ავტორი:

"სააკაშვილი საპატიმროში კვდება. საქართველოს ხელისუფლების ეს სამარცხვინო ქმედება უნდა დასრულდეს!" - ევროპარლამენტში სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ დებატები მიმდინარეობს

"სააკაშვილი საპატიმროში კვდება. საქართველოს ხელისუფლების ეს სამარცხვინო ქმედება უნდა დასრულდეს!" - ევროპარლამენტში სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ დებატები მიმდინარეობს

ევროპარლამენტში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ დებატები იმართება.

სიტყვით გამოსვლისას ევროპარლამენტარები სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანისკენ საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ.

  • მირიამ ლექსმანი

"საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა. მისი საქმის განხილვის გადადება უნდა დასრულდეს! საქართველოს ხელისუფლების ეს სამარცხვინო ქმედება უნდა დასრულდეს! ეს საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცხადებული ევროპული მისწრაფების სრულიად საწინააღმდეგო ქმედებაა.

მე არაერთხელ განვაცხადე და კიდევ ერთხელ მოვუწოდე საქართველოს ხელისუფლებას, ნება მისცენ მიხეილ სააკაშვილს ყოველგვარი გადადების გარეშე სამედიცინო მკურნალობა უცხოეთში გააგრძელოს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 283-ე მუხლის მიხედვით, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ უნდა მოკვდეს საპატიმროში. საქართველოს ხელისუფლებას მის ჯანმრთელობაზე და იმაზე, რაც შეიძლება მას დაემართოს, სრული პასუხისმგებლობა აკისრია”, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

  • პეტრას აუსტრევიჩუსი

აუსტრევიჩუსის თქმით, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა, ერთი მხრივ, მის სიცოცხლეს გადაარჩენს, ხოლო მეორე მხრივ, ქვეყანას ევროპული სახის შენარჩუნების შანსს მისცემს.

"საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა ამბობს, რომ პროევროპულია, მათ დასავლეთთან მჭიდრო კავშირები ჰქონდათ. ამავე დროს, ჩვენ ვხედავთ, რომ ქართული საზოგადოება ძალიან პოლარიზებულია და მიმდინარეობს ისეთი გაცხარებული პოლიტიკური ბრძოლა, რომელიც ელემენტარულ პოლიტიკურ კულტურას უგულებელყოფს.

მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც საქართველო გამოაღვიძა და ქვეყანა ძირფესვიანად შეცვალა, უკვე 16 თვეა ციხეში იტანჯება. ეს პოლიტიკური პაექრობისთვის სამაგიეროს მიზღვაა, ან წარსულში დაბრუნება - მე მოვუწოდებ {მთავრობას}, რომ სააკაშვილს დაუყოვნებლივ მიეცეს უფლება მკურნალობის მიზნით წავიდეს უცხოეთში, ეს გადაარჩენს მის სიცოცხლეს და ქვეყანას შანსს მისცემს, ევროპული სახე შეინარჩუნოს“, - განაცხადა აუსტრევიჩუსმა.

  • მარკეტა გრეგოროვა

არ არსებობს დიდი კონსპირაცია, თითქოს ჩვენ გვიხდის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ან თითქოს ძალას გვატანს სააკაშვილი - ეს აბსურდია. ჩვენ გვადარდებს ეს საკითხი და უნდა გვადარდებდეს, რადგან ეს პოლიტიზირებული საკითხია, ადამიანი კვდება საპატიმროში, - განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ.

მან მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, ყურადღება შეაჩეროს არა მხოლოდ იმ პოლიტიკურ ფაქტორებზე, რომელსაც ის იგებს სააკაშვილის საპატიმროში დატოვებით, არამედ იმაზეც, თუ რას კარგავს ამ პროცესში, რადგან გრეგოროვას თქმით, სააკაშვილის საკითხი იმდენად ყოვლისმომცველია, რომ ახლა ევროპარლამენტში დებატებისას განიხილება პოლიტიკური პატიმრის ბედი და არა მაგალითად კანდიდატის სტატუსი.

"ძვირფასო კოლეგებო და ძვირფასო ქართველებო, ვინც მისმენთ - საქართველოს წინ ძალიან ბევრი გამოწვევა აქვს. ევროკომისია განიხილავს 12-პუნქტიან რეკომენდაციას და იმას თუ რამდენად შეძლებს საქართველოს ხელისუფლება მათ შესრულებას. გზის დასასრულს კანდიდატის სტატუსიც კი შეიძლება ელოდოს საქართველოს. თუმცა ჩვენ უკვე ვიცით, რომ არსებობს მიმდინარე საკითხები. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მივესალმებით საკანონმდებლო მცდელობას, რომელიც მიმართულია ოლიგარქიზაციასთან გასამკლავებლად, ჩვენ ასევე გვესმის მესიჯები საქართველოს ხელისუფლებისგან იმასთან დაკავშირებით თუ რომელ პერსონას შეეხება აღნიშნული კანონმდებლობა. აქედან გამომდინარე, არსებობს ვარაუდი, რომ კანონმდებლობა არ გადაწყვეტს პრობლემას.

კიდევ ერთი საკითხი, რა თქმა უნდა, არის პოლარიზაცია პოლიტიკურ სპექტრში და შედეგად საზოგადოებაში. არ არის არანაირი ნიშნები იმისა, რომ ვითარება უმჯობესდება, უფრო პირიქით, რამდენად დიდხანსაც გრძელდება დაპირისპირება, ის მეტად მწვავდება დეზინფორმაციითა და მანიპულაციით.

რატომ ვსაუბრობ ამაზე ახლა? იმიტომ, რომ ეს არის გამოწვევები, რომელზეც ყველა უნდა ფოკუსირდეს. თუმცა მიხეილ სააკაშვილის შემთხვევა იმდენად ყოვლისმომცველია, რომ ჩვენ არ შეგვიძლია სხვაგან გახედვა. ის ასახავს ყველაფერს, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ პრობლემებისა და რეფორმების ნაწილში - სასამართლო სისტემისადმი უნდობლობა, პოლარიზაცია, დეზინფორმაცია. არ არსებობს დიდი კონსპირაცია, რომ ჩვენ გვიხდის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ან, რომ ძალას გვატანს სააკაშვილი - ეს აბსურდია. ჩვენ გვადარდებს ეს საკითხი იმიტომ, რომ უნდა გვადარდებდეს, რადგან ეს პოლიტიზირებული საკითხია და ადამიანი კვდება საპატიმროში. ვთხოვ საქართველოს ხელისუფლებას, ყურადღება გაამახვილონ არა მხოლოდ პოლიტიკურ საკითხებზე, რომლებსაც ისინი მოიგებენ სააკაშვილის საპატიმროში დატოვებით, არამედ იმაზეც, რასაც დაკარგავთ, რადგან ჩვენ გვიწევს დღეს დებატები გვქონდეს პოლიტიკურ პატიმარზე, ნაცვლად მაგალითად კანდიდატის სტატუსისა“, - განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ.

  • ანა ფოტიგა

მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, ჰუმანიტარული მიზნების გამო ის სამკურნალოდ უცხოეთში გაუშვან, - თქვა ანა ფოტიგამ ევროპარლამენტში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ გამართული დებატების დროს.

"რამდენიმე წლის წინ ვლადიმერ პუტინმა პირადად აღწერა ის ქმედებები, რომელთა განხორციელებაც საქართველოს მე-3 პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სურდა. იმის მიუხედავად, თუ რა საფრთხე ელოდა სააკაშვილს სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში, ის მაინც დაბრუნდა საქართველოში. სააკაშვილს არ ეპყრობიან ისე, როგორც სხვა ნებისმიერ პატიმარს. მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას ჰუმანიტარული მიზნების გამო ის სამკურნალოდ უცხოეთში დაუყოვნებლივ გაუშვან. ის საპატიმროში კვდება და ამაზე საქართველოს მომავალი ძალიან არის დამოკიდებული”, - განაცხადა ფოტიგამ.