ავტორი:

"21 000-ზე მეტმა გულშემატკივარმა გამოხატა პოზიცია" - ლევან ხაბეიშვილის წარმომადგენელს მოლოდინი აქვს, რომ ხაბეიშვილი პირველივე ტურში გაიმარჯვებს

"21 000-ზე მეტმა გულშემატკივარმა გამოხატა პოზიცია" - ლევან ხაბეიშვილის წარმომადგენელს მოლოდინი აქვს, რომ ხაბეიშვილი პირველივე ტურში გაიმარჯვებს

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის წარმომადგენლის ლაშა ფარულავას განცხადებით, ამ დროის მონაცემებით, არჩევნებში ლევან ხაბეიშვილის 21 000-ზე მეტმა მხარდამჭერმა გამოხატა საკუთარი პოზიცია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, აქვს მოლოდინი, რომ პირველივე ტურში ლევან ხაბეიშვილი გაიმარჯვებს.

"ლევან ხაბეიშვილის შტაბი მომზადებული შეხვდა პროცესს. ჩვენ მუდმივ რეჟიმში გვაქვს კომუნიკაცია ჩვენს მხარდამჭერებთან. შტაბიდან გვაქვს ზუსტი ინფორმაცია, რომ ლევან ხაბეიშვილის 21 000-ზე მეტმა გულშემატკივარმა გამოხატა საკუთარი პოზიცია და მხარი დაუჭირა ცვლილებებს. ჩვენმა ათასობით ამომრჩეველმა ვერ შეძლო ხმის მიცემის პროცედურის დასრულება, ვინაიდან, იყო შეფერხება, არ მოდიოდა სმს-ი, ვერ გადიოდნენ ვერიფიკაციას, თუმცა, დღეს კომისია იმსჯელებს და ამ პრობლემას ერთობლივად დავძლევთ. "ნაციონალური მოძრაობის" ყველა გულშემატკივარს, რეგისტრირებულ ამომრჩეველს ექნება შესაძლებლობა, თავისუფლად გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულება და პოზიცია ენმ-ში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით" , - განაცხადა ფარულავამ.

მან იმედი გამოთქვა, რომ დღეს ყველა პრობლემა დაიძლევა.

"შემიძლია პირდაპირ ვთქვა, რომ პირველივე ტურში დასრულდება არჩევნები და პირველივე ტურში გაიმარჯვებს ლევან ხაბეიშვილი. ეს მოლოდინი უკვე ჩვენს კონკურენტებსაც აქვთ",-განაცხადა ფარულავამ.