ავტორი:

"გასაოგნებელია, როცა შეშინებული მედიკოსები მაშველ რგოლად იხმობენ დედას... თუ არ შეგიძლიათ, გადმოგვეცით მიშა და ჩვენ მოვუვლით" - ნიკოლოზ სააკაშვილი

"გასაოგნებელია, როცა შეშინებული მედიკოსები მაშველ რგოლად იხმობენ დედას... თუ არ შეგიძლიათ, გადმოგვეცით მიშა და ჩვენ მოვუვლით" - ნიკოლოზ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის მამა ნიკოლოზ სააკაშვილი "ვივამედის" კლინიკური დირექტორის ზურაბ ჩხაიძის განცხადებას ეხმაურება. ექსპრეზიდენტის მამა ამბობს, რომ ალოგიკურია, როცა მედიკოსები პაციენტის მაშველ რგოლად დედას და ოჯახს იხმობენ.

"ვივამედის დირექტორი ზ.ჩხაიძე მოგვიწოდებს, განსაკუთრებით დედას-გიულის მოვიდეს და დაარწმუნოს პაციენტი რომ იკვებოს და მიიღოს მკურნალობა.მაშინ,როცა მიშა თავისი ფეხით შევიდა კლინიკაში და დღეს რეანიმაციას საჭიროებს. ალოგიკურია!!!!! და გასაოგნებელია, როდესაც შეშინებული მედიკოსები მაშველ რგოლად იხმობენ დედას და ოჯახს.

თუ კლინიკას ვერ ძალუძს პაციენტის მოვლა მაშინ თვით ვივამედიც აქტიურად შეუერთდეს ექსპერტების მოთხოვნას მიშას გაყვანაზე. თუ ესაც არ შეგიძლიათ გადმოგვეცით ოჯახს მიშა და ჩვენ მოვუვლით. ბოლოსდაბოლოს ექიმები ვართ. და კიდევ ერთი დაუყონებლივ მოსამართლე მოვიდეს კლინიკაში და ნახოს პაციენტი. დიდი ექიმობა არაა საჭირო მძიმე მდგომარეობის შესაფასებლად და გადაწყვეტილების მისაღებად" - წერს ნიკოლოზ სააკაშვილი.

ცნობისთვის, ზურაბ ჩხაიძემ ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პაციენტმა შეამცირა იმ საკვების მიღებაც კი, რასაც აქამდე იღებდა.

"ჩვენ წინა დღეებში ვისაუბრეთ, რომ კოვიდინფექცია, რომელიც ახლა მას აქვს, შედარებით მსუბუქი ფორმით იყო გამოხატული ლაბორატორიული და სუბიექტური მონაცემებითაც. ყოველ შემთხვევაში, დღევანდელ დღემდე სტაბილური რჩება ჰემოდინამიკური და რესპირატორული მაჩვენებლები. ანუ სატურაცია ნორმის ფარგლებშია და ამ ეტაპზე, დამატებითი ჟანგბადის მიწოდებასაც არ საჭიროებს. მაგრამ მე მინდა განვაცხადო, ბატონი სააკაშვილი უკმაყოფილებას გამოთქვამს მიმდინარე სასამართლო პროცესების მიმართ, უკმაყოფილებას გამოთქვამს თუნდაც კოვიდშეფასების მიმართ, ის, რაც რეალობაა და რა რეალობაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით, რომ საკვებს იღებს არა იმ კალორაჟით და რაოდენობით, რაც არის რეკომენდებული. მან ბოლო დღეებში, განსაკუთრებით გუშინდელი დღის შემდეგ, საერთოდ შეამცირა ამ კალორაჟის საკვების მიღება. საკვები დანამატების მიღებაზეც უარი განაცხადა.

კლინიკა ყველაფერს აკეთებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. სასიცოცხლო ფუნქციების შესანარჩუნებლად შეთავაზებული იყო ინფუზიური თერაპია, რომელიც მისი ორგანიზმისთვის ორგანოების ფუნქციონირებისთვის აუცილებელია, რომ არ მოხდეს რაიმე გართულება, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა. ამიტომ, მინდა გითხრათ, თუ ეს ასე გაგრძელდება, რა თქმა უნდა, მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება. მინდა მოვუწოდო ოჯახის წევრებს, ქალბატონ გიულის, რომ იქნებ მოხდეს ადამიანის დარწმუნება, რომ დაექვემდებაროს ექიმის მკურნალობას, ექიმების რეკომენდაციას. სხვა დანარჩენ შემთხვევაში ამან შეიძლება მართლა მიიყვანოს ფატალურ შემთხვევამდე. ვიმეორებ, კლინიკა ყველა შესაძლებლობას იყენებს გაუმჯობესდეს მისი მდგომარეობა“,- განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.