ავტორი:

ოჯახური ძალადობა, გაუპატიურება და 6 ქორწინება - პამელა ანდერსონის ცხოვრების მძიმე დეტალები: რატომ შეხვდა "ფლეიბოის" ვარსკვლავი კრემლში პუტინს

ოჯახური ძალადობა, გაუპატიურება და 6 ქორწინება - პამელა ანდერსონის ცხოვრების მძიმე დეტალები: რატომ შეხვდა "ფლეიბოის" ვარსკვლავი კრემლში პუტინს

ამერიკელმა მსახიობმა, ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ ქალად აღიარებულმა პამელა ანდერსონმა გამოსცა მემუარები სახელად Love, Pamela. გარდა ამისა, პოპულარული სერიალის, "მაშველების" ვარსკვლავის ცხოვრების შესახებ "ნეტფლიქსმა" ორსაათიანი დოკუმენტური ფილმიც გადაიღო.

პამელა ანდერსონი როგორც ფილმით, ასევე წიგნის საშუალებით, მტკივნეული გამოცდილებებისა და სკანდალური ცხოვრების შესახებ გვიყვება.

  • ბავშვობა

პამელა ანდერსონი კანადაში დაიბადა და პატარა ქალაქში იზრდებოდა. როგორც თვითონ აღწერს, ქალაქში საკმაოდ იდილიური გარემო და ბუნება იყო, თუმცა მისი ახალგაზრდა მშობლების ხმამაღალი და ხშირად ძალადობრივი კონფლიქტი ამ სიმშვიდეს არღვევდა.

ანდერსონს ადრინდელ ინტერვიუებშიც უთქვამს, რომ მისი ალკოჰოლდამოკიდებული მამა ფიზიკურად ძალადობდა დედაზე.

სამწუხაროდ, თავად ანდერსონიც გახდა არაერთი ძალადობის მსხვერპლი. სანამ 18 წლის გახდებოდა, სხვადასხვა პერიოდში, მასზე სამჯერ იძალადეს სექსუალურად.

პამელა მემუარებში წერს, რომ 6-10 წლამდე მასზე სექსუალურად ძალადობდა ძიძა ქალი: "მაშინ ვერაფერს ვხვდებოდი. შემდეგ მემუქრებოდა, რომ ეს ამბები არავისთვის მომეყოლა."

მეორედ პამელაზე 12 წლის ასაკში იძალადა 25 წლის ნაცნობმა, რომელმაც ის გააუპატიურა. 14 წლის ასაკში კი მასზე ჯგუფურად იძალადა შეყვარებულმა და მისმა სამეგობრომ.

  • პირველი ნაბიჯები შოუ-ბიზნესში

ანდერსონი 22 წლის იყო, როცა აღმოაჩინეს. ამ დროს, ის სოლარიუმში მუშაობდა. ფეხბურთის ერთ-ერთი მატჩის დროს, გულშემატკივრებს შორის კამერამ პამელა დააფიქსირა. გოგონას კანადური ლუდის კომპანიის, LaBatt-ის მაისური ეცვა. ანდერსონს მალევე დაუკავშირდა კომპანია და სამსახური შესთავაზა. პამელა ჩნდებოდა მათ სარეკლამო ვიდეორგოლებსა და პოსტერებზე.

პამელა LaBatt-ის რეკლამებში

ამას მალევე მოჰყვა Playboy-ც. ვარსკვლავის ფოტო 14-ჯერ დაიბეჭდა ჟურნალის გარეკანზე, რაც რაოდენობრივად ყველა სხვა მოდელისას აჭარბებს. პამელა აღნიშნავს, რომ Playboy-ის დამფუძნებელი, ჰიუ ჰეფნერი ერთადერთი ადამიანი იყო, ვინც მას სრული პატივისცემით ეპყრობოდა.

პამელა და Playboy-ს დამფუძნებელი, ჰიუ ჰეფნერი

  • ტრავმა

"ასაკის მატებასთან ერთად მივხვდი, რომ ჩემი ბოიფრენდების უმეტესობა ცუდი იყო და თანდათანობით კიდევ უფრო უარესები მხვდებოდნენ“, - წერს მსახიობი მემუარებში. მიუხედავად ამისა, პამელას მაინც შერჩა რომანტიკული ბუნება.

"მაშველების" ვარსკვლავი 6-ჯერ იყო დაქორწინებული 5 სხვადასხვა მამაკაცზე. მათგან ყველაზე გახმაურებული Mötley Crüe-ს დრამერთან, ტომი ლისთან ქორწინება იყო. 1995 წელს, 4-დღიანი ურთიერთობის შემდეგ, წყვილმა კანკუნის სანაპიროზე, მექსიკაში იქორწინა.

მიუხედავად მათი ურთიერთობის ერთი შეხედვით, ზღაპრული დასაწყისისა, წყვილი 3 წლის შემდეგ გაეყარა ერთმანეთს. მათ ქორწინებიდან 2 შვილი დარჩათ. ურთიერთობას წერტილი წყვილის სექსის კადრების გაყიდვამ დაუსვა. ვიდეოჩანაწერები მათი სახლის სეიფიდან მოიპარეს და დისტრიბუცია დაიწყეს. მხოლოდ პირველი წლის გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი 75$ მილიონს აღემატებოდა.

"ამან არაერთი ადამიანი გააუბედურა. მათ შორის ჩვენი ურთიერთობაც შეიწირა და მიუტევებელია ის, რომ ხალხს ასეთი საშინელი ქმედებით სარგებლის მიღება შეუძლია“,- წერს პამელა და ამბობს, რომ ჩანაწერების მოპარვა და სკანდალი, რაც ამას მოჰყვა, ყველაზე რთული რამ იყო, რაც კი ცხოვრებაში გამოუვლია.

გარკვეული დროის შემდეგ, ტომი ლიმ 6 თვე გაატარა ციხის გისოსებს მიღმა იმის გამო, რომ მან პამელას მაშინ დაარტყა, როცა ქალს მათი თვენახევრის ვაჟი ეკავა ხელში.

პამელას განქორწინებაზე განაცხადის შესატანად სწორედ ამ შემთხვევამ უბიძგა. წყვილი მას შემდეგ არაერთხელ შერიგდა. Playboy-ს ვარსკვლავი ამბობს, რომ შესაძლოა, ეს ერთადერთი პერიოდი იყო მის ცხოვრებაში, როცა ვინმეზე თავდავიწყებით იყო შეყვარებული.

  • "მაშველების" ვარსკვლავისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა კრემლში

ახლა ანდერსონი გარდაცვლილი ბებიის სახლში, სამ ძაღლთან ერთად ცხოვრობს. ის უკვე მრავალი წელია ცხოველების უფლებების დამცველია და გარემოსდაცვის კამპანიებშიც მონაწილეობს. ამგვარ აქტივობებში მონაწილეობამ ანდერსონი მეტად უცნაურ სიტუაციებშიც მოახვედრა:

ის 2015 წელს კრემლს ეწვია და ვლადიმერ პუტინსაც შეხვდა. ცხოველთა ეთიკური მოპყრობის კამპანიისთვის ერთ-ერთი მოგზაურობისას შეხვდა რუსეთის პრეზიდენტს:

"პუტინი ოთახში მხოლოდ ერთხელ შემოვიდა, მაგრამ ის ყველაფრის საქმის კურსში იყო. სხვადასხვა ადამიანებისგან მომდიოდა ხმები, რომ ის ნასიამოვნები იყო ჩემი კრემლში სტუმრობით“,- ამბობს პამელა Variety-სთან ინტერვიუში.

პამელა ანდერსონი და სერგეი ივანოვი (რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი გარემოს დაცვის, ეკოლოგიის და ტრანსპორტის საკითხებში). 2015 წ.

პამელამ ამავე ინტერვიუში Wikileaks-ის დამფუძნებელ, ჯულიან ასანჟთან მეგობრობაზეც ისაუბრა: "ჩვენი ურთიერთობა პლატონური იყო. მთელი ღამე ვისხედით, "მეზკალს" ვსვამდით, ვიცინოდით და ისტორიებს ვყვებოდით."

პამელა ანდერსონის დოკუმენტური ფილმის, Pamela, a love story-ის ყურება Netflix-ზე დღეიდან, 31 იანვრიდანაა შესაძლებელი.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა