეხმარება.

- როგორ?

- აქ ბევრია ისეთი, ვისაც ევროპაში ბიზნესი ჰქონდა, ან ისევ აქვს. მილიონერი არ ვარ, მაგრამ პატარა ბიზნესი მეც მაქვს, რომლის წყალობითაც, საქართველოში ანტისაოკუპაციო ჯგუფს ვეხმარებოდი, ახლა აქ ვცდილობ ბიჭებს შევეშველო. ერთხელ ბიჭებს საბურავები დასჭირდათ, უცებ ვერაფერი მოვახერხე და ვალანტიორებისთვის, სოციალურ ქსელში დავწერე. საქართველოდან ერთი ოქროს გოგონა, ანი ქავთარაძე გამომეხმაურა. ჩვენი ბიჭებისთვის ფული აუგროვებია. საბურავებიც უყიდეს და რამდენიმე ხელი თბილი ფორმაც. მისი სიკეთე გადამდები აღმოჩნდა, საიდან აღარ გვეხმიანებოდნენ ქართველები, ამერიკიდან, ევროპიდან...

ძალიან ბევრს აღმოაჩნდა ჩვენი ბიჭების დახმარების სურვილი. აღარ ჩერდება ხალხი. მინდა იცოდეთ, რომ მხოლოდ ფინანსურ დახმარებაში არ არის საქმე. ქართველი ხალხის გამხნევება, მხარდაჭერის გამოხატვა, დალოცვა - ძალიან მნიშვნელოვანია, უდიდეს სტიმულს გვაძლევს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ ჩაიდინა.

- რას გულისხმობთ?

- ჩვენი ბიჭების დისკრედიტაციის მცდელობას, რომ თითქოს "ნაიომნიკები" ვიყავით. ამან მოგვკლა და გაგვანადგურა. ხშირად ვსაუბრობდით, განვიხილავდით, რა შეიძლება ყოფილიყო ჩვენი ხელისუფლების ასეთი ქცევის მიზეზი. ძალიან ცუდი დასკვნები გამოვიტანეთ. არ მგონია, "ქართულ ოცნებას“ არ სცოდნოდა, რომ "ნაიომნიკები" ომში ჩართვის სანაცვლოდ ოთხნიშნა ციფრზე პატარა თანხას რომ არ სჯერდებიან. ქართველების უმრავლესობა კი აქ ან სრულიად უფასოდ იბრძვის, ან მხოლოდ ჩვეულებრივი ჯარისკაცის ხელფასი აქვს. ჩვენ აქ რუსეთზე შურისძიებისთვის ვართ. ეს ყველაფერი კარგად იცის ჩვენმა მთავრობამ. საქმე იმაშია, რომ მათ ტალახის სროლა კონკრეტული ამბის შემდეგ დაგვიწყეს. ეს ამბავი კი მაშინ დაიწყო, როდესაც რუსებმა ბახმუტთან ოთხი ქართველი ერთად მოკლეს. ქართველებმა კი შური იძიეს. შურისძიებას რუსებში დიდი ამბები მოჰყვა და ჩვენი დისკრედიტაციის მცდელობამაც არ დააყოვნა.

- ბატონო ნადიმ, თქვენ მითხარით, რომ სიკვდილს ყოველდღე უყურებთ თვალებში. იქნებ გვიამბოთ ამბავი, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ?

- ერთ ძალიან ტრაგიკულ ამბავს გიამბობთ, რომელსაც სასაცილო ისტორიაც ახლავს. დიახ, ნუ გიკვირთ, ომშიც ხდება სასაცილო ამბები... 17 მარტი იყო, ჩასაფრებაში ვიყავით. პირველი შეტევა მაღალ დონეზე ჩავატარეთ, გავანადგურეთ რაშისტები, მაგრამ დრონებმა დააფიქსირეს ჩვენი ლოკაცია. წესით, იმ ადგილზე აღარ უნდა დავბრუნებულიყავით, მაგრამ დავბრუნდით. სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებს შორის 30 ქართველი ვიყავით. ალყაში მოგვაქციეს, 10 საათის განმავლობაში გვბომბავდა არტილერია 120 - მილიმეტრიანი ჭურვებით, ფეხდაფეხ მოგვყვებოდა ის ოხერი ჭურვები. ასე გავიარეთ დიდი მანძილი ფეხით, ზურგზე 28-კილოგრამიანი აღჭურვილობით. ჩვენი ორი მებრძოლი დათო რატიანი და გია ბერიაშვილი მაშინ დავკარგეთ. მე აფეთქების შედეგად გამოწვეულმა წნევამ დაახლოებით 6 მეტრზე გადამისროლა. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე გეუბნებით, ჰაერში გავფრინდი და მერე უგონოდ დავეცი. საკმაოდ ძლიერი კანტუზია მივიღე. მე არაფერი მახსოვს, მაგრამ როგორც ბიჭები მიყვებიან, ავმდგარვარ ფეხზე, ტანსაცმლიდან მტვერი ჩამომიფერთხავს, თმები გამისწორებია, მერე ჩაფხუტი მომიძებნია, გამიწმენდია და ისე დამიხურავს თავზე. ამ ყველაფერს მშვიდად და აუჩქარებლად ვაკეთებდი ბომბების წვიმაში. ხეების უკან ამოფარებული ბიჭები თურმე გაოგნებულები მიყურებდნენ, თან ერთმანეთს ეკითხებოდნენ, - რას შვრება ეს კაცი, ხომ არ გაგიჟდაო. მერე სიცილი ატყდომიათ, მეხუმრებოდნენ, - ხომ მაინც ჩაფხუტი უნდა დაგეფარებინა, თმებს რაღას ისწორებდიო. რა ვიცი, აბა, რატომ ვისწორებდი, არაფერი მახსოვს.

- ზარინით როგორ მოიწამლეთ?

- ეს გოსტომელში მოხდა. ერთ-ერთ შენობაში წმენდაზე შევედით. მე როგორც მზვერავი, ბიჭებზე 15, 20 მეტრით წინ მივდიოდი. კარებში რომ შევდიოდი, სათლი მომედო ფეხებში. ის იყო ფეხი უნდა მეკრა, რომ გავიფიქრე, დანაღმული არ იყოს - მეთქი და ჰაერში გავაჩერე ფეხი, მართლაც, ოთხი ყუმბარა იყო მიმაგრებული ზედ. შენობიდან უკან გამოსულებმა შევნიშნეთ, შესასვლელში დაყრილი აირწინაღები. მაშინვე ვერაფერს მივხვდით. ღამე დავიძინე და დილით ძლივს ავდექი. კედელ-კედელ ძლივს გავიარე, პირის დასაბანად რომ მივედი, სარკეში ჩავიხედე, შემეშინდა, ერთიანად შეშუპებული ვიყავი. იმ დღეს გახდა ცნობილი, რომ რუსებმა ზარინი გამოიყენეს, ჩემი შემთხვევაც ამას დაუკავშირეს და მაშინვე ანტიდოტი გამიკეთეს. კიდევ კარგი, თორემ მე ახლა თქვენთან საუბარს ვერ შევძლებდი. 33 დღე ვიყავი კლინიკაში, გადასხმებით გამიწმინდეს ორგანიზმი, მერე მოგვიანებით ამერიკაში გამიშვეს სამკურნალოდ. ჩემთან ერთად ბიჭებიც მოიწამლნენ, მაგრამ მსუბუქად. მე მათზე დიდხანს, დაახლოებით 7,8 წუთი მომიწია ზარინით მოწამლულ შენობაში ყოფნამ, რადგანაც მათზე წინ მივდიოდი. ბიჭები 4 წუთში გამობრუნდნენ უკან.

- ოჯახის წევრები რას გეუბნებიან, როდესაც თქვენს შესახებ ასეთი ამბები ესმით, შინ დაბრუნებას არ გთხოვენ?

- ოჯახი ომში წამოსვლის გამო დავკარგე. მიიჩნიეს, რომ ვუღალატე, ვინაიდან სიკვდილზე წამოვედი. რას ვიზამთ, ასეც ხდება. მადლობა იმ ადამიანებს, ვისაც ჩემი, ჩვენი ესმის. ერთმა ადამიანმა მითხრა, - "ფეისბუქში" შენს ექაუნთზე მწვანე რომ ანათებს, მშვიდად ვარ, ე.ი. ცოცხალი ხარო. ომში მყოფი კაცია ასეა, ერთ წუთში რომ ხარ, შეიძლება მეორე წუთში აღარ იყო, მაგრამ სიბრალული არ მჭირდება. მე ბრძოლის ველზე, ჩემი სამშობლოსთვის სიკვდილი ბედნიერებად მიმაჩნია. თქვენც ნუ შემიცოდებთ, იამაყეთ ჩვენით, იცოდეთ, რომ სამი ათასზე მეტი ქართველი მზად არის საკუთარი მკერდით შეაჩეროს რუსული ტყვია.

ავტორი: ხათუნა ბახტურიძე