ავტორი:

რას ჰყვება 23 წლის ქალი ხულოდან, რომელიც ოჯახის წევრებს ძალადობის გამო უჩივის - "იძულებული გავხდი, მათგან თავის დასაღწევად აივნიდან გადავმხტარიყავი"

რას ჰყვება 23 წლის ქალი ხულოდან, რომელიც ოჯახის წევრებს ძალადობის გამო უჩივის - "იძულებული გავხდი, მათგან თავის დასაღწევად აივნიდან გადავმხტარიყავი"

23 წლის დიანა მახარაძე ყოფილ მეუღლეს, დედამთილსა და მამამთილს ოჯახურ ძალადობასა და თვითმკვლელობამდე მიყვანაში ადანაშაულებს. ახალგაზრდა ქალი ყვება, რომ 8 წლის განმავლობაში ოჯახის წევრები მასზე ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ და ჩადრის ტარებას აიძულებდნენ.

მისივე თქმით, სისტემატურმა ძალადობამ სუიციდის მცდელობამდე მიიყვანა, ახალგაზრდა ქალი სახლის მეორე სართულიდან გადახტა, რა დროსაც სხეულის მრავლობითი დაზიანება მიიღო. ოჯახი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანის მკვიდრია. სისხლის სამართლის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითად განხილვა მიმდინარეობს. გამოძიება როლანდ, ზურაბ და დარეჯან მახარაძეებს წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ გენდერული ნიშნით ოჯახურ ძალადობასა და თვითმკვლელობამდე მიყვანას ედავება. ისინი ბრალდებებს უარყოფენ და ყოფილ რძალს ტყუილში ადანაშაულებენ, ასევე აცხადებენ, რომ ქალს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა..

ერთი ოჯახის სამი ბრალდებულიდან ერთი - ახალგაზრდა ქალის ყოფილი მეუღლე როლანდ მახარაძე წინასწარ პატიმრობაშია. დაზარალებული ჯერ არ დაუკითხავთ. გამორიცხული არაა, რომ დედამთილ-მამამთილმაც დიანას ქმრის ბედი გაიზიაროს.

წლების მანძილზე ძალადობის მსხვერპლი ქალი, 23 წლის დიანა მახარაძე (ზოიძე) AMBEBI.GE-ს უყვება:

"2014 წლის დეკემბერში გავთხოვდი, არასრულწლოვანი ვიყავი, რის გამოც ჩემს მეუღლეს - როლანდ მახარაძეს პირობითი სასჯელიც ჰქონდა. ჩემი მამამთილი დამემუქრა, მის შვილს თუ ვუჩივლებდი, მათ მიერ შეთხზულ ჩვენებას თუ არ მოვყვებოდი, ჩემს მცირეწლოვან ბავშვს წამართმევდნენ (ბარბარე იმხანად რამდენიმე კვირის იყო). საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ, დაგვიბარეს პოლიციის განყოფილებაში. დედამთილ-მამამთილს ჩვენებაში დაუწერია, რომ თითქოს მე და ჩემს მეუღლეს ქორწინებამდე გვქონდა სექსუალური ურთიერთობა, რომ ვიყავი მრუში, დავრჩი ორსულად და მათმა შვილმა ამიტომ წამიყვანა ცოლად - ყველაფერი თავის სასარგებლოდ დაწერეს და შეკერეს, რაც მტკნარი სიცრუეა. ერთი კვირის შესული არ ვიყავი ოჯახში, როცა ჩემი ქმარი ფიზიკურად შემეხო. მერე მისმა დედ-მამამ გააგრძელა ჩემზე ფსიქოლოგიური ზეწოლა. წლები გრძელდებოდა ჩემი როგორც ფიზიკური, ისე - ფსიქოლოგიური ძალადობა. მინდოდა, ჩემი მშობლებისთვის შემეჩივლა ჩემი მდგომარეობა, თუმცა მაშანტაჟებდნენ - მშობლებთან რამეს თუ იტყვი, ბავშვებს წაგართმევთ და ვეღარასდროს ნახავო.

8 წელში სამი შვილი შემეძინა. ალბათ გაგიკვირდებათ, ასეთ მოძალადესთან სამი შვილი რამ გაგაჩენინაო, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. მათ ოჯახში რომ შევედი, გარკვეული დროის შემდეგ, ჩადრის და შესაბამისი სამოსის ტარება დამაძალეს. თავიდან მეგონა, მეხუმრებიან-მეთქი, მაგრამ საქმე ისე წავიდა, მაიძულეს თავზე დამეხურა, რადგან „ვალდებული ვიყავი“. ჩადრის მოხდის უფლება სახლშიც კი არ მქონდა. თვითონ ქობულეთიდან ვარ, ჩოლოქში ვცხოვრობდი და ეს ძალიან მიკვირდა. ქმარს თუ რამეს შევჩივლებდი, იქეთ მლანძღავდა და მეუბნებოდა, რომ ყველაფერი ჩემი ბრალი იყო, ჩემს გამო მშობლებს კარგავდა და ჩემგან არაფრის გაგონება აღარ უნდოდა. ქმარი დედამთილს უტანდა ენას, მერე ის ამოვარდებოდა და მლანძღავდა, შვილი სულ გადამირიე, რატომ ურეკავო. ყველაფერი ძალიან აუტანელი გახდა ჩემთვის.

  • საქმე იქამდე მივიდა, რომ იძულებული გავხდი, მათგან თავის დასაღწევად აივნიდან გადმოვმხტარიყავი, 17მ. სიმაღლიდან. სამწუხაროდ, მქონდა სუიციდის მცდელობა, ვინაიდან ამდენი შეურაცხყოფა და ტკივილი, გამუდმებული დამცირება, დაცინვა, ფსიქოლოგიური ზეწოლა, მუქარა და შანტაჟი ჩემთვის გაუსაძლისი გახდა, ძალიან შეტოპეს და იძულებული გავხდი, ეს ნაბიჯი გადამედგა.

როცა პატარა ვიყავი, ისე მძაფრად ვერ ვგრძნობდი, რა ხდებოდა ჩემს თავს, მეგონა, მათ იქეთ გზა არ მქონდა, სამი შვილით უკან მობრუნება ყველაზე დიდი სირცხვილი იყო, ჩემთვის კანონი არ არსებობდა და გვერდშიც არავინ დამიდგებოდა. ისინი სულ ამას მიჩიჩინებდნენ და ასე მჯეროდა მეც. როცა ყველაფერი გავაცნობიერე, ძალიან გვიანი იყო. ძალიან დაბნეული, განადგურებული და შეშინებული ვიყავი, დავფიქრდი და გავაცნობიერე, რომ არავის ვუყვარდი, 8 წელი იმ ოჯახში ვცხოვრობდი, სადაც არაფრად მაგდებდნენ და მათთვის უბრალოდ, ვიღაცის შვილი და ნივთი ვიყავი, მეტი არაფერი.

აივნიდან გადმოხტომის შედეგად ხერხემლის მე-5 მალა გამიტყდა, გამიკეთდა ოპერაცია... მადლობა უფალს და იმ ექიმებს, ვინც ფეხზე დამაყენეს. 3 თვე ლოგინს ვიყავი მიჯაჭვული, ნელ-ნელა დავიწყე სიარული და სადღაც ოთხი თვის მერე, კორსეტით და გამაყუჩებლებით ავედი ჩემს შვილებთან, ისიც, დიდი ჩხუბით. მანამდე მათ ყველგან დამბლოკეს, ბავშვებს ჩემი ნომერი დაუბლოკეს, რომ არ ეკონტაქტათ. არადა, ჩემი შვილები ამდენი თვე არ მენახა, არ ვიცოდი, რას ჭამდნენ, რას სვამდნენ, როგორ იძინებდნენ და ცხოვრობდნენ, არანაირი ინფორმაცია არ მქონდა, არც არავის მოვუკითხივარ, რაც საავადმყოფოში ჩამომიყვანეს და დამტოვეს, მას მერე აღარ ვარსებობდი. ბოლოს, ბავშვების ნახვის ნება კი დამრთეს, მაგრამ წაყვანაზე ხელები გაასავსავეს. ვთხოვდი, 1 კვირით მაინც გამატანეთ ჩემთან (ჩემი მშობლების სახლში ვიყავი), ძალიან მომენატრა შვილები-მეთქი, მაინც არ გამატანეს, ბოლოს პოლიცია, ადვოკატი ჩავრთეთ და ჩემსას მივაღწიე.

რაც შეეხება ჩემს ქმარს, მისთვის ჩვენ არ გვიჩივლია, საავადმყოფოში რომ შემიყვანეს დიდი მოტეხილობებით, ექიმებმა მიმართეს პოლიციას და საქმე აღიძრა ძალადობის მუხლით.

ახლა მეორე ოპერაცია მჭირდება, მიჭირს სიარული, მარჯვენა ხელ-ფეხის შეშუპება და ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლები არ მშველის. თურქეთში გავიკეთე გამოკვლევა და იქ მითხრეს ექიმებმა, რომ ამ ორ თვეში ხელახალი ოპერაცია თუ არ გავიკეთე, დიდი შანსია, ინვალიდის ეტლში ჩავჯდე და ვეღარ გავიარო. ოპერაციის ვადა მალე გადის. დედამთილ-მამამთილი ჯერ არ არიან დაკავებულები, ალბათ ჩემი დაკითხვის შემდეგ მიიღებს მოსამართლე გადაწყვეტილებას. დღემდე მამამთილი დადის და იმას ავრცელებს, ჩამოხოხდა და ჩავარდა, არ გადმომხტარაო. ეს ხალხიც, მეზობლებიც მოწმედ რომ უდგებიან, არ რცხვენიათ?

ჩემმა ქმარმა პირველად რომ დამარტყა ხელი, მაშინ უნდა ამომეღო ხმა, მაგრამ მაინც პატარა ვიყავი, შემაშინეს, შვილით მაშანტაჟებდნენ. არც ერთი დედა არ გაწირავს შვილს, თუ მართლა უყვარს. ახლა ქმრის გვარზე ვარ, მინდა გამოვიცვალო, მაგრამ ვიდრე გაყრა არ დასრულდება, ეს არ მოხერხდება. მინდა, ყველა ძალადობის მსხვერპლ ქალს მივმართო, როგორც უნდა აშანტაჟონ, არ გაჩუმდნენ, არ მოითმინონ და ცხოვრება არ დაიმახინჯონ“.