ავტორი:

"მშობლები შვილებს ჩემთან მეგობრობასაც კი უკრძალავდნენ... ამერიკაში რომ წამოვედი, თან ძაღლი მახლდა" - ქართველი მხატვარი, რომელიც აშშ-ში 12 ხელოვანთან ერთად გამოარჩიეს

"მშობლები შვილებს ჩემთან მეგობრობასაც კი უკრძალავდნენ... ამერიკაში რომ წამოვედი, თან ძაღლი მახლდა" - ქართველი მხატვარი, რომელიც აშშ-ში 12 ხელოვანთან ერთად გამოარჩიეს

ქართველი, ზუგდიდში დაბადებული ბაია ურიდია ამერიკაში ძალიან მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევს... თავის ბობოქარი ცხოვრების შესახებ ხელოვანი ამერიკიდან ვრცლად გვესაუბრა:

- ბაია, როგორ იხსენებთ თქვენს ბავშვობას, რა ფაქტორები იყო თქვენთვის ყველაზე გარდამტეხი?

- ცალსახად, ერთი სიტყვით განსაზღვრება, თუ როგორ მახსენდება ბავშვობა, ჩემ შემთხვევაში, იმთავითვე შეუძლებელია... დაბადებისთანავე ვიზრდებოდი ბებიასა და ბაბუას მზრუნველობის ქვეშ, დედაჩემი საკმაოდ ახალგაზრდა იყო, როცა მე გავჩნდი. მამა არ მახსოვს, იმდენად პატარა ვიყავი, როცა გარდაიცვალა.

დავიბადე და ვიზრდებოდი ზუგდიდში, სადაც მეტისმეტად არ ჰქონდათ მიმღებლობა ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობის, ვგულისხმობ პიროვნულ თავისუფლებასა და საკუთარი თავის გულწრფელ გამოხატვას. მე გამიმართლა ჩემ აღმზრდელ ადამიანებში, ბებიასა და ბაბუაში, რომლებიც მუდმივად ზრუნავდნენ, ცოდნას მიმეღო და შემეცნების პროცესში ვყოფილიყავი. მე გულწრფელობამ გადამარჩინა ცხოვრების ყველა ეტაპზე. განსაკუთრებით მაშინ, როცა მაძაგებდნენ იმის გამო, რომ როკსა და მეტალს ვუსმენდი, იმის გამო, რომ საკუთარი აზრი, შეხედულება (რომელიც არ იყო გაბატონებული იდეებისა თუ მოსაზრებების ბორკილებში) გამაჩნდა ყველაფრის მიმართ და ამას თავისუფლად ვაჟღერებდი. მშობლები ჩემთან მეგობრობასაც კი უკრძალავდნენ შვილებს. გარდატეხის ასაკში ვებრძოდი უდიდეს ტრავმებს და მენტალურ პრობლემებს, უამრავი დღე თუ ღამე გამიტარებია ტირილში, თუმცა არასოდეს, არასოდეს შემიწყვეტია საკუთარი რაობის გამოვლენა, უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლა, უმცირესობების მხარდაჭერა.

- თქვენი პირველი ნაბიჯები ხელოვნებაში, ლიტერატურაში, რამდენად აისახა ეს ყველაფერი... ბებია და ბაბუა როგორ ხვდებოდნენ თქვენს რევოლუციურ ნაბიჯებს?

- სამი წლის ვიყავი, როცა მამაჩემი გარდაიცვალა, სწორედ ამ ასაკში დავიწყე ხატვა. ვხატავდი დედასა და მამას, ერთად. მუყაოს ქაღალდზე ავსახავდი იმ სცენებს, რომლებზედაც, თითქოს იმთავითვე, გაუაზრებლად ვიცოდი, რომ მსგავსი არაფერი მოხდებოდა ჩემს ცხოვრებაში. ეზოიან სახლში ვცხოვრობდი, სადაც ეზოს უკანა ნაწილში, ბეტონისა და ხის, ძველი, შიშველი ხელებით ნაგები ერთოთახიანი ქოხის მსგავსი კონსტრუქცია იდგა. შუქი მხოლოდ წვრილ სვეტებად ეშვებოდა, ზოგან ლაქებადაც კი. ეს აღმაფრთოვანებდა, თუმცა ამ შეგრძნების მიზეზ-შედეგობრივი კავშირები ნამდვილად არ ვიცოდი, პატარა ვიყავი. მიყვარდა ეს ადგილი, მისტიკური და ესთეტიკური იყო ჩემთვის. ერთ დღესაც, აქ ვიპოვე ძველთაძველი სამედიცინო ნივთები, განსაკუთრებით მოვიხიბლე ლაბორატორიული ჭურჭლებით - კოლბებით. გავიქეცი, მოვიტანე ჩემი ფლომასტერები, ამოვაცალე ე.წ. "გული" თითოეულს, მოვათავსე კოლბებში, ჩავასხი წყალი და ვუცდიდი პროცესს. ვხედავდი, რომ წყალი ფერს იცვლიდა, და ვგრძნობდი, თუ რამდენად ბედნიერი ვიყავი ამ ესთეტიკური პროცესით. დაახლოებით 6-7 წლისა ვიყავი.

რაც შეეხება ლიტერატურას, ბებია ქალაქის საჯარო ბიბლიოთეკაში მუშაობდა, სადაც ძალიან პატარა ასაკიდანვე მიყვარდა სტუმრობა. განსაკუთრებით მომწონდა წიგნების ლაბირინთებში ხეტიალი - ბნელი ოთახები იყო, სადაც მხოლოდ და მხოლოდ წიგნები ცოცხლობდნენ. ბებიამ იმდენი მოახერხა, რომ 3 წლისამ ვიცოდი ანბანი, ხოლო 4 წლის ასაკში შემეძლო წერა და კითხვა. ბაბუა... მინდა, რომ ცხოვრებაში ყველაფერი, რაც კი სიკეთესა და წარმატებასთან ასოცირდება, მას მივუძღვნა. ის ყოველთვის ჩემი განსაკუთრებული გულშემატკივარი იყო. ჩემი ოჯახი ცნობილია ზუგდიდში, შესაბამისად, ძალიან ბევრი საუბრობდა იმის შესახებ, რომ მე ბაბუაჩემისა და ბებიაჩემის შვილიშვილი, "ასეთი გამოვდექი..."

- ამ ორთაბრძოლებში თქვენ საქართველოში წარმატებებს მიაღწიეთ და თავი დაიმკვიდრეთ, როგორ შეძელით?

- საყოველთაო აღიარებები ნამდვილად არ მომიპოვებია. მიუხედავად იმისა, რომ პოპულარიზაცია არ მომიხდენია, ჩემმა ნამუშევრებმა შეძლეს ბევრი ადამიანის აღფრთოვანება გამოეწვიათ, დაემშვენებინათ ადამიანების კედლები, ესთეტიკური სიამოვნება მიენიჭებინა და ფიქრთა პროცესის სადარაჯოზედ ემწყემსა მათთვის.

ჩემს ყველაზე დიდ წარმატებად, რასაც საქართველოში მივაღწიე, ვთვლი იმას, რომ მარინისტ მხატვრად ჩამოვყალიბდი, ზღვებისა და ოკეანეების მხატვრად, წყლების ფუნჯით მოსმის ინსტინქტის მქონედ... მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ნამუშევრები საქართველოს ფარგლებს გარეთაც არიან, დღეს, ვფიქრობ, ჩემი ხელოვნების ყველაზე დიდი წარმატება იყო მათი მონაწილეობა კეთილ საქმეში, კერძოდ ქველმოქმედებაში, რომელიც უკრაინის ომის შედეგად დაზარალებული ქალებისა და ბავშვების ფონდს გულისხმობდა.

- როდის და როგორ აღმოჩნდით ამერიკაში, როგორია ამერიკაში გატარებული პერიოდი?

- მწვანე ბარათის საშუალებით მოვიპოვე ამერიკაში ცხოვრების, სწავლისა და მუშაობის უფლება. პირველად, ნიუ-იორკში ჩავფრინდით მე, ჩემი ძაღლი და ჩემი გონების მთავარი ბირთვი, შემართების, ნებისმიერი წარმატებისა თუ მიღწევის უკან მდგომი, "რუხი კარდინალი", ლუკა, რომელთან ერთადაც, აწ უკვე ლამის ხუთი წელია, თანავცხოვრობ. შემდეგ, სწორედ ლუკას მიერ დაგეგმილი მარშრუტით, "road trip"-ით გავეშურეთ კალიფორნიისაკენ. თითქმის ორი კვირა გზაში ვიყავით, ნახევრად მანქანაში ვცხოვრობდით, გზისპირა სასტუმროებში ვათენებდით ღამეებს, ვიმოგზაურეთ სხვადასხვა შტატში...

ახლა, მარტო ვცხოვრობ. ორივე ჩვენგანი ახალ გამოწვევებს ვხვდებით აქ, რასაკვირველია, ჩვენივე ნებით. რთული, მაგრამ საინტერესო ცხოვრება ავირჩიეთ. სულ რაღაც სამი თვე და რამდენიმე კვირაა, რაც ამერიკაში ვარ, კერძოდ სან-ფრანცისკოში. აქ, პირველად ვნახე ოკეანე, რომელსაც ამდენი ხანი ვხატავდი. რამდენიმე კვირის წინ, შტატების საჰაერო ძალებში ჩავირიცხე. როგორც კი ჩამოვედი, აქტიურ მზადებას შევუდექი, რის შედეგადაც ჩავაბარე თეორიული გამოცდები, შემდეგ გავიარე ბევრი საჭირო, ზოგიც საკმაოდ სტრესული პროცესი და საბოლოოდ, მივაღწიე ფიცის დადების ცერემონიამდე. საქართველოში ყოფნის დროს, მქონდა ასეთი პროექტი - "Battle OF The Great Female Wariorrs", რომლის ფარგლებშიც, საკუთარ სხეულზე ვიხატავდი პერსონაჟებს (bodyart), თითოეულ მათგანს ვარქმევდი სახელებს და ვწერდი მათ ისტორიებს ფენტეზის ჟანრში. ეს გმირები, სინამდვილეში, ჩემში არსებული არქეტიპები არიან. ბავშვობიდან მიზიდავდა ბრძოლის ესთეტიკა, საბრძოლო აღჭურვილობები, სამხედრო მოსამსახურის ირგვლივ პროცესები. ფიზიკურად ყოველთვის აქტიური ვიყავი, ახლაც ვვარჯიშობ, ძლიერად და ენერგიულად ვგრძნობ თავს. ასე რომ, ჩემ მიერ ამ გადადგმულ ნაბიჯს აქვს ლოგიკური პრეისტორია.

ამასობაში, მოვლენები ისე განვითარდა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი პროცესი/პროექტი ხელოვნების ირგვლივ "Art Battle" ჩემით დაინტერესდა. მომიწვიეს სან-ფრანცისკოს 12 მხატვარს შორის, რომლებსაც რამდენიმე ასეული ადამიანის წინაშე, პერფორმანსი უნდა შეგვესრულებინა - დაგვეხატა ტილოზე.

ძალიან ვღელავდი, არასოდეს დამიხატავს ხალხის წინაშე, არ ვიცოდი, რამდენად შევძლებდი ამას. აბსოლუტურად არ მქონია შეჯიბრებითობის პათოსი, ჩემთვის იქ ყოფნა, მონაწილეობა და მოწვევა უკვე უდიდესი მნიშვნელობის მატარებელი იყო, წამითაც არ მიფიქრია, არც კი დამიშვია, რომ ხალხის რჩეული გავხდებოდი. არასოდეს დამავიწყდება ის გულანთებული, ბედნიერებისგან მროკველი ადამიანი, რომელმაც ჩემთან მოირბინა და მითხრა, რომ როგორც იქნა, საბოლოოდ, მოახერხა და აუქციონი მოიგო, შეიძინა ჩემი ნახატი. გულწრფელად უნდა ვთქვა, ეს იყო ყველაზე გონიერი, ადეკვატური და სასიამოვნო საზოგადოება, სადაც კი ოდესმე თავი ამომიყვია.

იმ სამ თვეში, ცხოვრებაში პირველად, დავესწრები იმ უდიდესი ბენდის (Gojira) კონცერტს, რომლის მუსიკალური ალბომებიც განვასხეულე, შევქმენი რამდენიმე bodyart და cosplay, რომელსაც არაერთი artwork მივუძღვენი (ბენდის ფონტმენმა თავისი ინსტაგრამის გვერდზე, სახელწოდებით Int. Art. Solidarity განათავსა ჩემი ნამუშევრები. ეს ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი მოვლენა იყო ჩემ ცხოვრებაში).

- სამშობლოსთან დაკავშირებით თუ გაქვთ სამომავლო გეგმები?

- ახლო მომავლის პერსპექტივაში ნამდვილად არ მესახება. აქ, ამერიკაში, საკმაოდ დიდ ამბებს შევეჭიდე უკვე, რაც იმას ნიშნავს, რომ ცხოვრების ამ ეტაპზე, ყველა რესურსის აქ წამოწყებულ საქმეებზე მიმართვას ვსაჭიროებ...თუმცაღა არ გამოვრიცხავ, რაღაც ეტაპზე, კონკრეტული სამომავლო გეგმებიც გაჩნდეს.