ავტორი:

იულია ტიმოშენკო სკანდალში ეხვევა - უკრაინული მედიის მტკიცებით, მან საახალწლო დღეები დუბაიში გაატარა

იულია ტიმოშენკო სკანდალში ეხვევა - უკრაინული მედიის მტკიცებით, მან საახალწლო დღეები დუბაიში გაატარა

უკრაინული მედია სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს - უკრაინის სახალხო დეპუტატმა, პარტია "ბატკივშჩინას“ ლიდერმა იულია ტიმოშენკომ ახალი წლის დღეები დუბაიში გაატარა, ფოტო და ვიდეო მასალას გამოცემა "უკრაინსკაია პრავდა" ჟურნალისტის მიხაილ ტკაჩის გამოძიებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ტიმოშენკო ხელოვნურ კუნძულ პალმ-ჯუმეირაზე მდებარე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო "კემპინსკის" ნომერში ქმართან ერთად ცხოვრობდა.

გამოცემის წყაროების თანახმად, დუბაიში ტიმოშენკო სიფრთხილეს იჩენდა. შეუძლებელი იყო მისი დანახვა, მაგალითად, სანაპიროზე, სადაც ადგილობრივ დამსვენებლებს უყვართ დილა-საღამოს სეირნობა.

სასტუმროდან გასვლისას "ბატკივშინას“ ლიდერი მანქანაში მიწისქვეშა ავტოსადგომზე ჯდებოდა. მიუხედავად ამისა, ჟურნალისტებმა მაინც მოახერხეს 5 იანვარს ტიმოშენკოსა და მისი მეუღლის გადაღება სასტუმროს კერძო დახურულ სანაპიროზე.

თუმცა, როგორც კი ტიმოშენკომ დაინახა, რომ ყურადღება მიიქცია, სანაპირო დაუყოვნებლივ დატოვა. უკრაინული მედია წერს, რომ ტიმოშენკო კიევში ხუთი დღის შემდეგ დაბრუნდა.

ტიმოშენკოს მეუღლე ალექსანდრე

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე პოლიტიკოსი, ქალიშვილის ოჯახთან ერთად, დუბაიში გადავიდა საცხოვრებლად.

შეგახსენებთ, რომ საზღვარგარეთ დასასვენებლად ან სხვა არასახელმწიფო მიზნით გამგზავრებას თანამდებობის პირები ვეღარ შეძლებენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 24 იანვარს განაცხადა.

“არსებობს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს პრინციპული გადაწყვეტილება თანამდებობის პირების საზღვარგარეთ მოგზაურობის შესახებ. ის შეეხება ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვადასხვა დონის ყველა თანამდებობის პირს. ეს ეხება სამართალდამცავებს, სახალხო დეპუტატებს, პროკურორებს და ყველას, ვინც უნდა მუშაობდეს სახელმწიფოსთვის და სახელმწიფოში. სურთ ახლა დასვენება - დაისვენებენ სახელმწიფო სამსახურის მიღმა. საზღვარგარეთ დასასვენებლად ან სხვა არასახელმწიფო მიზნით გამგზავრებას თანამდებობის პირები ვეღარ შეძლებენ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ხუთი დღის განმავლობაში მინისტრთა კაბინეტმა უნდა შეიმუშაოს საზღვრის გადაკვეთის პროცედურა თანამდებობის პირებისთვის ისე, რომ საზღვრის გადაკვეთის მიზეზი მხოლოდ რეალური სამუშაო ვიზიტი იყოს.