ავტორი:

რობერტო ბაჯოს ბრძოლა და უიღბლობა: ის არ დანებდა უმძიმეს ტრავმას და თავისი ფეხბურთი მაინც ითამაშა - იტალიელი ლეგენდა, რომელმაც კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი ვერ გაიტანა

რობერტო ბაჯოს ბრძოლა და უიღბლობა: ის არ დანებდა უმძიმეს ტრავმას და თავისი ფეხბურთი მაინც ითამაშა - იტალიელი ლეგენდა, რომელმაც კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი ვერ გაიტანა

1967 წლის 18 თებერვალს, ფლორინდო ბაჯოს ოჯახში მატება იყო. მისმა მეუღლე მატილდამ მეექვსე შვილი - ბიჭი გააჩინა. ქალაქ კალდონიოში ყველა იცნობდა უბრალო ზეინკალს, რომელიც დიდ ოჯახზე ოცნებობდა და ჰყავდა კიდეც.

მამამ ყველას განუცხადა, რომ ბავშვს ედდის არქმევდა. ფლორინდო ველოსპორტის დიდი ფანი იყო, ხოლო მისი კერპი ბელგიელი ედვარდ მერკსი იყო, რომელიც მეოცე საუკუნის საუკეთესო ველომრბოლელად დაასახელეს. თუმცა იმ პერიოდში ედვარდი ჯერ მხოლოდ იწყებდა დიდ კარიერას და ბაჯოს ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ახალგაზრდა სპორტსმენი დიდ წარმატებას მიაღწევდა. საქმეში მატილდა ჩაერია და მამის იდეას ვეტო დაადო, საპასუხოდ კი რობერტო შესთავაზა. ფლორინდოს სხვა გზა აღარ ჰქონდა და დანებდა.

ბიჭუნას ბავშვობა ბედნიერი და მხიარული იყო. მის შემდეგ ოჯახში კიდევ ორი ბავშვი დაიბადა. მრავალრიცხოვან ოჯახში ჟრიამული არასდროს წყდებოდა, ცოტა რომ წამოიზარდა, რობერტოს საყვარელ საქმედ ნადირობა იქცა - მამა ხშირად დადიოდა ბატებზე სანადიროდ და პატარა ბაჯოსაც თან გაიყოლებდა ხოლმე.

"ნადირობისას შენ დროის მიღმა ხარ. საკუთარ თავში ღრმავდები და მთელი სამყაროსგან იზოლირდები, ბოროტებაც კი დროებით პაუზდება. აი, რატომაც არ შემიძლია ნადირობის გარეშე ცხოვრება. არ აქვს აზრი, სახლში ნადავლით დაბრუნდები, თუ არა. რომ არსებობდეს ისეთი სანადირო ტყვია, რომელიც ცხოველს არ კლავს და უბრალოდ, დროებით აძინებს, ჩემზე ბედნიერი არავინ იქნებოდა. ყველაფერს დავთმობდი, რომ რასაც სიცოცხლე წავართვი, უკან დავუბრუნო“, - ამბობს ბაჯო.

მამას შვილმა იმედი მალე გაუცრუა, როდესაც განუცხადა, რომ ველოსპორტი ოდნავაც არ აინტერესებს. სამაგიეროდ, მისი წლოვანების ბავშვებს აჰყვა და მწვანე მოედანზე დიდი ჟინით დასდევდა ბურთს. 7 წლის ასაკში ის საფეხბურთო აკადემიაში მიიყვანეს. მაშინ თანატოლები ზიკოს ფანები იყვნენ. ბაჯომ მტკიცედ გადაწყვიტა, რომ ზიკოსნაირი ფეხბურთელი იქნებოდა...

"ჩემპიონატის არცერთ თამაშს არ ვტოვებდი. შეუძლებელი იყო ჩემი ტელევიზორის ეკრანიდან მოშორება. ფეხბურთზე ვაბოდებდი. ფეხბურთელების დიდი ალბომი მქონდა. ზოგჯერ დედა ძალით მართმევდა ძველ ბუცებსა და ბურთს, მაგრამ ჩუმად შევძვრებოდი მამის ოთახში, ავიღებდი მათ და გავრბოდი მოედანზე“, - იხსენებს რობერტო.

ზიკო მაშინ მსოფლიოს იპყრობდა, ყველა ცდილობდა მისი სტილის მორგებას, პატარა ბიჭები ცდილობდნენ ბურთი შორიდან და ლამაზად დაერტყათ.. ზოგჯერ გვიან ღამე მარტო რჩებოდა მოედანზე და ზიკოს სტილში ცდილობდა დარტყმას.

14 წლის ასაკში მისით ვენეციელები დაინტერესდნენ. ერთხელ ვიღაცამ "ვიჩენცაში" სკაუტებს მოუყვა, რომ პატარა კალდონოში ნიჭიერმა ბიჭმა ერთ მატჩში 6 გოლი შეაგდო. გაგიჟდნენ ვაჭრების შთამომავლები. გვანახეთ ვინ არის ასეთიო. მოკლედ, აღარ გაწელეს და რობერტო გუნდში მიიყვანეს. თავიდან საქმე არ გამოვიდა - სათადარიგო სკამზე დრო ნელა გადიოდა, ხელფასი 170 დოლარი ჰქონდა, თუმცა ის უკვე პროფესიონალი ფეხბურთელი იყო და არა მოყვარული.

15 წლის ასაკში მარიხუანა გასინჯა, მაგრამ არ მოეწონა. თუმცა დილით და საღამოს სიგარეტის მოწევაზე უარს არ ამბობდა. საბოლოოდ მაინც მოიშორა ეს მავნე ჩვევა.

გარდატეხა 1984-85 წლების სეზონში მოხდა. რობერტომ თავისი მწვრთნელი აღაფრთოვანა და აიძულა, რომ ახალგაზრდა გენიოსისთვის სათამაშო დრო გაეზარდა. მან სეზონში 12 გოლი გაიტანა, გუნდი მეორე ადგილზე გაიყვანა და სერია B-მდე დააწინაურა.

და იტალიური გრანდების სკაუტებმაც არ დააგვიანეს... "ფიორენტინამ“ 1.4 მილიონი შესთავაზა და ვიჩენცელებიც ბაჯოს დაემშვიდობნენ. თავის მხრივ, კმაყოფილი იყო რობერტოც, რადგან სერია C-დან სერია A-ში ამოყო თავი.

თუმცა...

სეზონის ბოლომდე რამდენიმე თამაში რჩებოდა, ბაჯოს კონტრაქტი გაფორმებული ჰქონდა, თუმცა მწვრთნელმა მას მაინც მისცა სათამაშო დრო. უკვე მე-6 წუთზე ულამაზესი გოლი შეაგდო, თუმცა რამდენიმე წუთში მოედნის ცენტრში სასტიკად წააქციეს... მოედნიდან საკაცით გაიყვანეს და ექიმების გუნდს მოუხმეს. საღამოს დაღონებულმა ექიმმა განაცხადა, - მარჯვენა ფეხის ჯვარედინი მყესები აქვს გაწყვეტილი და თამაშს დიდი ალბათობით ვეღარ გააგრძელებსო...

"ტრავმამ დიდი ხნით ჩამომაშორა ფეხბურთს. თერაპიას გავდიოდი, საშინელი ტკივილები მქონდა, მტერს რომ არ ვუსურვებ, ისეთი...“ - იხსენებს რობერტო.

სიტუაციას ის ფაქტი ართულებდა, რომ რობერტოს მთელი ცხოვრება ალერგია ჰქონდა და ტკივილს ვერ უყუჩებდნენ. მატილდას, დედას, უმძიმესი ტკივილის დროს ეხვეწებოდა, რომ მოეკლათ და ეს ჯოჯოხეთი დაესრულებინათ.

"მარჯვენა ფეხი იმდენად დაპატარავდა, რომ ხელს ჰგავდა. მუხლი კი ისე გასივდა, რომ ნესვს დაემსგავსა. ჭრილობა ძაფით კი არა, "სკრეპებით" იყო დამაგრებული. ისე მტკიოდა, რომ ახლოს მჯდომ დედას ვუყვიროდი: "თუ ოდნავ მაინც გიყვარვარ, მომკალი - ამას ვერ გადავიტან“.

"ფიორენტინას“ რიგებში პირველი სეზონი მთლიანად გამოტოვა. 1986 წლის შემოდგომას ნანატრი დებიუტი შედგა, მაგრამ ტრავმა გართულდა, ექიმმა თამაში აუკრძალა. კარიერის დასრულებისკენ მოუწოდა, მაგრამ ბაჯო არ ნებდებოდა.

"ბუდიზმი, რომ არა, მე ალბათ მამასავით ზეინკალი ვიქნებოდი, ან ბრაკონიერი გავხდებოდი“, - ამბობს ფეხბურთელი.

ბუდიზმამდე ის კათოლიკე იყო, ისევე, როგორც მთელი მისი ოჯახი. კვირაობით ეკლესიაში დადიოდა, თუმცა ფეხბურთმა, დამქანცველმა ვარჯიშებმა, თამაშებმა და გადატვირთულმა გრაფიკმა, რელიგია მისი ცხოვრებიდან განდევნა, მაგრამ ტრავმამ ის უკან დააბრუნა. ორი მძიმე ოპერაციის შემდეგ, რობერტო ძალიან ჩაიკეტა. ერთადერთი, ვისთანაც მეგობრობდა, ვინილის გამყიდველი მაურიციო ბოლდრინი იყო. მან ბიჭს უთხრა: შენ გიშველის ბუდა. რობერტომ ბუდაზე რამდენიმე წიგნი შინ გაიყოლა და იმის შემდეგ მისი ტრანსფორმაცია დაიწყო. ახალი რელიგიის დოგმებმა ბაჯო შეაჩვია შემგუებლობას, მოთმინებას და სულის სიმტკიცეს.

"ვარჯიშის დროს, რომ მნახოთ, გაგიკვირდებათ. ჩემი მუხლი ისეთ ხმებს გამოსცემს, იფიქრებთ, ახლა გადატყდებაო. ტკივილი არსად წასულა და ყოველთვის თან მახლავს. ნებისმიერი ვარჯიში შესაძლოა ბოლო აღმოჩნდეს. როცა მეუბნებიან, "შენ ხომ ბაჯო ხარ, შენთვის ყველაფერი მარტივია“ - ვმწარდები, მათ არ იციან, რა გამოვიარე და რას გავდივარ“ - იხსენებდა რობერტო.

  • დიდება.

"ფიორენტინაში“ გადასვლიდან მხოლოდ მესამე სეზონში შეძლო ბაჯომ თავისი უნარების დემონსტრირება. იტალიის ჩემპიონატის მეორე ტური იყო, "იასამნისფერები" არიგო საკის "მილანს“ ხვდებოდნენ. მთელი თამაშის განმავლობაში მოედნის მეორე ნახევარს ორჯერ გასცდნენ, მაგრამ ორივეჯერ გოლი გაიტანეს. მეორე გოლი ბაჯომ შეადგო, მან ბურთი თავის ნახევარზე მიიღო, აიღო სისწრაფე, მარტომ წაიღო მეკარისკენ და გოლი გაიტანა ზუსტად ზიკოს სტილში. სტადიონი ფეხზე წამოუდგა, ტაშს უკრავდნენ მილანის ქომაგებიც.

ასეთი წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, ფეხბურთელი იტალიის ეროვნულ ნაკრებში მიიწვიეს. ამასობასში დაოჯახდა, ცოლად თავისი შეყვარებული ანდრეინა მოიყვანა. ქორწინებამ 15 წელს გასტანა, არადა, როგორ დიდებულად იწყებოდა. ქორწილზე ცნობილ ადამიანებთან ერთად, გამოცხადდნენ "ფიორენტინას“ გულშემატკივრები, რომლებიც შორიახლო იდგნენ და შეძახილებით ულოცავდნენ ახალდაქორწინებულებს. ბანერებზე ეწერა: "წინ, რობერტო. ფლორენციას უყვარხარ!“ უსაზღვრო ბედნიერების მომენტში კიდევ ერთი სიახლე გახდა ცნობილი - გუნდმა ხელშეკრულება 1991 წლამდე გაუხანგრძლივა. ფეხბურთელმა პირველად, საკუთარი სახლიც შეიძინა. ბოლო სეზონში "იასამნისფერების" შემადგენლობაში 17 გოლი გაიტანა და და გუნდს "უეფას" თასის ფინალში გასვლაში დაეხმარა.

ახლოვდებოდა მუნდიალი. მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ბაჯოს "იუვენტუსმა“ შეთავაზება გაუკეთა. ჯანნი ანიელიმ სკაუტებს განუცხადა, რომ ნებისმიერ ფასად, ბაჯო გუნდში მოეყვანათ. რობერტომ შეთავაზება არც განიხილა და სთხოვა მენეჯერს, რომ შორს მოესროლა მომზადებული კონტრაქტი. ის არ აპირებდა "ფიორენტინას“ დატოვებას, რომელმაც 5 წლის განმავლობაში ფეხბურთელი არც ერთხელ არ მიატოვა, მიუხედავად ტრავმების, ოპერაციებისა და რეციდივებისა. მაგრამ გარემოება შეიცვალა...

"ფიორენტინა“ კოტრდებოდა, გუნდს სერიოზული ფინანსური პრობლემები ჰქონდა, ხოლო "იუვენტუსის" შემოთავაზება, რომლის მიხედვით ტურინელები 12.9 მილიონ ევროს იხდიდნენ, ერთგვარი მზის სხივი იყო ბნელი გვირაბის შემდეგ. ბაჯო ისე გაყიდეს, რომ ფეხბურთელმა ბოლო მომენტამდე არაფერი იცოდა. როდესაც გაზეთებში დაიწერა, რომ ბაჯო "იუვეში“ გადავიდა, ფანებმა ქალაქში არეულობა მოაწყეს და "ფიორენტინას“ შტაბი შტურმით აიღეს, პრეზიდენტს და მის ოჯახს სიკვდილით ემუქრებოდნენ. მათ არ იცოდნენ მომხდარის შესახებ და თავად ფეხბურთელსაც ადანაშაულებდნენ. ქუჩები გადაკეტეს, ბანერებით გამოვიდნენ, ცოტა ხნის წინ მათ სახატე ადამიანს, ლანძღავდნენ, აგინებდნენ, ემუქრებოდნენ. სიყვარული ზიზღით შეიცვალა...

1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატი იტალიაში ტარდებოდა. ნაკრების სავარჯიშო ბაზას რამდენიმე ათეული პოლიციელი იცავდა. ფეხბურთელებს კი ბაზის დატოვება ეკრძალებოდათ. ნამდვილი სპორტული რევოლუცია იყო. სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ ნაკრების ფეხბურთელები საერთოდ სხვა ქალაქში გადააფრინეს.

ზუსტად 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ფართო აუდიტორიამ გაიცნო ახალგაზრდა გენიოსი. განსაკუთრებულად თავი გამოიჩინა ჩეხოსლოვაკიის წინააღმდეგ, როდესად ნახევარი მოედანი მარტომ გაირბინა და უკვე თავის სტილში გაიტანა გოლი. ეს გოლი იმ ჩემპიონატის საუკეთესო გოლად დასახელდა. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მის ვარცხნილობაზე გააკეთა აქცენტი და ბაჯოს il Divin Codino - "ღვთაებრივი კუდი" უწოდა.

ნახევარფინალში იტალია არგენტინასთან დამარცხდა.

"იუვენტუსთან“ სიტუაცია რთულად იყო. მთელი მსოფლიო ჩემპიონატის განმავლობაში ბაჯო აცხადებდა, რომ "ფიორენტინას“ წარმოადგენდა და არა "იუვენტუსს“.

პირველ პრესკონფერენციაზე "ფიორენტინას“ შარფით გამოჩნდა, რამაც ტურინელი ფანები გააღიზიანა.

თუმცა ეს განწყობა მის თამაშის ხარისხზე უარყოფითად არ აისახა. სადებიუტო სეზონში მან 27 გოლი გაიტანა.

1993 წლის სეზონი მის კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, სასწაული თამაში, ბევრი გოლები, ჩემპიონთა ლიგის მოგება და რაც მთავარია - ოქროს ბურთი.

ტურინში ამრეზით მიღებული ფეხბურთელი, მალე მათი კერპი გახდა.

  • ეროვნული გმირობიდან გარიყვამდე

1994 წლის მუნდიალზე იტალია ფავორიტის სტატუსით გაემგზავრა. შემადგენლობა სავსე იყო ვარსკვლავებით. ბაჯო კი იტალიის ოქრო, ერის სახე და ღირსება იყო. რაც არ უნდა გეკითხათ იტალიელებისთვის, გპასუხობდნენ: "ჩვენ სამაგიეროდ ბაჯო გვყავს“.

იტალიელები ფინალში გავიდნენ, სადაც უძლიერესი ბრაზილია ელოდებოდათ. არავის ეჭვი არ ეპარებოდა, რომ გამარჯვება ევროპელებს დარჩებოდათ, მათ ხომ ბაჯო ჰყავდათ...

მას მცირე ტრავმა აწუხებდა, ფინალის დღეს, დილით ვარჯიშზეც არ გამოცხადდა.

"მთელი ცხოვრება მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე ვოცნებობდი, ფეხიც რომ მოეჭრათ, მაინც ვითამაშებდი", - უთხრა მის ბიოგრაფს ენრიკო მატტეზინის.

აშშ-ის იმჟამინდელმა პირველმა ლედიმ ჰილარი კლინტონმა "დიდი რვიანის“ შეხვედრაზე განაცხადა: "ვაღიარებ, ბაჯო - ჩემი საყვარელი ფეხბურთელია“.

იტალიის ნაკრებში სიტუაცია არეული იყო. ფანებმა ბაჯო იმდენად გააღმერთეს, რომ, აბსოლუტურად, ყველა მიღწევას მას აწერდნენ. მატჩის წინ ფეხბურთელებმა ბაჯოს ამპარტავნობაზე ისაუბრეს და მოედანზე ცუდი განწყობით გავიდნენ.

იმ თამაშში გოლი არ გავიდა. გამარჯვებული პენალტების სერიას უნდა გამოევლინა. ცხოვრებაში პენალტიდან ბურთი კარისთვის არასდროს აუცილებია. მისი დარტყმული მოუგერიებია მეკარეს, ძელს, მაგრამ აცდენა? - არასდროს. ბაჯოს გამორბენი, დარტყმა და ბურთი შორს მიფრინავს, ხარიხასაც ასცდა და სადღაც გადავარდა. იტალიამ ფინალი წააგო.

პირველი პენალტი ფრანკო ბარეზიმაც ვერ გაიტანა, მაგრამ მან თანაგუნდელებს ბოდიში მოუხადა, ყველა პიცაზე დაპატიჟა და აპატიეს. რობერტო ბაჯოს არავისთან უსაუბრია, ოთახში შეიკეტა და კარგა ხანს გარეთ არ გამოსულა. ამ დარტყმას სიზმარში ხშირად ხედავდა...

შემდეგ იყო "იუვენტუსში“ ახალი სეზონი, ტრავმა, დელ პიეროს გამოჩენა, ასაკი, ისევ ტრავმა და მოშუშება... ახალგაზრდა დელ პიერო შედეგიანობაში არ ჩამორჩებოდა ბაჯოს, გუნდმა მასზე აქცენტის გაკეთება გადაწყვიტა. ამას დაემატა ანიელისთან დაძაბული ურთიერთობა, რამაც ფეხბურთელი მიიყვანა გადაწყვეტილებამდე, რომ კლუბი უნდა დაეტოვებინა.

შემდეგ წლებში ლეგენდარული ფეხბურთელი თამაშობდა "მილანში“, "ბოლონიაში“, შემდეგ დადგა მისი რენესანსი და გადავიდა "ინტერში“, ბოლოს კი "ბრეშიაში".

რა თქმა უნდა, იმ პერიოდის ასე ერთ აბზაცში ჩაწერა შეუძლებელია, თუმცა მოდით, იქ გავჩერდეთ, სადაც ბაჯო დიდების ზენიტში იყო და იმ წლებს სხვა დროს დავუბრუნდეთ.

საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, რობერტომ ძალები იტალიის ფედერაციის ტექნიკური დირექტორის პოზიციაზე სცადა. მის მოვალეობაში შედიოდა ახალგაზრდა ტანალტების ძიება, თუმცა მალე მოწყინდა. მოგვიანებით სამწვრთნელო ლიცენზია მოიპოვა, მაგრამ მწვრთნელი მაინც არ გახდა. მეტიც, ეზოში ბავშვებსაც უარს ეუბნებოდა ცოტა ხნით მათთან თამაშზე. სოციალურ ქსელებშიც არ გაბრწყინდა. თითქოს ყველაფერს ჩამოშორდა და გაირიყა. ამჟამად სოფლის მეურნეობის მიმართულებით გაეროს ელჩია.

ბაჯო დედამიწის გარშემო მოგზაურობს და სტიქიური უბედურებებით დაზარალებულებს ეხმარება. ამ ცოტა ხნის წინ მას იტალიის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის ორდენი გადასცეს. ცერემონიაზე რობერტო მოკრძალებულად გამოიყურებოდა...

მან აღიარა, რომ ფეხბურთს დიდი ხანია აღარ უყურებს, არ იცის თანამედროვე ვარსკვლავები. მისი ფილოსოფია და ბუდიზმზე მიჯაჭვულობა "ღვთაებრივ კუდს" ასწავლის, რომ წარსულით არ უნდა იცხოვროს...

  • ავტორი: ანრი კურტანიძე