ავტორი:

არაბი შეიხების უცნობი ცხოვრება, სკანდალები და სისასტიკე - რაში ხარჯავენ მილიონებს და რას მალავენ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი სამეფო ოჯახის წევრები?

არაბი შეიხების უცნობი ცხოვრება, სკანდალები და სისასტიკე - რაში ხარჯავენ მილიონებს და რას მალავენ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი სამეფო ოჯახის წევრები?

მდიდრული სასახლეები, მსოფლიოში უდიდესი იახტები, ძვირფასი მანქანები და ძვირადღირებული ჰობი - არსებობს ლეგენდები არაბი შეიხების ცხოვრებაზე, მაგრამ მათ შესახებ ბევრი რამ საზოგადოებისთვის უცნობია.

არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში რამდენიმე სამეფო ოჯახი ცხოვრობს. სახელმწიფო შედგება სხვადასხვა ზომის შვიდი ტერიტორიისგან - თითოეულ მათგანს ჰყავს შეიხი და ყველგან მოქმედებს აბსოლუტური მონარქია. მმართველს შეუძლია საკუთარ ტერიტორიაზე დააწესოს საკუთარი კანონები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება არაბეთის გაერთიანებულ საემიროების კანონებს. თითოეულ საემიროში ძალაუფლება მემკვიდრეობით გადადის მამიდან შვილზე ან უფროსი ძმიდან უმცროსზე. ზოგიერთი კლანის ისტორია ხუთ საუკუნეზე მეტს ითვლის.

ალ მაკტუმის ოჯახი

მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრემიერ-მინისტრი და ვიცე-პრეზიდენტი, ასევე დუბაის საამიროს მმართველია. თანამდებობები მან 2006 წლის 4 იანვარს უფროსი ძმის მაკტუმ ბინ რაშიდ ალ მაკტუმის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობით მიიღო.

ალ მაკტუმის ოჯახი დუბაის ემირატს 1800-იანი წლებიდან მართავს. ამჟამინდელი მმართველი, მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმი, არის ადამიანი, რომელმაც დუბაი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე მეტროპოლიად აქცია. მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა ცნობილი ხელოვნური პალმის კუნძულები, აშენდა ცათამბჯენები, მათ შორის, ბურჯ ხალიფას შენობა.

მმართველის ერთ-ერთი ვაჟი ჰამდან ბინ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ-მაკტუმი შეიხებს შორის ყველაზე პოპულარულია. ინსტაგრამზე მას 15 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, მეგობრობს ცნობილ ადამიანებთან, მათ შორის კრიშტიანუ რონალდუსთან, უილ სმიტთან, UFC ვარსკვლავ ხაბიბ ნურმაგომედოვთან.

2021 წლის მაისში ხამდანმა გამოაქვეყნა ფოტო თავის ორ შვილთან ერთად - ასე გახდა ცნობილი, რომ მას ვაჟი და ქალიშვილი ჰყავდა. ორი წლით ადრე მედიამ გაავრცელა ინფორმაცია ჰამდანის ქორწინების შესახებ, მაგრამ პრინცის ცოლის შესახებ მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ მისი სახელია შეიხა ბინ საიდ ბინ თან ალ მაკტუმი და მისი ბიძაშვილია.

სიმდიდრე

არაბული მმართველებიდან ყველაზე მდიდარი აბუ დაბის სამეფო ოჯახია, რომლის ქონებას ზოგიერთი წყარო 150 მილიარდ დოლარად აფასებს, ბლუმბერგი კი, მინიმუმ 300 მილიარდ დოლარად. სიმდიდრის წყარო, პირველ რიგში, ნავთობია, მაგრამ არა მხოლოდ. „ისინი ინვესტიციას დებენ ყველაფერში რიანას თეთრეულის ხაზიდან დაწყებული ილონ მასკის SpaceX-ით დამთავრებული, რომელმაც ოჯახი სიმდიდრის უპრეცედენტო დონემდე მიიყვანა“, - წერს ბლუმბერგი სტატიაში.

ოჯახის საკუთრებაში არსებულ აქტივებს შორის, სააგენტოს ცნობით, საფეხბურთო კლუბი მანჩესტერ სიტია.

სხვა არაბი მმართველების მდგომარეობა გაცილებით მოკრძალებულია – თუ ეს სიტყვა შეიხების მიმართ საერთოდ შეიძლება გამოვიყენოთ. მაგალითად, დუბაის ემირის, მუჰამედის ქონება დაახლოებით 18 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

აკრძალულია მმართველთა სასახლეების გადაღება, სამეფო ოჯახების ყოველდღიური ცხოვრების დეტალებზე კი თვითმხილველთა ცნობებიდან და პრესაში გავრცელებული ჭორებით შეიძლება ვიმსჯელოთ. ცნობილია, მაგალითად, რომ ალ ნაჰიანების ოჯახის სასახლეებში აუზები და შადრევნები ივსება ევიანის (ფრანგული კომპანია) მინერალური წყლით. თითოეულ რეზიდენციაში დასაქმებულია ათობით მოსამსახურე, მაშინაც კი, თუ შეიხის ოჯახის წევრები იქ მუდმივად არ ცხოვრობენ, ან საერთოდ არ ყოფილან. პრესა გარდაცვლილი ემირ ხალიფას ესპანურ ვილაზე წერს: გიგანტურ სასახლეში ყოველდღიურად იცვლება თეთრეული და ჰიგიენის ნივთები. თავად მეპატრონე 20 წლის განმავლობაში საკუთარ ვილაში არ ყოფილა.

მთელ მსოფლიოში რეზიდენციების გარდა, შეიხები ყიდულობენ უამრავ სხვა ფუფუნების ნივთებს. მაგალითად, ხალიფას 180 მეტრიანი იახტა Azzam, მსოფლიოში ყველაზე დიდია. შეიხების იახტებს აქვთ საცურაო აუზები, სპორტული დარბაზი, კინოთეატრები და წყალქვეშა ავტოფარეხებიც კი.

პირადი ცხოვრება

შეიხების პირად ცხოვრებას, როგორც წესი, მკაცრად იცავენ, საზოგადოებისთვის მხოლოდ რამდენიმე დეტალია ცნობილი. ისლამის თანახმად, მათ შეუძლიათ ჰყავდეთ რამდენიმე ცოლი, მაგრამ არა უმეტეს სამი ან ოთხი ერთდროულად. ხშირად ისინი ცოლებად ირთავენ ნათესავებს, ძირითადად ბიძაშვილებს.

როგორც წესი, შეიხების ცოლების ვინაობა საზოგადოებისგან დამალულია. ზოგჯერ საიდუმლოდ რჩება მმართველების ქორწინებისა და შვილების ზუსტი რაოდენობაც: მაგალითად, პრესა დუბაის ემირის შესახებ წერს, რომ ის შვიდჯერ იყო დაქორწინებული. მისი პირველი ცოლი 12 შვილის დედაა. პრესაში ასევე ბევრი ინფორმაციაა მუჰამედის მეექვსე ცოლის - იორდანიის ყოფილი მეფის ქალიშვილის, პრინცესა ჰაიას შესახებ. ასევე უცნობია ემირის შვილების ზუსტი რაოდენობა: სხვადასხვა წყაროს მიხედვით, მას 23-დან 30-მდე შვილი ყავს.

თუმცა, მრავალცოლიანობა არ არის თანამედროვე შეიხების ცხოვრების სავალდებულო ნაწილი. ასე რომ, აბუ დაბის მმართველს ხალიფა იბნ ზაიდ ალ ნაჰიანს ჰყავდა ერთი ცოლი და რვა შვილი, მის ძმას მუჰამედსაც ჰყავდა ერთი ცოლი, რომელმაც ცხრა შვილი გააჩინა.

განათლება

ხშირად, არაბეთის გაერთიანებული საემიროების სამეფო ოჯახებიდან შვილები საზღვარგარეთ მიდიან სასწავლებლად - ისინი ირიცხებიან მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მაგრამ შემდეგ ბრუნდებიან სამშობლოში.

სკანდალები

არაბეთის გაერთიანებული საემიროების მცხოვრებლები პატივს სცემენ მმართველებს, მათ წინააღმდეგ ხუმრობა დაუშვებელია და პრესა ცდილობს შეიხების რეპუტაცია სათანადო დონეზე შეინარჩუნოს. თუმცა, სკანდალები არც ისე იშვიათია: ზოგჯერ ბნელი საიდუმლოებები ტოვებს სასახლის კედლებს. ასე რომ, დუბაის ამჟამინდელი ემირის მეუღლის გაქცევის ამბის დამალვა ვერ მოახერხეს. პრინცესა ჰაია, მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმის ცოლი, 2019 წელს ქმრისგან შვილებითა და 39 მილიონი დოლარით ევროპაში გაიქცა, გერმანიაში პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა და განქორწინება მოითხოვა.

მედია წერს, რომ ჰაიამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ღალატში დასდეს ბრალი. ჰაიასა და მის ყოფილ ქმარს შორის დიდ ბრიტანეთში სასამართლო პროცესი რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა: მმართველი ცდილობდა ბავშვების მეურვეობას და მათ დაბრუნებას არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში. სასამართლომ მიიჩნია, რომ შეიხი მიდრეკილი იყო ზეწოლისა და კონტროლისკენ, ამიტომ მას შვილების ნახვის უფლება მხოლოდ სხვისი თანდასწრებით აქვს.

რაც შეეხება პრინცესა ლატიფას, მან პირდაპირ დაადანაშაულა მამამისი სისასტიკეში, მათ შორის მკვლელობაში. გოგონამ ჩაწერა ვიდეო, სადაც ისაუბრა ოჯახში ძალადობასა და წამებაზე. ლატიფას თქმით, 16 წლის ასაკში, მან უკვე სცადა სასახლის დატოვება, მაგრამ მამის ბრძანებით დააბრუნეს, დაატყვევეს და სცემეს.

2018 წელს ლატიფა კიდევ ერთხელ გაიქცა და მას მეგობრები დაეხმარნენ. გადაადგილებისას ინდოეთის სანაპირო დაცვამ დააკავა და დუბაის სამხედროებს გადასცა. ზუსტად არ არის ცნობილი, როგორ განვითარდა პრინცესას ბედი. სოციალურ ქსელებში დროდადრო ჩნდებოდა მისი ფოტოები სხვადასხვა ქვეყანაში მეგობრებთან ერთად, თუმცა სურათების ავთენტურობის დადგენა ვერ მოხერხდა. 2021 წელს პრინცესას თანამოაზრეებმა განაცხადეს, რომ ლატიფა თავისუფალი იყო და სავარაუდოდ ისლანდიაში იყო. ამ ინფორმაციის გადამოწმებაც ვერ მოხერხდა.

ხუთი წლის წინანდელ ვიდეომიმართვაში ლატიფამ თქვა, რომ მისი 19 წლის და, პრინცესა შამსა, ცდილობდა სასახლიდან გაქცევას, მაგრამ ისიც იპოვეს და დააბრუნეს. ლატიფას თქმით, მას შემდეგ შამსა ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ ცხოვრობს, ისინი გოგონას წამლებს ასმევენ, რომლებიც მთლიანად თრგუნავს მის პიროვნებას.

კიდევ ერთი ბნელი ამბავი: ჯერ კიდევ გაურკვეველია რა ბედი ეწია შეიხ მუჰამედ რაშიდის შვილს, რომელიც მამის შემდეგ ტახტის მემკვიდრე უნდა გამხდარიყო. მეფისნაცვალი 33 წლის ასაკში გარდაიცვალა - ოფიციალური ვერსიით, გულის შეტევით. მანამდე დუბაის ემირმა მემკვიდრეს ჩამოართვა ყველა სტატუსი და ტახტზე უფლება, მიზეზი არ დასახელებულა. WikiLeaks-ის ცნობით, მამა-შვილს შორის კონფლიქტის მიზეზი ის იყო, რომ რაშიდმა, სავარაუდოდ, გაბრაზებულმა, ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მოკლა ემირის ოფისის თანამშრომელი.

შარჯას მმართველის, შეიხ სულთან იბნ მუჰამედ ალ-ქასიმის ორი ვაჟი გარდაიცვალა ნარკოტიკული დოზის გადაჭარბებით. ორივე ინგლისში ცხოვრობდა, ერთი 24 წლის იყო, მეორე 39 წლის.

შეიხები ფართომასშტაბიანი წვეულებების დიდი თაყვანისმცემლები არიან, სადაც მსოფლიო ვარსკვლავები მონაწილეობენ. გასულ წლებში, მედია წერდა, რომ ისეთი ცნობილი სახეები, როგორებიცაა ჯასტინ ტიმბერლეიკი, მერაია ქერი, ჯენიფერ ლოპესი, მათ წვეულებებზე მღეროდნენ.

ზოგადად, არაბული მმართველი დინასტიები განსაკუთრებული დახურული სამყაროა, რომელიც მალავს უამრავ ოჯახურ საიდუმლოს და ფართო საზოგადოებისთვის უცნობ დეტალებს.