ავტორი:

"ადამიანები გესაუბრებიან, გიმეგობრდებიან, რათა შემდეგ ჩაგიშვან..." - 19 წლის რუს გოგონას ომის საწინააღმდეგო პოსტების გამო 10 -წლიანი პატიმრობა ემუქრება

"ადამიანები გესაუბრებიან, გიმეგობრდებიან, რათა შემდეგ ჩაგიშვან..." - 19 წლის რუს გოგონას ომის საწინააღმდეგო პოსტების გამო 10 -წლიანი პატიმრობა ემუქრება

"ჩაშვება "პატრიოტების" საქმეა" - ასე ეხმაურება, მეორე კურსელი რუსი გოგონასთვის მისჯილ ათწლიან პატიმრობას გამოცემა novayagazeta.eu. რუსეთის არმიის დისკრედიტაციისა და უკრაინაზე სამხედრო თავდასხმისთვის, ხელისუფლების ხმამაღალი კრიტიკის გამო, 19 წლის ოლესია კრივცოვას 10-წლიანი პატიმრობა ემუქრება. ყველაფერი გასული წლის ბოლოს მოხდა, როცა ოლესია რუსეთის ხელისუფლებას აკრიტიკებდა. თანამოსაუბრეებმა სოციალური ქსელებიდან "სქრინები" პოლიციაში მიიტანეს, რასაც მალევე მოჰყვა რეაგირება...

რუსეთის არმიის მიმართ, დისკრედიტაციული გამოსვლების, მოგვიანებით კი, ყირიმის აფეთქების სწორ ნაბიჯად შეფასების გამო, სტუდენტი გოგონას წინააღმდეგ, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. პირველ ეტაპზე, მას შინაპატიმრობა აქვს მისჯილი. ძიება მიმდინარეობს და შესაძლოა, მას განაჩენი რამდენიმე საქმის გამო გამოუტანონ. ერთ-ერთია, დახურულ ინტერნეტჯგუფებში გაკეთებული ანტისაომარი მოწოდებები, რის თაობაზეც ადგილობრივ პოლიციაში დაასმინეს.

გამოცემის ცნობით, ასეთი პოზიციის გამო, ის 2022 წლის მაისში 30 ათასი რუბლით დააჯარიმეს. მაშინ გოგონამ ლენინის ძეგლთან გააკრა ფურცელი წარწერით, რომ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები უკრაინაშიც ცხოვრობენ... პოლიციამ ეს რუსეთის არმიის დისკრედიტაციად მიიჩნია და კრივცოვას წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმე აღძრა. მაშინ განყოფილებაში მისულმა გოგონამ შენიშნა, რომ პოლიციელს მაგიდაზე მისი და ერთი თანამოსაუბრის მიმოწერის სქრინები ფურცელზე ამობეჭდილი ედო, როგორც მის წინააღმდეგ მტკიცებულება. შემდეგ გაირკვა, რომ მისი სატელეფონო საუბრებიც ისმინებოდა... მალევე, საქმემ უფრო მკაცრი სახე მიიღო.

კრივცოვას საქმიდან ირკვევა, რომ ყირიმის ხიდის აფეთქებას, რომელსაც რუსული სამთავრობო მედია ტერორისტულ აქტად აფასებს, 19 წლის ოლესია "ინსტაგრამის" და "ტელეგრამის" დახურულ "ჩატში" სწორ გადაწყვეტილებას უწოდებდა. ამის დაწერიდან რამდენიმე საათში, რუსეთის სპეცსამსახურებმა შეისწავლეს მისი საქმიანობა, გოგონასთან სახლში მივიდნენ და ადგილობრივ პოლიციაში წაიყვანეს.

"ის ტერორისტულ აქტს ამართლებს, რაც დაუსჯელი არ უნდა დარჩეს", - ამბობენ არხანგელსკის პოლიციის განყოფილებაში.

რამდენიმედღიანი დაკითხვის შემდეგ, შინ დააბრუნეს და საბოლოო განაჩენის გამოცხადებამდე, სასამართლომ შინაპატიმრობა მიუსაჯა.

"მას ჩამორთმეული აქვს ტელეფონით და ინტერნეტით სარგებლობის უფლება... იმ დღეებში, როდესაც ის დაკითხვაზე იმყოფებოდა, მის სახლს სამართალდამცველები ჩხრეკდნენ... გოგონა ამბობს, რომ პირველმა ისტერიკამ გაუარა, მაგრამ ის და მისი ქმარი, მძიმე განაჩენის მოლოდინში არიან", - წერს გამოცემა currenttime.tv.

"არსებობს ვერსია, რომ იმ დახურულ ჯგუფებში, სადაც ოლესია პაციფისტურ მიმართვებს ავრცელებდა, სპეცსამსახურებს თავისი კადრები ჰყავდათ, რომლებმაც გოგონაზე ინფორმაცია მოაგროვეს და პოლიციას გადასცეს", - წერს გამოცემა 45.ru, რომლის ცნობითაც, გოგონა, რამდენიმე დღის განმავლობაში, კამერაში მკვლელებთან ერთად იჯდა.

მათთან საუბარში, სტუდენტი ჰყვება, რომ მას კამერაში შესვლისთანავე ჰკითხეს, რომელი მუხლით იყო მის წინააღმდეგ საქმე აღძრული... ერთ-ერთ ქალი, ორი ადამიანის მკვლელობისთვის იყო დაკავებული. მეორემ კი უთხრა, რომ ქმართან ერთად, საერთო მეგობარი მოკლა... გოგონას თქმით, ეს ყველაფერი იყო წინაპირობა, რათა ხელისუფლებას მისთვის ეჩვენებინა, რომ მათ ხელშია და ისე მოექცევიან, როგორც მოესურვებათ.

  • ოლესია კრივცოვა, არხანგელსკში უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტია. ის ბელგოროდში დაიბადა, სადაც ოჯახი ჰყავს. მისი დაკავების შემდეგ, პოლიციამ არაერთხელ დაკითხა მისი ოჯახის წევრები, მიუხედავად იმისა, რომ გოგონა, ბოლო ხანებში, ქმართან ერთად არხანგელსკში ცხოვრობდა. სასამართლოს პროცესის შემდეგ, მას ოჯახის არცერთი წევრი, მათ შორის არც ქმარი უნახავს.

"გოგონა ამბობს, რომ ყოველ წამს ფიქრობს იმაზე, თუ როგორ უნდა გაუძლოს10-წლიან პატიმრობას, როგორ უნდა იცხოვროს ციხეში, რა უნდა აკეთოს... მას ცხოვრება ენგრევა, მხოლოდ იმიტომ, რომ ომი არ უნდა და არმიაში არსებულ პრობლემებზე ხმამაღლა ლაპარაკობდა. რამდენიმე დღის წინ, მისთვის ცნობილი გახდა, რომ ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს. ის არხანგელსკში ყველაზე ახალგაზრდა "ტერორისტია".

როგორც ირკვევა, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ცნობილი გახდა, რომ მას რუსეთიდან გასაქცევი თვითმფრინავის ბილეთი ჰქონდა აღებული. გოგონას ადვოკატი ირწმუნება, რომ ბილეთი სხვა პირს ეკუთვნის" - წერს რუსული მედია.

currenttime.tv-თან საუბრისას სტუდენტი ჰყვება, რომ დრო შეზღუდული აქვს, მალე ციხეში გაუშვებენ, დასაკარგი არაფერი აქვს და ვიდრე დრო აქვს, ყვება ყველაფერს, რაც მოსახლეობამ უნდა იცოდეს.

"პოლიციაში მეუბნებიან, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩემს მავნებლურ საქმიანობაზე სხვადასხვა პირებს შეჰქონდათ საჩივარი. რამდენიმე ისეთი ადამიანის გვარ-სახელი მითხრეს, რომელთაც ვიცნობდი, სასიამოვნო ურთიერთობა გვქონდა, მეგობრულად, გახსნილად ვსაუბრობდით სხვადასხვა თემებზე... სინამდვილეში კი, ჩემს წინააღმდეგ ინფორმაციას აგროვებდნენ, რათა შსს - სა და ეფ-ეს-ბე -ში მიეტანათ.. შეძრწუნებული ვარ, თან ბოლომდეც ვერ ვიჯერებ, ანუ რა გამოდის, ვერავის უნდა ენდო?.. ადამიანები გესაუბრებიან, გიმეგობრდებიან, შენი შეხედულებების, პოზიციის გარკვევას ცდილობენ, რათა შემდეგ ჩაგიშვან?!. მხოლოდ ეს არის ჩემი დანაშაული, ჩემი აზრი გამოვთქვი, ახლა კი, ათწლიანი პატიმრობა მემუქრება და ვცდილობ ამ აზრს შევეგუო, რადგან არ მაქვს იმედი, რომ პოლიციაში, სასამართლოში ჩემს მიმართ აზრს შეიცვლიან", - ამბობს გოგონა გამოცემასთან საუბარში.