ავტორი:

"ევროკომისიის რეკომენდაციების უმრავლესობა შესრულებულია" - პრემიერი

"ევროკომისიის რეკომენდაციების უმრავლესობა შესრულებულია" - პრემიერი

რეკომენდაციების უმრავლესობა უკვე არის შესრულებული, დარჩენილია რამდენიმე რეკომენდაცია, რომელიც გაგზავნილია ვენეციის კომისიაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის ფედერალურ კანცლერთან, კარლ ნეჰამერთან ორმხრივი შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც მან საქართველოს მიერ ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესი შეაფასა.

ღარიბაშვილის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლებას "ძალიან კარგად ესმის, რომ არსებობს გარკვეული კრიტერიუმები და მოთხოვნები, რომელიც უნდა დაკმაყოფილდეს“.

"ეს ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული, ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა. მთელი ჩვენი გუნდი, ხელისუფლება ამ პასუხისმგებლობით და სულისკვეთებით ვმუშაობთ იმ რეკომენდაციებზე, რომელიც წარმოგვიდგინეს და გადმოეცა საქართველოს. პირველივე დღეებიდან ჩვენ დავიწყეთ აქტიურად მუშობა ამ თემაზე. საქართველოს პარლამენტმა გაწია ძალიან დიდი მუშაობა ამ მიმართულებით მთავრობასთან ერთად. რეკომენდაციების უმრავლესობა უკვე შესრულებულია, დარჩენილია რამდენიმე რეკომენდაცია, რომელიც გაგზავნილია ვენეციის კომისიაში. აქ ასევე აუცილებელია ოპოზიციის ჩართულობა, რადგან პირველი რეკომენდაცია, რომელიც ეხება პოლარიზაციის დასრულებას, ამის მიღწევა შეუძლებელია ოპოზიციასთან თანამშრომლობის გარეშე. ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ვართ მზად, რომ კარი გავხსნათ და ოპოზიციასთან იყოს მუდმივი დიალოგი. ეს დიალოგი უნდა იყოს კონსტრუქციულ ფორმატში.

პოლიტიკურ დონეზე უმაღლეს ნიშნულზე არის ურთიერთობა ავსტრიასა და საქართველოს შორის. დღევანდელი ვიზიტი სწორედ ამის დადასტურებაა. კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრათ ჩვენს პატივცემულ სტუმარს. ჩვენ ასევე გვქონდა განხილვა იმის შესახებ, თუ როგორ გავაღრმაოთ ურთიერთობები სხვა მიმართულებით, როგორიც არის ვაჭრობა, ეკონომიკა, ტურიზმი და ინვესტიციები. საქართველო არის ძალიან საინტერესო ადგილი ინვესტიციების განსახორციელებლად“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.