ავტორი:

"როცა ჩემს წარმოშობას იგებდნენ, თავს მარიდებდნენ... ისე გამირბოდნენ, როგორც ცეცხლს" - "მის რუსეთი" ჩივის, რომ "მის სამყაროს" კონკურსზე გარიყეს

"როცა ჩემს წარმოშობას იგებდნენ, თავს მარიდებდნენ... ისე გამირბოდნენ, როგორც ცეცხლს" - "მის რუსეთი" ჩივის, რომ "მის სამყაროს" კონკურსზე გარიყეს

2023 წლის 14 იანვარს ჩატარებული "მის სამყაროს" კონკურსის მონაწილე, "მის რუსეთი“, ანა ლინიკოვა აცხადებს, რომ სოციალურ ქსელებში დღემდე მისდის მუქარები. გოგონას თქმით, კონკურსმა რთულად ჩაიარა მისთვის და სხვა მონაწილეებისგან მუდმივად გარიყულად გრძნობდა თავს.

ინტერვიუში "მის რუსეთი“ ჩივის, რომ მას უკრაინული სოციალური მედიის მომხმარებლებისა და უკრაინელი ნაცნობებისგან თავდასხმების ატანა უწევს. მან კონკრეტულად არ ახსენა უკრაინაში მიმდინარე ომი, მაგრამ მიანიშნა, რომ კონკურსის მონაწილეებმა ის რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის გამო გარიყეს.

"როცა ჩემს წარმოშობას იგებდნენ, თავს მარიდებდნენ. უკრაინელი და შვეიცარიელი გოგონები ისე გამირბოდნენ, როგორც ცეცხლს", - ამბობს ის.

"ვეცადე მასთან კონტაქტი დამემყარებინა, მაგრამ უშედეგოდ“, - ყვება ანა რუსულ გამოცემასთან უკრაინელი კონკურსანტის, ვიქტორია აპანასენკოს შესახებ. "ყველამ დაინახა ვიქტორიას დემონსტრაციული ქცევა. თუმცა ეს მისი არჩევანია და ამას გულში არ ჩავიდებ“,- აცხადებს ლინიკოვა.

თავად "მის უკრაინამ“ the Daily Beast-თან ისაუბრა იმაზე, თუ როგორ გაუჭირდა თავდამსხმელი ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად სცენაზე დგომა და ღიმილი. მან გამოცემას უთხრა, რომ ლინიკოვა მასთან მხოლოდ ერთხელ მივიდა სელფის გადასაღებად.

"კონკურსის ბოლომდე იმედი მქონდა, რომ "მის რუსეთი“ ერთხელ მაინც მოვიდოდა და მომიბოდიშებდა, მაგრამ ის მხოლოდ სელფის გადასაღებად მოვიდა, რაც, სავარაუდოდ, პროპაგანდის ნაწილი იყო. "მის რუსეთს" სიტყვაც არ დასცდენია ომზე. როგორც ხალხმა მითხრა, ეს მისთვის საშიში იქნებოდა“, - ყვება საკუთარ გამოცდილებაზე უკრაინელი კონსკურსანტი.

"მის რუსეთის" კოსტიუმის კონცეფცია "რუსეთის იმპერია" გახლდათ.

ვიქტორია აპანასენკოს საკონკურსზე კოსტიუმი მთავარანგელოზი მიქაელის მიმსგავსებით იყო შექმნილი, რომელიც მფარველობის სიმბოლოა. გოგონას თქმით, კოსტიუმის კონცეფციაზე გავლენა მიმდინარე ომმა იქონია და რომ მას შეზღუდული რაოდენობის მასალით სანთლის შუქზე 4 თვის განმავლობაში ქმნიდნენ.

ლინიკოვამ რუსულ გამოცემას განუცხადა, რომ მისი რწმენით, ის ფაქტი, რომ ის ტოპ 16-ში ვერ მოხვდა, პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო და არაფერი აკავშირებდა იმასთან, რეალურად იმსახურებდა თუ არა ის ფინალში გასვლას.

ტოპ 16 მონაწილეში არც "მის უკრაინა“ მოხვედრილა, მაგრამ მან Spirit of Carnival-ის ნომინაციაში მიიღო ჯილდო.

წყარო: insider

მოამზადა: ანა სიბოშვილმა