ავტორი:

უკრაინაში გაჩხრიკეს მილიარდერ კოლომოისკის სახლი, რომლის პროტეჟედაც მიიჩნეოდა ვოლოდიმირ ზელენსკი თავის დროზე - რა გახდა ამის მიზეზი?

უკრაინაში გაჩხრიკეს მილიარდერ კოლომოისკის სახლი, რომლის პროტეჟედაც მიიჩნეოდა ვოლოდიმირ ზელენსკი თავის დროზე - რა გახდა ამის მიზეზი?

უკრაინის სახელმწიფო უშიშროების სამსახურისა და ეკონომიკური უსაფრთხოების ბიუროს აგენტებმა 1-ლ თებერვალს მილიარდერ იგორ კოლომოისკის სახლი გაჩხრიკეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩხრეკა უკავშირდება შესაძლო მაქინაციებს კომპანიებში Ukrnafta და Ukrtatnafta, რის თაობაზეც საქმეა აღძრული."ლაპარაკია დიდი ოდენობის ნავთობპროდუქტების გაფლანგვასა და გადასახადებისთვის თავის არიდებაზე", - წერს "უკრაინსკაია პრავდა". როგორც ირკვევა, აქ იგულისხმება 40 მილიარდი გრივნის (76 მილიარდი რუსული რუბლის) ღირებულების ნავთობპროდუქტების ფუჭად ხარჯვა და საბაჟოზე გადასახადების თავის არიდება.

უკრაინული მედიის ცნობით, კოლომოისკის სახლი პირველად გასული წლის შემოდგომაზე Ukrnafta-ს საქმესთან დაკავშირებით გაჩხრიკეს.

Ukrnafta აწარმოებს ნავთობის 90%-ს უკრაინაში და არის ბენზინგასამართი სადგურების ერთ-ერთი უმსხვილესი მფლობელი, Ukrtatnafta ფლობს ქვეყნის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რომელიც მდებარეობს კრემენჩუგში (ის ომის დაწყებიდან მალევე დაიხურა დაბომბვის შედეგად დაზიანების გამო).

იგორ კოლომოისკი ადრე ორივე კომპანიის თანამფლობელი იყო, მაგრამ 2022 წლის ნოემბერში მათი ნაციონალიზაცია მოახდინა. მაშინ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეს "თავდაცვის სექტორის გადაუდებელი საჭიროებების უზრუნველყოფის აუცილებლობით“ განმარტა. აღსანიშნავია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი წლების წინ მიიჩნეოდა კოლომოისკის პროტეჟედ. როგორც ამბობდნენ, ის პრეზიდენტი სწორედ უკრაინელი ოლიგარქის მხარდაჭერით გახდა.

2022 წლის ივლისში უკრაინაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ზელენსკიმ კოლომოისკის მოქალაქეობა ჩამოართვა. ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა.