ავტორი:

"ისე წავიდა ჩემი ცხოვრება, რომ ყველაფერი ამიხდაო" - მსახიობი, რომელსაც დუბლიორი არასდროს ჰყოლია: ჯემალ ღაღანიძის 66 წელი თეატრსა და კინოში და მთავარი ჯილდო

"ისე წავიდა ჩემი ცხოვრება, რომ ყველაფერი ამიხდაო" - მსახიობი, რომელსაც დუბლიორი არასდროს ჰყოლია: ჯემალ ღაღანიძის 66 წელი თეატრსა და კინოში და მთავარი ჯილდო

მსახიობი ჯემალ ღაღანიძე 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან რუსთაველის თეატრში 66 წელი გაატარა, სადაც არაერთი სახასიათო როლი განასახიერა. მაყურებელი ბატონ ჯემალს ფილმებიდანაც იცნობს... 2011 წელს რუსთაველის თეატრის წინ ჯემალ ღაღანიძის "ვარსკვლავი" გაიხსნა. ის ამაყობდა იმით, რომ არასდროს ჰყოლია დუბლიორი და ლეგენდარულ "კავკასიურ ცარცის წრის" ყველა სპექტაკლში (600 წარმოდგენა) მონაწილეობდა.

"ცხოვრებაში ნამდვილად გამიმართლა. რაც ახალგაზრდობაში მქონდა ჩაფიქრებული, ის განვახორციელე. სკოლაში, თითქმის მეშვიდე კლასიდანვე ჩემი ოცნება იყო მსახიობი გავმხდრიყავი. ისე წავიდა ჩემი ცხოვრება, რომ ყველაფერი ამიხდა. ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, თეატრს და შემოქმედებით ცხოვრებას... ათწლეულებია რუსთაველის თეატრში ვარ. ხდება ხოლმე, როცა გრძნობ, ეს როლი რომ მეთამაშა, ალბათ ვითამაშებდი...

"კავკასიური ცარცის წრე"

მერე დროს მოაქვს ყველაფერი, ადამიანი ფიზიკურადაც იცვლება, გონებრივადაც და შეიძლება სასაცილოდაც მოგეჩვენოს, რომ იმ როლის თამაში გინდოდა... ერთი პერიოდი ძალიან გამხდარი, მაღალი ვიყავი და შეიძლებოდა, დონ კიხოტზე მეფიქრა, მაგრამ იმ მომენტში ამისთვის მზად არ ვიყავი, ჩემი ასაკი არ მაძლევდა იმის უფლებას, ამხელა როლი წამომეკიდებინა. მსახიობს თავისი ამპლუა აქვს და რეალურად უნდა იფიქროს... მიმაჩნია, რომ სახასიათო მსახიობი ვარ, იმიტომაც არის, რომ 4-5 კაცი ვართ თეატრალურ სამყაროში, რომლებმაც მივიღეთ იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრემია", - ჰყვებოდა ჯემალ ღაღანიძე.

  • ჯემალ ღაღანიძეს არაერთი განსაკუთრებული და დაუვიწყარი ისტორია ჰქონდა, თუმცა უდიდესი სიყვარულით იხსენებდა რეჟისორ ქართლოს ხოტივარის ფილმს "ლაზარე". ფილმში მთავარ როლს 12 წლის გეგა კობახიძე ასრულებდა, თავად კი შახტიკოტეს განასახიერებდა. ჯემალ ღაღანიძისთვის ყველაზე ემოციური გეგას გმირის ცემის გადაღება იყო:

"როდესაც ფილმში ჩემი გმირი ლაზარეს სცემს, ეს მომენტი ჩემთვის ურთულესი აღმოჩნდა. ცემის ეპიზოდში გეგას დასარტყმელად ვერ ვიმეტებდი, მეცოდებოდა. ისეთი ჭკვიანი და სასწაული ბიჭი იყო, თვითონ აქეთ მამხნევებდა და მამშვიდებდა: „დამარტყით, მაგრად დამარტყით, ჯემალი ბიძია, სჯობს, ერთხელ და კარგად მცემოთ, თორემ ხომ იცით, მაინც თავიდან გადაგვაღებინებენო".

ფოტო: funtime.ge

მსახიობის მოგონებებში ამ ეპიზოდსაც მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა: "ჩვენი ოჯახის მფარველი წმინდა ნიკოლოზის პატარა ხატია, რომელმაც სიკვდილისგან გადაგვარჩინა. ხატი კიევში გვაჩუქეს და ჩემს მეუღლეს გულის ჯიბეში ედო... მოკლედ, მე, კახი კავსაძე, გურამ საღარაძე, ბელა მირიანაშვილი და ჩვენი რეჟისორი, 4 მანქანით ვიყავით კიევში წასულები. დიდი მანქანა იყო გაჩერებული ხიდზე. ჩვენ კი დავამუხრუჭეთ, გავჩერდით ოთხივე მანქანა, მაგრამ უკან ტრაილერი მოდიოდა, ვერ შეგვნიშნა და მიგვაწყო ერთმანეთზე. იქიდან ცოცხალი ვინმე თუ გადარჩებოდა, არავის ეგონა. სულ დაიმტვრა მანქანებში ყველაფერი, შამპანურის ბოთლები დაილეწა, სუნამოების ბოთლები დასკდა, მანქანის შუშები დაიმსხვრა, კარები არც ერთ ავტომობილს აღარ ეღებოდა, მაგრამ ხატი გადარჩა უვნებლად. დღემდე მგონია, მან სიკვდილისგან გადაგვარჩინა და ეს ხატი ჩვენი ოჯახის მფარველია".

კახი კავსაძე, ჯემალ ღაღანიძე და გივი ბერიკაშვილი

ოჯახი, მეუღლე

"33 წლისამ "თოხნა" დავიწყე - ოჯახის შექმნას ასე ვეძახი. უამრავი მეგობრიდან ერთ-ერთი ხელისმომკიდე - დიდი ფეხბურთელი მიშა მესხი (ქართველ პელედ მონათლული) იყო. იგი თეატრალურ ინსტიტუტში ხშირად დადიოდა და ჩვენს საკურსო სპექტაკლს დაესწრო. სწორედ მაშინ გავიცანი და მერე დავმეგობრდით. თეატრალი კაცი იყო, სპექტაკლებსა და პრემიერებზე ხშირად მოდიოდა. ყოფილა შემთხვევა, ე.წ. თავის წრეს, რომელშიც ეროსისა და ჩემ გარდა, სხვა მსახიობებიც შედიოდნენ, დაგვპატიჟებდა და რამდენჯერმე, პრემიერის აღსანიშნავი პურმარილი მას გადაუხდია. ფეხბურთელი კი იყო, მაგრამ ქეიფი უყვარდა. მაშინ ხისგან დამზადებული ნაკეთობები მოდურად ითვლებოდა. ჩვენი თეატრის გვერდით სუვენირების მაღაზიაში კარგი საჩუქრები იყიდებოდა. ეტყობა, მიშამ ბზისგან გაკეთებული არყის სერვიზი იქ შეიძინა და ქორწილში მომართვა. დღესაც შენახული მაქვს, ვუფრთხილდები და ძალიან მიყვარს, რადგან მიშას მახსენებს“.

ჯემალ ღაღანიძის მეუღლე, ლენა გერმესაშვილი

"სანამ მე და ჩემი მეუღლე შევუღლდებოდით, ლენას მანქანით ვასეირნებდი ხოლმე. ერთხელ ლისის ტბისკენ წავედით. გაზაფხულია, ხეებზე კვირტები თეთრად იყო გადაპენტილი. მანქანა გავაჩერე, ტოტი მოვტეხე და საბარგულში ჩავდე. როგორც ლენა იხსენებს, იმდენად მორიდებული იყავი (ამით მოხიბლულა), თბილისში რომ ჩამოვედით, ის ტოტი მერე მომართვიო".

"მწერლებთან, პოეტებთან ვმეგობრობთ. ბედნიერი ვარ, რომ ჯანსუღ ჩარკვიანთან დიდი ხნის ურთიერთობა მაკავშირებდა. ერთმანეთი გვიყვარდა და პატივს ვცემდით. თეატრში ახალი მისული ვიყავი, როცა მან პიესა თარგმნა, რომელიც რობიკო სტურუამ დადგა. იმ დროიდან დაიწყო ჩვენი მეგობრობა. ყოველთვის ვგრძნობდი მის დიდ სიყვარულს ჩემდამი. 75 წლის იუბილეზე ასეთი ლექსი მომიძღვნა: „ვერცა წლებმა ვერ დაგღალეს,/ ღვთითბოძებული ხატი ხარ,/ კვლავ ძველებურად ღაღანებ,/ კვლავ ძველებურად ანთიხარ./ შენი სახელი გვჭირდება,/ ვით თბილისს ძველი აშუღი,/ ქართული სცენის დიდებავ,/ შენ გენაცვალოს ჯანსუღი. 2008 წლის 20 აპრილი, მარად შენი ჯანსუღი“.

ფოტო: funtime.ge

ჯილდოები და პრემიები ყველა მსახიობისთვის სასიხარულო რამ არის. ასევე იყო ჯემალ ღაღანიძისთვისაც, თუმცა მიაჩნია, რომ ცხოვრებაში ყველაზე დიდი ჯილდო და უდიდესი საჩუქარი მაყურებლის სიყვარულია:

"ჯილდოები და პრემიები არ მაკლია - მარჯანიშვილის სახელობის პრემიაც მაქვს, სახელმწიფო პრემია, სტალინური პრემია, იმ პერიოდისთვის ეს უდიდესი მოვლენა გახლდათ... მოკლედ, არაერთი ჯილდო დავიმსახურე, თუმცა ჩემი ყველაზე დიდი ჯილდო და უდიდესი საჩუქარი თქვენი - მაყურებლის სიყვარულია. ჩვენ, მსახიობები სწორედ ამით ვარსებობთ. დიდი მსახიობი ხარ თუ პატარა, ქუჩაში რომ გიცნობენ და სიყვარულს გამოხატავენ, ეს უკვე ყველაფერია“.

  • Ambebi.ge მწუხარებას გამოთქვამს მსახიობ ჯემალ ღაღანიძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს რუსთაველის თეატრს, თეატრალურ საზოგადოებას და მსახიობის ოჯახს