ავტორი:

დრონებით თავდასხმა ირანის სამხედრო ქარხანაზე და ძლიერი აფეთქებები  - რა მოხდა ისპაჰანში და რას აცხადებენ ხელისუფლების წარმომადგენლები

დრონებით თავდასხმა ირანის სამხედრო ქარხანაზე და ძლიერი აფეთქებები  - რა მოხდა ისპაჰანში და რას აცხადებენ ხელისუფლების წარმომადგენლები

ირანის ქალაქ ისპაფანში მდებარე სამხედრო ქარხანას წუხელ დრონებით დაესხნენ თავს. ამის შესახებ ირანული საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან. მათი ინფორმაციით, იყო ძლიერი აფეთქებების ხმა.

  • ისპაჰანში მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო მანქანები. როგორც "გარდიანი" წერს, ყოველივე ხდება ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული დაძაბულობის, ასევე "შაჰიდის" უპილოტო საფრენი აპარატების რუსეთისთვის მიწოდების ფონზე, რომლებიც რუსებმა გამოიყენეს უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად.

ზოგიერთი ინფორმაციით, წუხელ, ირანის მასშტაბით, რამდენიმე საათის განმავლობაში რამდენიმე ობიექტზე იყო დრონებით შეტევა, ეს ინფორმაცია დაუდასტურებელია, თუმცა როგორც ირანული სააგენტო IRNA იუწყება, ხანძარი გაჩნდა ქალაქ თავრიზში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში. მათივე ინფორმაციით, ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

  • ირანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ისპაჰანის სამხედრო ქარხანაზე დრონებით თავდასხმა წარუმატებელი იყო, ერთი დრონი საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო და ორი ჰაერში ააფეთქა. მცირედით დაზიანდა ქარხნის სახურავი.

ისპაჰანის პროვინციის გუბერნატორის მოადგილემ, მოჰამედ რეზა ჯან-ნესარიმ სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია და მიმდინარეობს გამოძიება, დგინდება ინციდენტის გამომწვევი მიზეზები და ის, თუ ვინ დგას ამ თავდასხმის მიღმა.

ცნობისთვის, ირანს აქვს რამდენიმე ცნობილი ბირთვული კვლევის ობიექტი და მათ შორის ურანის გარდაქმნის ქარხანა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ირანის სამხედრო, ბირთვული და სამრეწველო ობიექტების გარშემო არაერთი აფეთქება და ხანძარი იყო.

გასული წლის ივლისში ირანში განაცხადეს, რომ დააკავეს დივერსიული ჯგუფის წევრები, რომელიც შედგებოდა ისრაელისთვის მომუშავე ქურთი ბოევიკებისგან და რომ ისინი ისპაჰანში თავდაცვის ინდუსტრიის ცენტრის აფეთქებას გეგმავდნენ.

ისრაელი დიდი ხანია იმუქრება ირანის წინააღმდეგ სამხედრო ქმედებით, თუ ის 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებას დაარღვევს. ისრაელი აცხადებს, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნას ცდილობს, ხოლო ირანი ამას უარყოფს. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ დგას წუხელ მომხდარი თავდასხმის უკან.