ავტორი:

"...მის ხელში სააკაშვილის დატოვება არ შეიძლება" - დიმიტრი შაშკინი ნინო ნადირაძეს ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის უსასტიკეს ექიმს ადარებს

"...მის ხელში სააკაშვილის დატოვება არ შეიძლება" - დიმიტრი შაშკინი ნინო ნადირაძეს ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის უსასტიკეს ექიმს ადარებს

"ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, დიმიტრი შაშკინის განცხადებით, "ვივამედის“ დირექტორმა, ნინო ნადირაძემ მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესზე იოზეფ მენგელეს სტილი გამოიყენა და ცინიკურად სცადა, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობა მთლიანად კვების რეჟიმისთვის გადაებრალებინა.

როგორც დიმიტრი შაშკინმა "პალიტრანიუსის“ გადაცემა "360 გრადუსში“ აღნიშნა, მსგავსი ადამიანის ხელში მესამე პრეზიდენტის დატოვება ნამდვილად არ შეიძლება.

"მე და მთელმა საქართველომ დღეს "ვივამედის“ ხელმძღვანელ, ნინო ნადირაძეს მოვუსმინეთ და ამ ყველაფერმა ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დატოვა. ახლა ბევრად მკაფიოდ ჩანს პრობლემა, ვიდრე მანამდე, რადგან ასეთი ადამიანის ხელში მესამე პრეზიდენტის დატოვება ნამდვილად არ შეიძლება. ნინო ნადირაძემ, იოზეფ მენგელეს სტილში, ცინიკურად სცადა ყველაფერი კვებისთვის გადაებრალებინა. იოზეფ მენგელე "სიკვდილის ანგელოზი“ იყო. ნადირაძემ სცადა, მაგრამ ესეც არ გამოუვიდა. ეს იყო შევარდნაძის ეპოქაში ჩარჩენილი ადამიანის ჭორაობა, ნათქვამი ადამიანისგან, რომელსაც "ჰიპოკრატეს ფიცი“ აქვს დადებული. პრეზიდენტი სააკაშვილი მოწამლულია მძიმე მეტალებით. აქედან გამომდინარე, მას სჭირდება ისეთი მკურნალობა, რომელიც საქართველოს პირობებში შეუძლებელია. მინდა შეგახსენოთ, რომ მსგავსი შემთხვევა ჰქონდა ნავალნის, ლიკვინენკოს, სკრიპალებს, რომლებიც გადარჩნენ მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი საზღვარგარეთ გადაიყვანეს“, - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

ასევე, მან უპასუხა ნინო ნადირაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც "ვივამედის“ სამედიცინო პერსონალი დიდი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშაა.

დიმიტრი შაშკინის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ყველა ექიმის ტელეფონი ისმინება და თუ რომელიმე მათგანს დაემუქრებოდნენ, სუს-ი ამას აუცილებლად გაიგებდა.

"საქართველოს 10 წლის განმავლობაში "ქართული ოცნება“ მართავს. ჩვენი ტელეფონები და ოფისები, ჟურნალისტების ტელეფონები ისმინება. მე დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილთან შეხებაში მყოფი ყველა ექიმის ტელეფონიც ისმინება. როგორ ფიქრობთ, ექიმებს რომ დამუქრებოდნენ, სუსი ამას არ გაიგებდა და ჩვენ ამას პირდაპირ ეთერში არ ვნახავდით?“, - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

გარდა ამისა, მან "ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზეც ისაუბრა. დიმიტრი შაშკინის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი პრიორიტეტი მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის საკითხია.

მისივე თქმით, "ქართული ოცნება“ მარტოა და ერთადერთი, ვინც მას აქებს, სერგეი ლავროვია.

"ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი პრიორიტეტი მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის საკითხია. ჩვენი 100%-იანი რესურსი, ტექნიკური, ფინანსური თუ ადამიანური, ამ მიმართულებით კონცენტრირდება. უკვე გამოცხადდა, რომ მიხეილ სააკაშვილის მეგობრების, მარკ ფეიგენისა და ალექსი არისტოვიჩის ინიციატივით, ევროპისა და ამერიკის ქალაქებში საპროტესტო აქციები მოეწყობა. 20 თებერვლისთვის ემზადებიან. იქმნება შტაბები, რომლებსაც გიორგი ჩალაძე უხელმძღვანელებს. "ქართულ ოცნებას“ შეუძლია ჩვეულებრივი პოლიტიკური ცხოვრება დაივიწყოს. არანაირი შეთანხმება და დეპოლარიზაცია არ იქნება მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილს არ გაათავისუფლებენ. თქვენ თვითონ ხომ ხედავთ, რომ "ქართული ოცნება“ მარტოა. ერთადერთი ლავროვი აქებს და ადიდებს მათ“, - აღნიშნა დიმიტრი შაშკინმა.

იხილეთ ასევე: