ავტორი:

"სამინისტრომ სამარცხვინო პლაგიატის ფაქტი აღკვეთა" - კულტურის მინისტრის განცხადებით, "პაოლო იაშვილის შემოქმედების მავანთაგან დასაცავად" ახალი წიგნი გამოიცა

"სამინისტრომ სამარცხვინო პლაგიატის ფაქტი აღკვეთა" - კულტურის მინისტრის განცხადებით, "პაოლო იაშვილის შემოქმედების მავანთაგან დასაცავად" ახალი წიგნი გამოიცა

კულტურის სამინისტრო აცხადებს, რომ პოეტ პაოლო იაშვილის დაბადების 130-ე წლისთავზე, მისი შემოქმედების დასაცავად, ახალი წიგნი გამოიცა სახელწოდებით – "ელენე დარიანის დღიურები – ტექსტი და ავტორი პაოლო იაშვილი“.

ამის შესახებ ინფორმაცია უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.

კულტურის სამინისტრო ავრცელებს ასევე მინისტრ თეა წულკიანის მიერ მედიიისთვის მიცემულ კომენტარს, სადაც წულუკიანი აღნიშნავს, რომ ლიტერატურის ეროვნულ მუზეუმში "მავანს სურდა, შეებღალა პაოლო იაშვილის შემოქმედება და ეს ვინმე ელენე ბაქრაძისთვის მიეწერათ, მაგრამ მათი ეს მცდელობა კრახით დასრულდა“.

"ჩვენი ინიციატივითა და ხელშეწყობით, ჩვენი დაფინანსებით გამოიცა წიგნი, წიგნი, რომელიც ეძღვნება ერთის მხრივ პაოლო იაშვილის 130 წლისთავს და ასევე, მისი შემოქმედების დაცვას მავანთაგან, რომლებმაც შარშან და შარშანწინ, ლიტერატურის სახელწმიფო მუზეუმის ზოგიერთი წარმომადგენლის თაოსნობით, გადაწყვიტეს შეებღალათ პაოლოს, კომუნისტური რეჟიმის მიერ განადგურებული ამ დიდი ქართველის შემოქმედება. შეებღალათ იმით, რომ წაერთმიათ პაოლოსთვის მისი შემოქმედება და მიეწერათ ეს ვინმე ელენე ბაქრაძისთვის.

ეს წარმატება მათ ვერ მოიპოვეს, კრახით დასრულდა მათი ეს მცდელობა და სამინისტრომ ეს სამარცხვინო პლაგიატის ფაქტი აღკვეთა, “- ამბობს თეა წულუკიანი.

წიგნის შესახებ დამატებით ინფორმაციის სახით სამინიტროს ვებგვერდზე ვკითხუობთ:

"პაოლო იაშვილის შემოქმედების დასაცავად პოეტის დაბადების 130-ე წლისთავზე" ელენე დარიანის დღიურების“ ავტორის იდენტიფიკაციის საკითხი ლიტერატურული კვლევებისთვის, გარკვეულწილად, ახალ გამოწვევად იქცა.გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული, დღემდე არაერთი ისტორიული, ფაქტობრივი, ტექსტოლოგიური არგუმენტი გამოქვეყნდა იმის დასადასტურებლად, რომ "ელენე დარიანის დღიურების“ ავტორი პაოლო იაშვილია.

პოეტის ავტორობაში დაეჭვება განსაკუთრებით აქტიურად დაიწყო მაშინ, როცა მავანთ მისი ცხოვრებისა და შემოქმედების მოწმეთა უმრავლესობა ცოცხალი აღარ ეგულებოდათ. ამ პროცესში ჩართულმა პირებმა საწინააღმდეგო აზრის მქონე ლიტერატურათმცოდნეთა და მკვლევართა მტკიცებულებებისა და არგუმენტების მიღებასა თუ აღიარებაზე უარი თქვეს და არ გაიზიარეს ის, რაც კომპეტენტურმა მეცნიერებმა არაერთხელ განაცხადეს.

პაოლო იაშვილის შემოქმედების ამ ფორმით ეჭვქვეშ დაყენების კიდევ ერთი ცდა იყო 2021 წლის ბოლოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის მიერ კრებულის - "ელენე ბაქრაძე-დარიანი“ - გამოცემა.

ამ კრებულში არა მხოლოდ პაოლო იაშვილის, არამედ სხვა ავტორთა (მათ შორის - ანა კალანდაძის, გრიგოლ რობაქიძის) შემოქმედებითი მემკვიდრეობის ნიმუშებიც აღმოჩნდა მითვისებული და მათი ავტორობაც ელენე ბაქრაძეს მიაწერეს. ამის გამჟღავნებისთანავე წიგნის დამფინანსებელმა - საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ შეაჩერა წიგნის გავრცელება და დაგმო საავტორო უფლებათა დარღვევის უხეში ფაქტი.ცოტა ხნის შემდეგ ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმმა, კერძო შემოწირულობების წყალობით, ხელახლა გამოსცა კრებული და განაცხადა, რომ ეს იყო სამინისტროსათვის წინააღმდეგობის გაწევის აქტი.კრებული კვლავაც საავტორო უფლებების უგულებელყოფით გამოიცა: გარეკანს ისევ აწერია "ელენე ბაქრაძე-დარიანი“, წიგნში კი შეტანილია პაოლო იაშვილის ლექსები პოეტური ციკლიდან "ელენე დარიანის დღიურები“.

ამ ყოველივეს ფონზე 2022 წელს სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, დამუშავებულიყო და ერთ აკადემიურ კრებულად გამოცემულიყო კომპეტენტურ მკვლევართა, ლიტერატურათმცოდნეთა, ტექსტოლოგთა, მეთოდოლოგთა, ისტორიკოსთა ის ნაშრომები, რომლებიც 1997-2022 წლებში ამ თემაზე შექმნილა და ეფუძნება პროფესიული ანალიზის პრინციპებს, თანამედროვე კვლევით მეთოდებსა და შეხედულებებს.

შედეგად, 2022 წელს, პაოლო იაშვილის საიუბილეო თარიღთან - დაბადების 130-ე წლისთავთან დაკავშირებით, სამინისტროს ხელშეწყობით და ფონდის - "ცისფერყანწელთა ხსოვნისათვის“ - მონაწილეობით გამოიცა წიგნი "ელენე დარიანის დღიურები. ტექსტი და ავტორი - პაოლო იაშვილი“. წიგნი დაიბეჭდა სტამბა "სეზანში“.კრებულში თავი მოიყარა იმ ძველმა თუ ახალშექმნილმა არგუმენტირებულმა მასალამ, რომელიც სწორედ ლიტერატურულ-ტექსტობრივ ანალიზს ეფუძნება.

ამ კრებულის გამოცემით, დარგის სპეციალისტთა პროფესიონალური და კომპეტენტური ანალიზისა და დასკვნების საფუძველზე, კიდევ ერთხელ განხორციელდება XX საუკუნის ქართული მწერლობის უმნიშვნელოვანესი წარმომადგენლის, ქართული სიმბოლისტური სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებლის, პოეტის, ლიტერატურის კრიტიკოსის, პროზაიკოსის, მთარგმნელის, "ქართველი ევროპეისტის“ - პაოლო იაშვილის ლიტერატურული მემკვიდრეობის იდენტიფიკაცია და დადასტურდება, რომ პოლემიკა, რომელიც ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის ხელმძღვანელობის მხრიდან პოლიტიკურ დისკურსში გადაიზარდა, უსაგნოა და მას მხოლოდ პლაგიატი უდევს საფუძვლად. ეს მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ საქმე ეხება კომუნისტური დიქტატურის შედეგად გარდაცვლილი პოეტის ავტორიტეტსა და მისი შემოქმედების დაცვას." - ნათქვამია კულტურის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ განცხდებაში.