ავტორი:

ჩინეთის აეროსტატი აშშ-ის თავზე და პენტაგონის განცხადება  - რა არის ჯაშუშური საჰაერო ბურთი, რა შესაძლებლობები აქვს და როგორ იყენებს მას ჩინეთი აშშ-ის წინააღმდეგ

ჩინეთის აეროსტატი აშშ-ის თავზე და პენტაგონის განცხადება  - რა არის ჯაშუშური საჰაერო ბურთი, რა შესაძლებლობები აქვს და როგორ იყენებს მას ჩინეთი აშშ-ის წინააღმდეგ

პენტაგონის განცხადებით, თვალყურს ადევნებენ ჩინეთის ჯაშუშურ საჰაერო ბურთს, რომელიც შეერთებული შტატების თავზე დაფრინავს.

  • აშშ-ის თავდაცვის უწყების ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ბურთს რამდენიმე დღის განმავლობაში აკვირდებიან მას შემდეგ, რაც ის აშშ-ის საჰაერო სივრცეში გამოჩნდა და მაღალ სიმაღლეზე დაფრინავს.

"აეროსტატი ამჟამად კომერციული საჰაერო მიმოსვლის სიმაღლეზე გაცილებით მაღლა მოძრაობს და არ წარმოადგენს სამხედრო, ან ფიზიკურ საფრთხეს ადგილზე მყოფი ადამიანებისთვის. ამ ტიპის საჰაერო ბურთების აქტივობა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, სხვა დროსაც დაფიქსირდა. მისი აღმოჩენის შემდეგ, აშშ-ის მთავრობამ დაუყოვნებლივ იმოქმედა სენსიტიური ინფორმაციის დასაცავად“, - აღნიშნულია პენტაგონის განცხადებაში.

პენტაგონის ოფიციალური პირების განცხადებით, მაღალი დამაჯერებლობით, აეროსტატი ჩინურია და ჯო ბაიდენი სიტუაციის შესახებ ინფორმირებულია.

ამასთან, გადაწყდა, რომ საჰაერო ბურთი არ ჩამოაგდონ, რადგან ნამსხვრევები, შესაძლოა, ადამიანებისთვის ზიანის მომტანი იყოს.

  • რა არის ჯაშუშური საჰაერო ბურთი და რა შესაძლებლობა აქვს?

ეს არის საჰაერო ბურთი დაზვერვისთვის საჭირო აღჭურვილობით. მაგალითად, დამაგრებული აქვს კამერა. ბურთზე მიმაგრებული აღჭურვილობა შეიძლება მოიცავდეს რადარს და სხვა მოწყობილობებს.

ჯაშუშური ბურთი, როგორც წესი, მუშაობს 24 000 მეტრიდან 37 000 მეტრ სიმაღლეზე. ეს საკმაო სიმაღლეა და გაცილებით მეტია, კომერციული ავიამიმოსვლისას თვითმფრინავების ფრენის სიმაღლეზე.

ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის საერთაშორისო უსაფრთხოებისა და დაზვერვის კვლევების პროფესორი, ჯონ ბლექსლენდი ამბობს, რომ ჯაშუშური ბურთები არ გვთავაზობენ მუდმივი მეთვალყურეობის ისეთივე დონეს, როგორსაც თანამგზავრები, მაგრამ მათი გამოყენება უფრო მარტივია, ხოლო გაშვება გაცილებით იაფია. იმისთვის, რომ თანამგზავრი გაგზავნო კოსმოსში, საჭიროა კოსმოსური გამშვები, აღჭურვილობა, რომელიც ასობით მილიონი დოლარი ღირს.

აეროსტატებს ასევე შეუძლიათ უფრო მეტი ტერიტორიის სკანირება უფრო დაბალი სიმაღლიდან, შეუძლიათ უფრო მეტი დრო გაატარონ მოცემულ ტერიტორიაზე, რადგან უფრო ნელა მოძრაობენ, ვიდრე თანამგზავრები.

  • სად გამოიყენეს პირველად?

ჯაშუშური ბურთები პირველად გამოიყენეს 1860-იან წლებში ამერიკის სამოქალაქო ომის დროს. კონფედერაციის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას. შეერთებულმა შტატებმა ეს იდეა ბოლო წლებში გააცოცხლა, მაგრამ ბუშტები მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე გამოიყენა.

"სხვის ატმოსფეროში მის გასაშვებად უნდა მიიღოთ ნებართვა, ან თუ აპირებთ ამის გაკეთებას ნებართვის გარეშე, მაშინ უნდა ელოდოთ, რომ ეს კარგად არ იქნება მიღებული“, - ამბობს ბლექსლენდი.

ექსპერტი კრეიგ სინგლტონი ამბობს, რომ ასეთი ბურთები ფართოდ გამოიყენებოდა აშშ-სა და საბჭოთა კავშირში ცივი ომის დროს და იყო ინფორმაციის შეგროვების იაფი მეთოდი.

  • რატომ გაუშვა ჩინეთმა ჯაშუშური საჰაერო ბურთი აშშ-ის ტერიტორიაზე?

ბლექსლენდის აზრით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჩინელებს წინასწარ არ სცოდნოდათ, მათ საჰაერო ბურთს აშშ-ში რომ აღმოაჩენდნენ. უფრო მეტიც, დიდი ალბათობით, ჩინეთის მიზანი იყო, რომ ამერიკელებს მათ ტერიტორიაზე მარტივად ეპოვათ მათი სადაზვერვო ბურთი და ამას თავისი მიზეზები აქვს.

მისივე თქმით, პირველი მიზეზი, რის გამოც ბურთი გაუშვეს, შესაძლოა, იყოს აშშ-ის შერცხვენის მცდელობა და მსოფლიოსთვის იმის ჩვენება, რომ ჩინეთს შეუძლია ასეთი ფორმით აწარმოოს დაზვერვის საქმიანობა აშშ-ის ტერიტორიაზე.

ბლექსლენდის თქმით, მეორე მიზეზი ისაა, რომ ჩინეთს სურს, შეერთებულმა შტატებმა გააცნობიეროს ის ფაქტი, რომ ჩინეთი თავისი ტექნოლოგიების გამოყენებით აგრძელებს მასზე მეთვალყურეობას, აკოპირებს მათ ტექნოლოგიურ მიღწევებს და მათსავე წინააღმდეგ უფრო კარგად იყენებს.

უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსი, ალექსანდრე ნილი ამბობს, რომ მართალია ჯაშუშური ბურთი ახალი გამაღიზიანებელია აშშ-სა და ჩინეთის ურთიერთობაში, მაგრამ სავარაუდოდ, ის შეზღუდული სადაზვერვო ღირებულებისაა. რეალურად კი ჩინეთის მოდერნიზებული არმია ბევრად უფრო ეფექტიან სადაზვერვო საშუალებებს ფლობს, რომლითაც აშშ-ზე თვალ-ყურის დევნებას წარმატებულად აგრძელებს.