"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნებში გამარჯვებულმა ლევან ხაბეიშვილმა პირველი კომენტარი საქალაქო სასამართლოს შენობასთან გააკეთა, სადაც მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესია ჩანიშნული.
მისი თქმით, დღეს უპირველესი საკითხი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაა.
"ჩემთვის, ჩემი თანაგუნდელებისა და ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროცესი მიმდინარეობს. დღეს, აქ ამ სასამართლოზე სხვა განცხადებას არ და ვერ გავაკეთებ, 2 საათზე სპეციალურ ბრიფინგზე ვისაუბრებთ მე და ჩემი გუნდი არჩვებზე", - განაცხადა მან. კითხვაზე, სად გაიგო გამარჯვების თაობაზე, განაცხადა: "გზაში ვიყავი, პრეზიდენტ სააკაშვილის სასამართლოზე მივდიოდი..."
შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ხაბეიშვილმა ხმების 52.58%-ს მოიპოვა.
რაც შეეხება სხვა კანდიდატებს - ნიკა მელიამ ხმების 40% აიღო, გიორგი მუმლაძემ 3.68%, ნონა მამულაშვილმა კი 3.73%.
კობა ნაყოფიას თქმით, ენმ-ს თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა 41 264 პირმა მიიღო.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის არჩევნებში ოთხი კანდიდატი მონაწილეობდა: ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი.
იხილეთ ასევე: