ავტორი:

"თუ ასე გაგრძელდა, სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდება და შეიძლება ფატალურ შედეგამდე მივიდეთ" - "ვივამედის" კლინიკური დირექტორი გიული ალასანიას მიმართავს

"თუ ასე გაგრძელდა, სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდება და შეიძლება ფატალურ შედეგამდე  მივიდეთ" - "ვივამედის" კლინიკური დირექტორი გიული ალასანიას მიმართავს

დღეს დილით პაციენტი [მიხეილ სააკაშვილი] 69 კგ და 700 გრამს იწონიდა, მაგრამ თუ ასე გაგრძელდება, ხვალ იქნება 68, ზეგ - 65,- ამის შესახებ „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილი დამხმარე საშუალებებით გადაადგილდება, ძირითადად კი მწოლიარე მდგომარეობაშია.

"მკურნალობაში ორი კომპონენტია - სამედიცინო მხარე, რომელიც ცდილობს, პაციენტს დაეხმაროს და პაციენტი, რომელიც უნდა ეცადოს, რომ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ამ შემთხვევაში, თანხვედრა არ გვაქვს. გიული ალასანიას შესვლის უფლება აქვს და მოვუწოდებ, პაციენტი დაარწმუნოს, დაექვემდებაროს რეკომენდაციებს და მიიღოს დანიშნულება. ის გადაადგილდება დამხმარე საშუალებების გამოყენებით, ძირითადად, მწოლიარე მდგომარეობაშია“, - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

მან ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პაციენტმა შეამცირა იმ საკვების მიღებაც კი, რასაც აქამდე იღებდა.

"ჩვენ წინა დღეებში ვისაუბრეთ, რომ კოვიდინფექცია, რომელიც ახლა მას აქვს, შედარებით მსუბუქი ფორმით იყო გამოხატული ლაბორატორიული და სუბიექტური მონაცემებითაც. ყოველ შემთხვევაში, დღევანდელ დღემდე სტაბილური რჩება ჰემოდინამიკური და რესპირატორული მაჩვენებლები. ანუ სატურაცია ნორმის ფარგლებშია და ამ ეტაპზე, დამატებითი ჟანგბადის მიწოდებასაც არ საჭიროებს. მაგრამ მე მინდა განვაცხადო, ბატონი სააკაშვილი უკმაყოფილებას გამოთქვამს მიმდინარე სასამართლო პროცესების მიმართ, უკმაყოფილებას გამოთქვამს თუნდაც კოვიდშეფასების მიმართ, ის, რაც რეალობაა და რა რეალობაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით, რომ საკვებს იღებს არა იმ კალორაჟით და რაოდენობით, რაც არის რეკომენდებული. მან ბოლო დღეებში, განსაკუთრებით გუშინდელი დღის შემდეგ, საერთოდ შეამცირა ამ კალორაჟის საკვების მიღება. საკვები დანამატების მიღებაზეც უარი განაცხადა.

კლინიკა ყველაფერს აკეთებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. სასიცოცხლო ფუნქციების შესანარჩუნებლად შეთავაზებული იყო ინფუზიური თერაპია, რომელიც მისი ორგანიზმისთვის ორგანოების ფუნქციონირებისთვის აუცილებელია, რომ არ მოხდეს რაიმე გართულება, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა. ამიტომ, მინდა გითხრათ, თუ ეს ასე გაგრძელდება, რა თქმა უნდა, მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება. მინდა მოვუწოდო ოჯახის წევრებს, ქალბატონ გიულის, რომ იქნებ მოხდეს ადამიანის დარწმუნება, რომ დაექვემდებაროს ექიმის მკურნალობას, ექიმების რეკომენდაციას. სხვა დანარჩენ შემთხვევაში ამან შეიძლება მართლა მიიყვანოს ფატალურ შემთხვევამდე. ვიმეორებ, კლინიკა ყველა შესაძლებლობას იყენებს გაუმჯობესდეს მისი მდგომარეობა“,- განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.