ავტორი:

"შევხედავთ, რამდენად რეალიზდება მათი ხედვები" - ვინ დატოვა თანამდებობა ენმ-ში, რა ხდება პარტიაში ხაბეიშვილის გამარჯვების შემდეგ და რას გეგმავენ "მელიას ფრთის" წარმომადგენლები

"შევხედავთ, რამდენად რეალიზდება მათი ხედვები" - ვინ დატოვა თანამდებობა ენმ-ში, რა ხდება პარტიაში ხაბეიშვილის გამარჯვების შემდეგ და რას გეგმავენ "მელიას ფრთის" წარმომადგენლები

ბლოკჩეინ-სისტემით მიმდინარე ორდღიანი არჩევნების შემდეგ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა, მან 21 656 ხმით გაიმარჯვა. პარტიის თავმჯდომარის ასარჩევად ხმის მიცემა 28 იანვარს, დილის 10:00 საათის შემდეგ დაიწყო და დღეს, 30 იანვარს, 10:00 საათზე დასრულდა. არჩევნებში დარეგისტრირდა 49 638 ადამიანი. მათგან ხმა მისცა - 41 264-მა.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილის არჩევის შემდეგ, პარტიაში პოლიტიკური თანამდებობა რამდენიმე პოლიტიკოსმა დატოვა, რომლებიც არჩევნებში ნიკა მელიას უჭერდნენ მხარს.

  • "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური მდივნის თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო აკაკი მინაშვილმა, ენმ-ს პრესსამსახურის უფროსმა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა გიორგი პატარაიამ. პარტიის საორგანიზაციო მდივნის თანამდებობა დატოვა ბაჩო დოლიძემაც.

"არავინ არ მინდა ეს ბოიკოტად ჩათვალოს. რა თქმა უნდა, ვრჩები პარტიის რიგებში, ვაგრძელებ ბრძოლას იმ რეჟიმთან, რომელსაც ჰქვია დღეს "ქართული ოცნება", - თქვა ბაჩო დოლიძემ. პარტიის დატოვებას მისი არც ერთი წევრი არ აპირებს.

იმის მიუხედავად, რომ არ იზიარებს ახლადარჩეული თავმჯდომარის კურსს, "ნაციონალური მოძრაობის" დატოვებას არც პარტიის ძველი სახე, ნუგზარ წიკლაური გეგმავს.

ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა დღეს ამ პარტიაში გაიმარჯვეს პოლიტიკაზე და პოლიტიკურ იდეალებზე. სანამ მიხეილ სააკაშვილი არის ციხეში, მიმაჩნია, რომ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იქნება ამ პარტიის წევრობა. ვრჩები პარტიაში. არ ვეთანხმები ახალი არჩეული მმართველის კურსს, არც იმ გამონათქვამებს, რაც წინასაარჩევნო პერიოდში გვესმოდა და გავუწევ ოპონირებას ყველა შესაძლო დემოკრატიული წესით, - ამბობს წიკლაური.

არჩევნებში ლევან ხაბეიშვილის გამარჯვებას "ქართულ ოცნებაშიც" გამოეხმაურნენ.

უმრავლესობაში ფიქრობენ, რომ ლევან ხაბეიშვილი პარტიას მეტ დესტრუქციას მოუტანს და მისი თავმჯდომარედ არჩევა "ნაციონალური მოძრაობისთვის“ დასასრულისკენ კიდევ ერთი ფაზაა.

"ლევან ხაბეიშვილი გულწრფელად მემეტებოდა "ნაციონალური მოძრაობისთვის”. "ნაციონალურმა მოძრაობამ” მოუგო საკუთარ თავს, ახლა ვნახოთ, ალბათ "ხაბე“ "ხებეებს“ ჩააცვამს საკუთარ ამომრჩეველს და მოამზადებს რევოლუციისთვის.

ვნახოთ, შემდეგი რა სახალისო შემოთავაზება იქნება მისგან. ეს სახეები არიან დისკრედიტებულები. მათ მხოლოდ და მხოლოდ დესტრუქციის ჟინი აქვთ, რაც წარუმატებელი იქნება ქვეყანაში. მათ ექნებათ ამის მცდელობა, მაგრამ შედეგი მათთვის სასურველი ვერ დადგება“, - აცხადებს უმრავლესობის წევრი, "ხალხის ძალის“ წარმომადგენელი დიმიტრი ხუნდაძე.

  • "ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, ენმ-ის თავმჯდომარე "მისი ფავორიტი" გახდა:

ჩემი ფავორიტი გახდა თავმჯდომარე, "ხაბე“ თავმჯდომარეა, მასხარ, გილოცავ! მეტი რა კომენტარი უნდა გავაკეთო, მთავარ ოპოზიციურ პარტიას ხელმძღვანელობს ჩემი “ხაბე”, მე მგონი, ამით ყველაფერი ნათქვამია ამ პარტიაზე, მის სტრატეგიაზე, ტაქტიკაზე, მის შესაძლებლობებზე.

"ხაბე“ არის სიმბოლო "ნაცების“ – მორჩა! ერთი მინდა ვთხოვო, ახლა პარლამენტიდან გასვლები და ასეთები არ უნდა იყოს. მიეცა შესაძლებლობა, გახდა თავმჯდომარე და ახლა ჩვენ, როგორც საკრებულოს ძველმა გვარდიამ, ყველას უნდა ვაჩვენოთ, მუშაობა როგორ უნდა. პარლამენტიდან გაქცევები, გიჟი ჯაფარას აყოლა, გადავკეტოთ, გადმოვკეტოთ, ეს მცდელობა ბევრჯერ ჰქონდათ, არაფერი გამოუვიდათ, ვერც ხალხი ვერ აიყოლიეს, – აცხადებს ზარქუა.

როგორც ბაჩო დოლიძე ამბობს, ენმ ერთიანობას ინარჩუნებს და მის დაშლაზე ტყუილად ოცნებობს "ოცნება“. მისივე თქმით, დღეს შეიძლება ემოციურ ფონზე კეთდებოდეს განცხადებები, მაგრამ ყველაფერს ცივი გონებით გაანალიზება სჭირდება, "ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენი პოზიცია მაქსიმალურად იყოს გაზიარებული პირველ რიგში პარტიის შიგნით. მოდის პოლიტსაბჭოს, რეგიონალური თავმჯდომარეების და სხვა არჩევნები და ამაში აქტიურად ვიქნებით ჩართულები“, - ამბობს დოლიძე.

- პირველ რიგში, უნდა მივიღოთ ის მოცემულობა, რომელიც გვაქვს. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ამ არჩევნებში ამომრჩევლის დიდმა რაოდენობამ მიიღო მონაწილეობა, დავინახეთ ის, რომ ნახევარი ჩვენი ამომრჩევლის არის იმ პოზიციაზე, რომელსაც იზიარებს ლევან ხაბეიშვილი და ეს უნდა მივიღოთ როგორც მოცემულობა. ამავე დროს, უნდა მივიღოთ ის მოცემულობაც, რომ საკმაოდ დიდია ჩვენი ამომრჩევლის პოზიცია, რომელსაც ჩვენ ვაჟღერებდით, ასე რომ, ამ თვალსაზრისით დღეს მნიშვნელოვანია, მოქმედ თავმჯდომარეს მივცეთ დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა,

ამიტომაც დავტოვეთ მე და ჩემმა სხვა მეგობრებმა ის პოზიცია, რასაც პარტიაში ვიკავებდით, თუმცა რა თქმა უნდა, ვრჩებით პარტიაში და ვაგრძელებთ ბრძოლას იმ ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც ქვეყანაშია. ახლა ჩვენი მთავარი ამოცანაა კონსოლიდირება იმ მთავარი საკითხების გარშემო, რა გამოწვევებიც პარტიას აქვს, ამავდროულად, აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, ჩვენი პოზიციების გამყარება - ეს იქნება ჩვენი ყოველდღიური სამუშაო პარტიაში. მე პირადად, არ ვაპირებ ჩასაფრებულ პოზიციაში ყოფნას, ხელების შვერას შეცდომაზე, ან პრობლემაზე აპელირებას, მაგრამ რა პოზიციაზეც ვიყავი, რა არგუმენტები და შეხედულებებიც მქონდა, რა თქმა უნდა, იმავეზე ვრჩები.

- მას შემდეგ, რაც წინასაარჩევნოდ პარტიაში აირია სიტუაცია, ურთიერთბრალდებებისა და კომპრომატების ომი წავიდა, ერთიანობის შენარჩუნება შესაძლებელი იქნება? ან რამდენად ჯანსაღი იქნება ის?

- ამიტომ ვამბობ, რომ პოზიციას არ ვიცვლი, რა შეხედულებაც მქონდა პროცესების მიმართ, იგივე მექნება და გავაგრძელებ ბრძოლას იმისათვის, რომ პარტიაში თუნდაც, სწორი გაგებით გავლენები გავზარდო, გავაძლიერო. არ უნდა მივატოვოთ ის ადამიანები, რომლებიც იმავე აზრზე და პოზიციაზე იყვნენ, რაზეც ჩვენ. გახსოვთ, ბევრ საკითხთან მიმართებაში ჩვენი შეხედულებები რადიკალურად განსხვავდებოდა. ვფიქრობ, დღეს კრიტიკის და თავდასხმების დრო არ არის, ვინაიდან ეს არასწორად იქნება აღქმული. მე მივულოცე გამარჯვება არჩეულ თავმჯდომარეს, ასე რომ, მივცეთ ლევანს შესაძლებლობა, გაატაროს ის პოლიტიკა, რასაც გვპირდებოდა, სხვა დანარჩენს პოლიტიკური ცხოვრება გვიჩვენებს. პარტიიდან წასვლას არავინ აპირებს, ეს დიდი შეცდომა იქნება.

- ნიკა მელიას და მისი მომხრეების ეს პოზიცია ხომ არ განაპირობა სააკაშვილის შემონათვალმა ციხიდან - "ძალა ერთობაშია“?

- რა თქმა უნდა, ჩვენ მთავარ საკითხებთან მიმართებაში აბსოლუტურად ერთიანები ვიქნებით, პირველ რიგში, ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, ჩვენ მანდ ვართ, მაგრამ ამავდროულად, გავაგრძელებ მუშაობას იმაზე, რომ ის პოზიციები და ხედვები, რაც მე მაქვს, პარტიაში უფრო და უფრო იყოს გაზიარებული, ამ თვალსაზრისით ნამდვილად ვგეგმავ მხარდამჭერების მოგროვება-მობილიზებას, ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესია. ამ შემთხვევაში ერთმა გუნდმა გაიმარჯვა, მოახერხა ის, რომ თავისი პოზიციები უფრო ყოფილიყო პენეტრირებული ამომრჩევლში, შესაბამისად, ეს ცოცხალი პროცესია, ხვალ-ზეგ ამ თვალსაზრისით სხვა მოცემულობა გვექნება, ეს პოლიტიკურად ცოცხალი პროცესია, დემოკრატიული პროცესია.

- თქვენც იზიარებთ იმ მოსაზრებას, რომ ენმ-ში არჩევნები გაყალბდა?

- არ შევალ აღნიშნულ სპეკულაციებში. თქვენ რომ წარმოიდგინოთ ახლა, გადავსებულ "დინამო“ სტადიონზე 1-2 ადამიანის შემოპარვა ამინდს ნამდვილად ვერ შექმნის. დღეს რომ დავიწყო სპეკულირება და იმ პროცესში ეჭვის შეტანა, რომელიც ჩვენ ძალიან მცირე პერიოდში მოვამზადეთ და მართლაც სამაგალითო იყო, მოგვწონს თუ არა შედეგი, ეს არის ის მოცემულობა, რომელიც უნდა მივიღოთ. ასე რომ, დღეს უკვე სპეკულირება გაყალბებაზე, ბოტებზე, ტროლებზე არასწორად მიმაჩნია. დანარჩენი, ყველანი ყველაფერს გავაანალიზებთ - რა იყო, როგორ იყო, რა შეცდომები იყო და მერე შევუდგებით ჩვეულებრივ პოლიტიკურ პარტიულ ცხოვრებას. დღეს ამის დრო არ არის, მივულოცოთ ლევანს გამარჯვება და ვუსურვოთ წარმატებები.

- "დღეს ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა გაიმარჯვეს პოლიტიკაზე და პოლიტიკურ იდეალებზე, რაც არის ზიანის მომტანი საერთო საქმისთვის“, - ეს თქვენი თანაგუნდელის, ნუგზარ წიკლაურის სიტყვებია, რასაც, სავარაუდოდ, თქვენც უნდა ეთანხმებოდეთ...

- ვიტყვი, რომ ამის დრო არ არის. ყველაფერი მესმის, ბევრ ამ საკითხთან დაკავშირებით არჩევნებამდე ვსაუბრობდით, მაგრამ მომდევნო დღეების განმავლობაში, მე პირადად, თავს შევიკავებ ამ ყველაფერზე საუბრისგან, რადგან ცუდად იქნება დანახული. მეც არ მომწონს, რომ სულ რაღაც 2 საათის გამარჯვებულ კანდიდატზე დავიწყოთ თავდასხმები, არასწორია ეს ფორმა. ჩვენ უნდა მივეჩვიოთ, რომ დემოკრატიის თვალსაზრისით, შეიძლება რეზულტატი არ მოგვწონდეს, მაგრამ ეს არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ გადავკვეთოთ ის ხაზები, რომელთა გადაკვეთაც ამ შემთხვევაში არ შეიძლება. ეს ყველაფერი წარსულს ჩაჰბარდა და როდესაც იქნება პოლიტიკური ბრძოლის შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, ვიქნებით როგორც შიდაპარტიულ ბრძოლაში, ასევე - გარეთ.

- ხაბეიშვილი მელიას ძირითადად უმოქმედობასა და სააკაშვილის არდახსნასნაში მის არასაკმარისად გარჯას საყვედურობდა. ახლა, მის პირობებში ეს როგორ წარმოგიდგენიათ, შეძლებს იმ ყველაფრის განხორციელებას, რასაც მელიას საყვედურობდა და რა ფორმით? - მართლა შევარდება "ვივამედში“ და გამოიხსნის მას, თუ რას იზამს?

- პირველ რიგში, გულწრფელად ვუსურვებ ლევანს, რომ რეზულტატურად მიაღწიოს იმას, რაზედაც საუბრობდა. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ამ ყველაფერთან მიმართებაში არ ვაპირებ ჩასაფრებულ პოზიციაში ყოფნას, დანარჩენს ყველანი შევხედავთ - რამდენად კონვერტირდება და რეალიზდება კონკრეტული მათი ხედვები, მიდგომები, თუ მოწოდებები კონკრეტულ საქმიანობაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

- მაინც ვის გამარჯვებად მიიჩნევთ შედეგს - კეზერაშვილ-მერაბიშვილის, თუ ხაბეიშვილის?

- ამასთან დაკავშირებით არ დამიმალავს ჩემი პოზიცია, უბრალოდ, დღეს ამ ყველაფერზე საუბარი ძალიან ცუდ ტონად მიმაჩნია, პირველ რიგში, ჩემს თავს ჩავუთვლი ცუდ ტონად. გავიდეს დრო, მივცეთ შესაძლებლობა, რომ ლევანმა და მისმა გუნდმა რაღაც კონკრეტული ნაბიჯები გადადგას, თორემ მე აქამდე დაუფარავად ვსაუბრობდი ბევრი პროცესის შესახებ. კიდევ ვამბობ, პოზიციას არ ვიცვლი და რა პოზიციაზეც ვიყავი გუშინ, იმავეზე ვრჩები დღეს, მაგრამ ამ ყველაფერთან დაკავშირებით ახლა საუბარი ჩემი მხრიდან ნამდვილად არ იქნება კორექტული.

- "ქართულ ოცნებაში“ ლამის ზეიმობენ ხაბეიშვილის გამარჯვებას. რატომ არის მათთვის მისაღები უფრო ხაბეიშვილი, ვიდრე მელია? საპარლამენტო "გირჩმა“ ისიც თქვა, ეს იყო ენმ-სა და "ოცნებას“ შორის შეთანხმება...

- შეთქმულების თეორიებში ნამდვილად ვერ შევალ, მაგრამ ამ საკითხებთან მიმართებაშიც არაერთხელ გამომითქვამს ჩემი პოზიცია. ერთია, რატომ უხარია "ქართულ ოცნებას“, თუმცა მათიც მესმის - არც ახსოვთ, ბოლოს როდის აირჩიეს თავმჯდომარე, პარტიაში რაიმე ტიპის არჩევნები თუ იყო. დამოუკიდებელი აზრის ფორმულირება, ან ჩამოყალიბება, ეს კიდევ ცალკე პრობლემაა. მიუხედავად შედეგისა, ჩვენ კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია მივიღოთ ის მოცემულობა, რომელიც არის, შეგვიძლია დამოუკიდებელი დემოკრატიული პროცესები ჩავრთოთ შიდა პარტიულ ცხოვრებაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სხვა დანარჩენი, გადაბრალება და ა.შ. ძალიან არასწორია.

- "ოცნების“ მხრიდან გაკეთდა ასეთი შეფასებაც, რომ ხაბეიშვილის თავმჯდომარედ გასვლა "ნაციონალური მოძრაობის“ დაშლას მოასწავებს. ენმ-ს დაშლაზე მმართველი გუნდი აქამდეც მუდმივად საუბრობდა...

- "ოცნება“ სულ ტყუილად ფიქრობს და ოცნებობს ასე. ძალიან ბევრ დემოკრატიულ ქვეყანაში, განსაკუთრებით აშშ-ში როდესაც მიმდინარეობს შიდა პრაიმერისი, ბევრი სხვადასხვა პოზიცია და გავლენაა, ანალოგიურადაა ენმ-ში, ესაა ცოცხალი ორგანიზმი. როგორც მანამდე არსებობდა დამოუკიდებელი აზრი და სხვადასხვა შეხედულებები, მომავალშიც ასე იქნება, თუმცა, ეს არანაირ კავშირში არაა არც პარტიის ელექტორალურ დანაკარგთან, არც იმასთან, რომ გადინება მოხდეს პარტიიდან. პირიქით, ჩვენ ვიმუშავებთ იმაზე, რომ ჩვენი აზრი უფრო მეტ ადამიანში იყოს გაზიარებული, ეს არის ჩემი მთავარი ამოცანა.