ავტორი:

"ხანდახან ძალიან ძნელია თავაწეულმა იარო და დღეს მუხლებზე ვარ დაჩოქილი" - პრინცესა დაიანას "საიდუმლო წერილები": რას სწერდა ლედი დი მეგობრებს ტრაგიკულ ცხოვრებაზე

"ხანდახან ძალიან ძნელია თავაწეულმა იარო და დღეს მუხლებზე ვარ დაჩოქილი" - პრინცესა დაიანას "საიდუმლო წერილები": რას სწერდა ლედი დი მეგობრებს ტრაგიკულ ცხოვრებაზე

პრესაში პრინცესა დაიანასა და მეფე ჩარლზის ურთიერთობის აქამდე უცნობ დეტალებზე წერენ. გამოქვეყნდა "საიდუმლო წერილები", რომლებიც პრინცესამ თავის მეგობრებს გაუგზავნა. წერილებში მისი და ჩარლზის გაყრის პროცესია აღწერილი და ჩანს, თუ რა მტკივნეული იყო ეს პრინცესასთვის.

32 წერილი, რომელიც ლედი დიმ მეგობრებს, ცოლ-ქმარს, სუზი და თარეკ კასემებს მისწერა, ახლა აუქციონზეა გამოტანილი გასაყიდად. შესული თანხა კი იმ საქველმოქმედო ორგანიზაციებს გადაეცემა, რომლებსაც პრინცესა მხარს უჭერდა.

პრინცესა დაიანა და სუზი კასემი

ერთ-ერთი წერილი, რომელიც 1996 წლის 28 აპრილითაა დათარიღებული, ჩარლზთან წინააღმდეგობებით სავსე ურთიერთობას და პრინცესას გრძნობებს აღწერს.

"ძალიან რთული პერიოდი მაქვს, ზეწოლა კი სერიოზულია და ყველა მხრიდან მოდის. ხანდახან ძალიან ძნელია თავაწეულმა იარო და დღეს მუხლებზე ვარ დაჩოქილი და ვნატრობ, ეს განქორწინება დასრულდეს, რადგან ის საკმაოდ ძვირად მიჯდება", - წერს პრინცესა.

დაიანამ ამ წერილის დაწერამდე 2 თვით ადრე განაცხადა, რომ ის პრინც ჩარლზთან განქორწინებას დათანხმდა. მათი გაყრის პროცესი 1996 წლის აგვისტოში დასრულდა.

წერილებიდან ჩანს, რომ დაიანა განქორწინებაზე დათანხმებას ნანობდა: "1 წლის წინ რომ მცოდნოდა, თუ რისი გავლა მომიწევდა, გაყრაზე არასდროს დავთანხმდებოდი", - წერს ერთ-ერთ წერილში პრინცესა.

დანარჩენ წერილებში ლედი დი ამტკიცებს, რომ მის ტელეფონს უსმენენ. 1996 წლის 20 მაისს სუზისთვის გაგზავნილ წერილში დაიანა ამბობს: "მობილური არ მაქვს, რადგან მისმენენ. ამიტომ რთულია პირადი პრობლემების განხილვა."

კიდევ რამდენიმე წერილში დაიანა სუზისა და თარეკს მისი დაცვისთვის მადლობას უხდის: "დაქორწინებული წყვილისგან ამხელა სიყვარული და მხარდაჭერა აქამდე არასდროს მიგრძვნია."

წერილები აუქციონზე სწორედ კასემებმა გაიტანეს გასაყიდად, რადგან მათ არ სურთ, ამ წერილების ფლობის პასუხისმგებლობა თავიანთ შვილებსა და შვილიშვილებს გადაულოცონ.

წყარო: nypost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა