ავტორი:

"გამორიცხული არ არის, რომ ხალხი, რომელმაც 2021 წლის ოქტომბერში, საქართველოში ჩემი დაბრუნება დაგეგმა, რუსეთის ჩანერგილი აგენტები იყვნენ" - სააკაშვილი

"გამორიცხული არ არის, რომ ხალხი, რომელმაც 2021 წლის ოქტომბერში, საქართველოში ჩემი დაბრუნება დაგეგმა, რუსეთის ჩანერგილი აგენტები იყვნენ" - სააკაშვილი

საქართველოს მთავრობა რუსეთისთვის სასარგებლო ინსტრუმენტია საერთაშორისო სანქციებისთვის გვერდის ასავლელად, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხელ სააკაშვილმა გერმანულ გამოცემა Spiegel-თან ინტერვიუში განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, მისმა წინამორბედმა დიმიტრი მედვედევმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არა მხოლოდ მისი ფიზიკურად განადგურების, არამედ საქართველოში დაკავებისა და გასამართლების ბრძანება გასცეს.

“რუსეთის გარდა მსოფლიოში სხვა არც ერთმა ქვეყანამ არ აღიარა ჩემ წინააღმდეგ ბრალდებები ან განაჩენები. საქართველოში დაბრუნება მინდოდა, მაგრამ დრო იყო ცუდი - ასე ახლოს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყებამდე. გამორიცხული არ არის, რომ ხალხი, რომელმაც 2021 წლის ოქტომბერში საქართველოში ჩემი დაბრუნება დაგეგმა, რუსეთის ჩანერგილი აგენტები იყვნენ...

სიმართლე გითხრათ, ჩემი დაბადების ქვეყანა დიდი ხანია, რაც პუტინის ფარული მოკავშირე გახდა”, - ამბობს სააკაშვილი.

სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ის, რაც მის თავს ხდება არის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისადმი ნათელი "მესიჯი".

“მან [ზელენსკიმ] რუსეთის აგრესიული ომის დასაწყისისას უარი თქვა ქვეყნის დატოვებაზე, როგორც მე ვქენი, როდესაც 2008 წელს რუსი სამხედროები საქართველოში შემოიჭრნენ… ჩვენ, საქართველოში, მაშინ დავისაჯეთ ჩვენი წარმატებული რეფორმების გამო, ისევე, როგორც ზელენსკი ახლა იხდის ფასს მისი ანტი-ოლიგარქიული პოლიტიკისთვის. პოლიტიკისთვის, რომლის ნაწილი ვყოფილიყავი მქონდა პატივი”, - ამბობს სააკაშვილი.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას, სააკაშვილი აღნიშნავს, რომ თუ ცოცხალი გადარჩება, იგი საკუთარ მომავალს მხოლოდ უკრაინაში ხედავს.

“ამ ქვეყნის ისტორიაში როლი უკვე ვითამაშე და წარმოუდგენლად გამიმართლა, რომ ზელენსკისთან მუშაობის საშუალება მქონდა, რომელსაც თავისუფალი სამყაროს ლიდერად ვხედავ. საპირისპიროდ, ძალიან საცოდავია იმის ყურება, როგორ იქცევა საქართველო კრემლის საიდუმლო მოკავშირედ ამ ომში”, - აღნიშნა სააკაშვილმა.