ავტორი:

"მახსოვს, უკრაინელის სასახლეს რომ წავაწყდით... ჩვენს ჯარისკაცებს თევზები აუზიდან ამოეყვანათ და ჭამდნენ" - რუსი ოფიცრის მონაყოლი უკრაინელების წამებასა და რუსების მოროდიორობაზე

"მახსოვს, უკრაინელის სასახლეს რომ წავაწყდით... ჩვენს ჯარისკაცებს თევზები აუზიდან ამოეყვანათ და ჭამდნენ" - რუსი ოფიცრის მონაყოლი უკრაინელების წამებასა და რუსების მოროდიორობაზე

ყოფილი რუსი ოფიცერი ამტკიცებს, რომ უკრაინელი ჯარისკაცები სასტიკად აწამეს ტყვეობაში ყოფნისას, ნაწილი - დახვრიტეს და გაუპატიურებით დაემუქრნენ.

კონსტანტინე ეფრემოვი უმაღლესი რანგის ოფიცერია, რომელმაც ამაზე ღიად ისაუბრა. BBC-თვის მიცემულ ინტერვიუში ის ამბობს, რომ რუსეთში მას ახლა მოღალატედ და დეზერტირად მიიჩნევენ.

მისი თქმით, სამხრეთ უკრაინის ერთ-ერთ ადგილას "დაკითხვები და წამება ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდა. ყოველდღე, ღამით, ზოგჯერ დღეში ორჯერ".

ეფრემოვმა არაერთხელ სცადა თავისი ნებით დაეტოვებინა ჯარი, მაგრამ საბოლოოდ, გაათავისუფლეს. ახლა ის რუსეთიდან გაქცეულთა რიგებშია.

ეფრემოვის მიერ მოწოდებული ფოტოებისა და სამხედრო დოკუმენტების დახმარებით BBC-მ შეძლო დაედასტურებინა, რომ ომის დასაწყისში ის მართლაც იმყოფებოდა უკრაინაში - ზაპოროჟიეს რეგიონში, მათ შორის ქალაქ მელიტოპოლში.

კონსტანტინე ეფრემოვი, უფროსი ლეიტენანტის წოდებით, თავდაპირველად ჩეჩნეთში დისლოცირებული 42-ე მოტომსროლელი დივიზიის გამანადგურებელ ოცეულში მსახურობდა.

"მაშინ მხოლოდ ვიცოდით, რომ ეს იყო წვრთნები... 2022 წლის 10 თებერვალს ყირიმში ჩავედი პოლიგონზე, არავის სჯეროდა, რომ ომი დაიწყებოდა. ყველას სჯეროდა, რომ წვრთნები იქნებოდა, უფროსმა ოფიცრებმაც კი, დარწმუნებული ვარ, არ იცოდნენ" - ამბობს კონსტანტინე.

ომის დასაწყისი

"სოფელ ჯანკოიში ვიყავით, ეს არის ყირიმის ჩრდილოეთით, უკრაინის საზღვართან ახლოს... 24 თებერვალს, დილას ადრე, არტილერიის ხმა გავიგეთ. ყველა ეჭვი გაქრა: ომი დაიწყო" - ჰყვება ყოფილი სამხედრო.

კონსტანტინე იხსენებს, როგორ დახატეს ასო Z ტანკზე თეთრი საღებავით. რამდენიმე დღეში Z გახდა სიმბოლო იმისა, რასაც კრემლი სპეციალურ სამხედრო ოპერაციას უწოდებს.

მამაკაცი ამბობს, რომ გადაწყვიტა ჯარი დაეტოვებინა და ამისთვის მეთაურს მიმართა, მან კი შტაბის უფროსთან წაიყვანა.

"შტაბის უფროსმა მოღალატე და მშიშარა მეძახა, ფეხებში მესროლა. იქაურობა დავტოვე და ტაქსით გავემგზავრე. მინდოდა მივსულიყავი იმ დანაყოფის ადგილას, სადაც გროზნოში ყოფნისას ვმსახურობდი და გადადგომაზე განცხადება დამეწერა. თანამებრძოლებმა დამირეკეს და მითხრეს, რომ მეთაურმა ჩემი მონაცემები პოლიციას გადასცა და როგორც დეზერტირს 10 წლამდე ციხე მელოდა.“

ამის გაგების შემდეგ კონსტანტინემ სამხედრო ადვოკატს დაურეკა, რომელმაც ურჩია დაბრუნებულიყო და მეთაურთან გადადგომაზე წერილი დაეწერა, მაგრამ მათ უარი თქვეს მოხსენების მიღებაზე.

უკრაინაში...

კონსტანტინე დროებით კონსოლიდირებულ ბატალიონში მოათავსეს. 27 თებერვალს მან და მისმა ქვედანაყოფმა ბრძანება მიიღეს უკრაინისკენ წასულიყვნენ.

"მანქანებში ჩავსხედით და კოლონად გადავედით საზღვრისკენ, გადავკვეთეთ და გაუჩერებლად გადავედით მელიტოპოლისკენ" - ამბობს ის. მომდევნო 10 დღე მან სამხედრო აეროდრომზე გაატარა, რომელიც რუსმა ჯარებმა დაიპყრეს.

”იქ ვნახე ძარცვის პირველი შემთხვევები, ჯარისკაცებმა და ოფიცრებმა ყველაფერი გაძარცვეს, არასაჭირო ნივთებსაც კი მანქანებში ალაგებდნენ" - იხსენებს ყოფილი ჯარისკაცი.

კონსტანტინეს გადაღებულ ფოტოებზე ჩანს სატრანსპორტო თვითმფრინავი და დამწვარი შენობა. ადგილობრივმა მოსახლეობამ BBC-ის დაუდასტურა, რომ ფოტოზე ასახულია სოფელი უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქში, სადაც, კონსტანტინეს თქმით, ის მსახურობდა.

დაახლოებით თვენახევრის განმავლობაში მას და კიდევ რვა ჯარისკაცს დაევალათ ზაპოროჟიეს რეგიონში რუსული საარტილერიო ნაწილის დაცვა.

”მთელი ეს დრო ქუჩაში გვეძინა, ვშიმშილობდით, ვნადირობდით კურდღლებზე, ხოხობზე, წყალს ვზოგავდით. მახსოვს შემთხვევა, როდესაც უზარმაზარ სასახლეს წავაწყდით... აღმოჩნდა, რომ ის უკვე დაეკავებინათ რუსეთის სხვა ბრიგადის მებრძოლებს. სახლი აშკარად ძალიან მდიდარი კაცის იყო... ეზოში ძვირადღირებული ტრაქტორები იდგა, აუზში იაპონური კობრები დაცურავდნენ“, - ამბობს კონსტანტინე.

ჯარისკაცებმა, რომლებიც იქ ცხოვრობდნენ, მიუხედავად იმისა, რომ საკვები დიდი რაოდენობით ჰქონდათ, თევზები აუზიდან ამოიყვანეს და შეჭამეს.

დაკითხვა

აპრილში კონსტანტინეს ქვედანაყოფს ზაპოროჟიის ოლქის ქალაქ ბილმაკში (კამენკა) "უკანა შტაბის" დაცვა დაევალა. პოლკოვნიკი იქ დატყვევებული უკრაინელების დაკითხვით იყო დაკავებული.

"ერთ დღეს იქ სამი უკრაინელი სამხედრო ტყვე მოიყვანეს, ერთ-ერთმა აღიარა, რომ სნაიპერი იყო. ამ სიტყვებზე პოლკოვნიკს თვალები გაუბრწყინდა, სცემა, ჰკითხა, იყო თუ არა დაოჯახებული და შემდეგ გაუპატიურებით დაემუქრა, თან უთხრა, რომ ვიდეოს მის ცოლს გაუგზავნიდნენ... იყო შემთხვევები, როდესაც ტყვეს კბილები დააცალეს და თავში ესროლეს...

ტყვეები ავტოფარეხში ჰყავდათ, პოლკოვნიკმა უბრძანათ, რომ მხოლოდ წყალი და პური მიეწოდებინათ. ბიჭებს ვთხოვე, თივა დაგვეყარა, რომ შიშველ მიწაზე არ დაეძინათ. ცხელი ჩაი და სიგარეტიც მიგვიტანია".

გამგზავრება

რამდენიმე კვირის შემდეგ კონსტანტინემ ექვს ჯარისკაცთან ერთად ბატალიონი დატოვა.

"პირდაპირ ტყით წავედით, ვლადიკავკასელი მეგობარი დამეხმარა. 27 მაისს მივედი ჩემს სამხედრო ნაწილში, გროზნოში და წასვლაზე განცხადება დავწერე. ოფიცრებმა, რომლებიც უკრაინაში ერთი დღეც არ ყოფილან, მითხრეს, რომ მე ვიყავი მშიშარა და მოღალატე. საბოლოოდ გათავისუფლებაზე დათანხმდნენ, ოღონდ განცხადებაში წერია, რომ მან "დისციპლინური გადაცდომა ჩაიდინა..."

„10 წლიანი სამსახურის შემდეგ დამადანაშაულეს ღალატში, დეზერტირობაში მხოლოდ იმიტომ, რომ არ მინდოდა ხალხის მოკვლა“, - ამბობს კონსტანტინე.

მართალია, ჯარის დატოვება შეძლო, მაგრამ 2022 წლის სექტემბერში პუტინის მიერ გამოცხადებული ეგრეთ წოდებული „ნაწილობრივი მობილიზაციის“ შემდეგ, ასობით ათასი რუსეთის მოქალაქე ჯარში გაიწვიეს და უკრაინაში საომრად გაგზავნეს.

„მივხვდი, რომ არ დამტოვებდნენ, სამხედრო აღრიცხვის განყოფილების თანამშრომლები სპეციალურად მოდიოდნენ, მორიგეობდნენ, იცავდნენ ჩემს სახლს. თავდაპირველად ბინა ვიქირავე და იქ ვიმალებოდი. ვემალებოდი მეზობლებს, რადგან ჯადოქრებზე ნადირობა დაიწყო. იყო შემთხვევები, როდესაც ბიჭები იმალებოდნენ და მეზობლებმა პოლიცია გამოიძახეს, რომ აეყვანათ. ძაღლივით დამალვა აღარ მინდოდა“.

კონსტანტინე დაუკავშირდა უფლებადამცველ ჯგუფს Gulagu.net, რომელიც დაეხმარა მას რუსეთის დატოვებაში.

„ბოდიშს ვუხდი მთელ უკრაინელ ხალხს, რომ დაუპატიჟებელი სტუმარი მივედი მათ სახლში იარაღით ხელში. და მადლობა ღმერთს, რომ არავინ მომიკლავს. მიუხედავად ამისა, მორალური უფლებაც კი არ მაქვს, უკრაინელებს პატიება ვთხოვო და არც ველოდები, რომ მაპატიებენ. არასდროს მდომებია და არ ვიღებ მონაწილეობას მსგავს რაღაცაში, ეს არის სიგიჟე..." - ამბობს კონსტანტინე.