ავტორი:

ინკების გადამალული ქალაქი, რომელიც საუკუნეების შემდეგ იპოვეს: მაჩუ-პიქჩუ - ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი ადგილი დედამიწაზე

ინკების გადამალული ქალაქი, რომელიც საუკუნეების შემდეგ იპოვეს: მაჩუ-პიქჩუ -  ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი ადგილი დედამიწაზე

პერუში, კუსკოს რეგიონში, ზღვის დონიდან 2 430 მეტრ სიმაღლეზე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი ქალაქი მაჩუ-პიქჩუ მდებარეობს, რომელსაც "ინკების ქალაქსაც" ეძახიან.

არქეოლოგთა უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ ის აშენდა, როგორც ინკების იმპერატორ პაჩაკუტის მამული. მთელს მსოფლიოში, ინკების სამყარო ბევრისთვის სწორედ მაჩუ-პიქჩუსთან ასოცირდება და სინამდვილეში ზუსტად არავინ იცის ამ ჯადოსნური ადგილის რეალური დანიშნულება. არსებობს მხოლოდ ვარაუდები...

მაჩუ-პიქჩუ 1911 წელს ამერიკელმა პროფესორმა ჰირამ ბინგჰემმა აღმოაჩინა და დანარჩენ სამყაროს მის შესახებ გააგებინა. რთული მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ის ამ მიტოვებული ადგილის სილამაზით მონუსხული იყო.

ბინგჰემის "აღსარება“ - სტატია მაჩუ-პიქჩუს შესახებ ჟურნალ National Geographic-ის აპრილის ნომერში 1913 წელს გამოქვეყნდა და სწორედ ამ დროიდან, შთამბეჭდავი არქეოლოგიური ადგილი ტურისტებს, მეცნიერებს და მკვლევარებს მთელი მსოფლიოდან იზიდავს...

  • ის არავის უნდა აღმოეჩინა

მისი მშენებლობა ინკებმა დაახლოებით 1400 წელს დაიწყეს, ერთი საუკუნის შემდეგ კი, როგორც უკვე ინკების იმპერატორის ოფიციალური რეზიდენცია, ესპანელი კონკისტადორების გამოჩენის დროს მიატოვეს. ისინი წუხდნენ, რომ ესპანელი დამპყრობლები აღმოაჩენდნენ და გაძარცვავდნენ მაჩუ-პიქჩუს. ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად, ქალაქის აშენებიდან ას წელზე ნაკლები ხნის შემდეგ, ინკებმა მიატოვეს იგი, დაწვეს ტყეები გასასვლელში, ისე რომ ტყე, რომელიც დროთა განმავლობაში იზრდებდა, მალავდა ბილიკებს მთისკენ. გეგმამ იმუშავა და ესპანელებმა მაჩუ-პიქჩუს აღმოჩენა ვერ მოახერხეს. ის სრულად დამალული იყო 1911 წელს ჰირამ ბიგჰემის ვიზიტამდე. ინკების დაპყრობის დროს, მაჩუ-პიქჩუს შესახებ ესპანელთათვის არაფერი იყო ცნობილი, შესაბამისად, იგი შედარებით ხელუხლებლად არის შემონახული, რაც მის მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის. 1981 წელს იგი პერუს ისტორიულ ნაკრძალად გამოცხადდა, 1983 წელს კი ის იუნესკომ შეიტანა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. 2007 წელს კი, საერთაშორისო ინტერნეტ-გამოკითხვაში მაჩუ-პიქჩუ მსოფლიოს ახალ შვიდ საოცრებას შორის დაასახელეს.

  • ბინგჰემმა არასწორი ქალაქი აღმოაჩინა

National Geographic-ის თანახმად, რომელმაც შემდგომში ბინგჰემის რამდენიმე კვლევა დააფინანსა, როდესაც ის მაჩუ-პიქჩუში წაიყვანეს, მას ეგონა, რომ აღმოაჩინა სრულიად განსხვავებული ქალაქი. ბინგჰემს სჯეროდა, რომ ადგილობრივმა გიდებმა მიიყვანეს ეგრეთ წოდებულ ინკების დაკარგულ ქალაქ ვილკაბამბაში, სადაც მმართველებს წლების განმავლობაში ბრძოლები ჰქონდათ ესპანელი დამპყრობლების წინააღმდეგ. 50 წლის განმავლობაში ბინგჰემის არგუმენტები არ ყოფილა უარყოფილი, ვიდრე მკვლევარმა ჯინ სავოიმ 1964 წელს არ დაამტკიცა, რომ ინკების ნამდვილი დაკარგული ქალაქი იყო ესპირიტუ პამპა და ის მაჩუ-პიქჩუს დასავლეთით მდებარეობდა.

  • ბინგჰემს სჯეროდა, რომ მაჩუ-პიქჩუში ცხოვრობდა ქალების ჯგუფი, რომელსაც "მზის ქალწულებს“ ეძახდნენ...

შესაძლოა, მკვლევარი კარგად აწყობდა მარშრუტებს, მაგრამ წარმოდგენა არ ჰქონდა რეალურად რა იპოვა. ბინგჰემს არა მხოლოდ სჯეროდა, რომ მან აღმოაჩინა ვილკაბამბა, არამედ დარწმუნებული იყო, რომ მაჩუ-პიქჩუ იყო მითიური ტამპუ ტოკო - ინკების წინაპრების სამშობლო. მისი თეორიის თანახმად, მაჩუ-პიქჩუ იყო წმინდა მონასტერი, სავსე რჩეული ქალებით, რომლებიც ცნობილი იყვნენ როგორც "მზის ქალწულები"... ისინი იყვნენ მღვდლების კონტროლის ქვეშ, რომლებიც თაყვანს სცემდნენ მზის ღმერთს. ეს თეორია, ბუნებრივია, მცდარი აღმოჩნდა.

  • მაჩუ-პიქჩუ შესაძლოა ყოფილიყო საკურორტო ქალაქი

არქეოლოგთა ჯგუფის აზრით, მაჩუ-პიქჩუ სამეფო ოჯახის თავშესაფრად აშენდა. ჯონ როუს, რიჩარდ ბურგერის და ლუსი სალაზარის კვლევამ აჩვენა, რომ ინკების მმართველმა პაჩაკუტეკ იუპანკიმ შეიძლება წარმოიდგინა ქალაქი, როგორც მშვიდობიანი ადგილი კუსკოს აურზაურისგან თავის დასაღწევად.

  • მაჩუ-პიქჩუ ყოველთვის იყო და იქნება წარმოუდგენლად მრავალფეროვანი ქალაქი

ანდების ცივილიზაციის ექსპერტმა ბრაიან ბაუერმა National Geographic-ს განუცხადა, რომ არსებობს უამრავი არქეოლოგიური მტკიცებულება იმისა, რომ მაჩუ-პიქჩუში მხოლოდ ინკები არ ცხოვრობდნენ. მაშინ ამ დასახლებას არ ჰქონდა ბაზრები, არქეოლოგებმა მთელი რეგიონის ოსტატების კერამიკა იპოვეს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ აქ სხვადასხვა წარმომავლობის ხალხი ცხოვრობდა, ან სულაც აქ გზად ჩერდებოდნენ.

  • ინკები ქვების ოსტატები იყვნენ

მაჩუ-პიქჩუს მასიური სტრუქტურა აშენდა ბორბლის, რკინის ხელსაწყოების ან თუნდაც კირის გამოყენების გარეშე. სამაგიეროდ, National Geographic-ის თანახმად, კლდეები იდეალურად იყო მოჩუქურთმებული და სრულყოფილად იყო ერთმანეთთან შერწყმული მეთოდის გამოყენებით, რომელსაც ქვის დაგება ეწოდება. ეს ასევე საკმაოდ გონივრული იყო, რადგან პერუ მიდრეკილია მიწისძვრებისკენ და სწორედ კირის ნაკლებობამ შეუწყო ხელი სტრუქტურის ამ დრომდე შენარჩუნებას. მაჩუ-პიქჩუ ინკების კლასიკურ სტილშია ნაგები, ნატიფი ქვის კედლებით.

ლეგნედის თანახმად, უზარმაზარი ქვების მთაზე ასატანად ინკები არანაირ ტრანსპორტს არ იყენებდნენ. მიიჩნევა, რომ ასობით ადამიანი ტალღებად მიაგორებდა უზარმაზარ ქვებს აღმართებში.

მაჩუ-პიქჩუს კომპლექსი შედგება 140 სტრუქტურისგან, რომელთა შორისაა ტაძრები, სიწმინდეები, პარკები და რეზიდენციები, რომლებიც ჩალით გადახურულ სახლებსაც მოიცავს. აგებულია ასზე მეტი ქვის საფეხურებიანი კიბე. ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული კლდეებში გაყვანილი წყლისა და სადრენაჟო სისტემის არხები, რაც ძირითად საირიგაციო სისტემას წარმოქმნის. როგორც ნივთმტკიცებები უჩვენებს, საირიგაციო სისტემის წყალობით, წმინდა წყაროდან წყალი თითოეულ სახლს მიეწოდებოდა.

არქეოლოგიური მონაცემების თანახმად, მაჩუ-პიქჩუს ურბანული ნაწილი სამ დიდ რაიონად იყო დაყოფილი: წმინდა უბანი, სამოსახლო უბანი სამხრეთით და ქურუმთა და დიდებულთა უბანი.

ქალაქის სამი ძირითადი სტრუქტურა ასეთია: ინტიჰუატანა (მზის დასაბმელი სვეტი), მზის ტაძარი და სამფანჯრიანი ოთახი - სამივე მათგანი განლაგებულია ტერიტორიაზე, რომელსაც არქეოლოგები მაჩუ-პიქჩუს წმინდა რაიონს უწოდებენ.

  • ინტიჰუატანის ქვა

ინტიჰუატანა ერთ-ერთია სამხრეთ ამერიკაში აღმოჩენილი სარიტუალო ქვებიდან. ქვები ისეა დალაგებული, რომ ზამთრის ნაბუნიობის დროს პირდაპირ მზისკენაა მიმართული. მისი სახელი კეჩუას ენიდან მომდინარეობს: ინტი ნიშნავს "მზეს“, ვატა კი ზმნის ძირია და "დაბმას“ ნიშნავს, ნა - სუფიქსი კი არსებით სახელს ადგილმდებარეობის აღსანიშნავად ემატება. აქედან გამომდინარე, სიტყვასიტყვით ინტი ვატანა "მზის დაბმის“ ადგილს ან საშუალებას ნიშნავს, რასაც ხშირად სხვადასხვა ენებში "მზის დასაბმელ ბოძსაც“ უწოდებენ. ინკებს სჯეროდათ, რომ თავის წლიურ გზაზე, მზეს ცაში სწორედ ეს ქვა აკავებდა. ქვა სამხრეთის 13°9'48"-ზე მდებარეობს. 11 ნოემბრისა და 30 იანვრის შუადღეს, მზე ზუსტად სვეტის თავზე ექცევა, ისე, რომ ჩრდილსაც კი არ ტოვებს. 21 ივნისს ქვა სამხრეთის მიმართულებით ყველაზე გრძელ ჩრდილს წარმოქმნის, 21 დეკემბერს კი ყველაზე მოკლეს ჩრდილოეთის მიმართულებით. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს ქვა ასტრონომიული საათის ან კალენდრის ფუნქციებს ასრულებდა.

  • ქალაქის ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი დამალულია

მიუხედავად იმისა, რომ დიდებული მთის ქალაქი აღმართულია ხეობის ზემოთ, ქალაქის არქიტექტურული სასწაულების უმეტესობა მიწისქვეშაა. Australias News-ის თანახმად, კონსტრუქციის დაახლოებით 60% ინკების მიერ იყო დაფარული, როგორც ტერასული ბორცვები, რომლებიც საძირკვლის კედლების ჯაჭვს და სადრენაჟო სისტემას წარმოადგენს.

  • სულ მცირე ორი დამალული ტაძარი

ყველაზე მარტივი სანახავია მთვარის ტაძარი და მზის მღვიმე. მთვარის ტაძრის მონახულება მოითხოვს კიბეებზე ასვლას ჰუაინა პიქჩუს მთაზე ერთი საათის განმავლობაში. ზევით არის პატარა, მაგრამ განსაცვიფრებელი ტაძარი, რომელიც ჩაშენებულია კლდის კედელში. ინტიმაჩაი, ანუ მზის მღვიმე, მდებარეობს მთავარი მაჩუ-პიქჩუს ზონის ქვემოთ, რის გამოც ბევრი ტურისტი მის უნახავად ბრუნდება. გამოქვაბული იყო წმინდა სივრცე, რომელიც შესაძლოა გამიზნული ყოფილიყო დეკემბრის მზედგომის დროს ამომავალი მზისთვის, როგორც ზამთრის რიტუალის ნაწილი.

  • ახალი არქეოლოგიური აღმოჩენები მაჩუ-პიქჩუში

2014 წელს ფრანგმა მკვლევარმა ტიერი ჯამინმა იპოვა მაჩუ-პიქჩუს აქამდე გაუხსნელი კარი, რომელიც, მისი აზრით, არის მაჩუ-პიქჩუს ავტორის, პაჩაკუტეკ იუპანკის სამეფო სამარხი. პერუს მთავრობა კი არ აძლევს მას საკნის გახსნის უფლებას, რადგან მიიჩნევენ, რომ ეს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ქალაქს.

მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ქალაქი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია და მეცნიერები ათწლეულების განმავლობაში სწავლობენ წმინდა ადგილებს, რჩება უამრავი საიდუმლო მაჩუ-პიქჩუსა და ადამიანებზე, ვინც ის ააშენა. დღემდე, ასობით ათასი ადამიანი მზად არის ყოველწლიურად გაემგზავროს მაჩუ-პიქჩუში, რათა ნახოს მზის ჩასვლა კოშკების ქვის ძეგლებზე, აღფრთოვანდნენ საუკუნეების წინ შექმნილი საოცრებით.

ამბობენ, რომ ყველაზე გამოცდილი მოგზაურიც კი ამ საოცარ, იდუმალებით მოცულ ქალაქში რაღაც განსაკუთრებულსა და დაუვიწყარს აღმოაჩენს.

  • ავტორი: ეკა დარჩიაშვილი

იხილეთ ასევე: