ავტორი:

ჟან-კლოდ ვან დამის აზერბაიჯანელი რძალი ამბობს, რომ დედამთილმა დედის დაძახება სთხოვა - ვინ არის პიანისტი ბაქოდან, რომელიც მსახიობის ვაჟმა "ინსტაგრამზე" გაიცნო

ჟან-კლოდ ვან დამის აზერბაიჯანელი რძალი ამბობს, რომ დედამთილმა დედის დაძახება სთხოვა - ვინ არის პიანისტი ბაქოდან, რომელიც მსახიობის ვაჟმა "ინსტაგრამზე" გაიცნო

ჰოლივუდის ვარსკვლავს, ჟან-კლოდ ვან დამს აზერბაიჯანელი რძალი ჰყავს. მსახიობის ვაჟმა 2021 წელს აზერბაიჯანელ პიანისტზე იქორწინა. უმცროსი ვან დამი, 35 წლის კრისტოფერი, მამის კვალს გაჰყვა და თავადაც მსახიობის კარიერა აქვს. გარდა ამისა, რეჟისორიცაა. რაც შეეხება მის აზერბაიჯანელ რჩეულს, ის 22 წლის სუადა ჰაჯიზადაა. კრისტოფერსა და სუადას საინტერესო სიყვარულის ისტორია აქვთ, რომელზეც აზერბაიჯანულ მედიასთან ისაუბრეს...

  • კრისტოფერი:

- მამაჩემი აზერბაიჯანში 2000-იანი წლების დასაწყისში იმყოფებოდა, სადაც სუადას მამა გაიცნო და ძალიან მოეწონა ეს ქვეყანა. როდესაც ლოს-ანჯელესში დაბრუნდა, მითხრა, რომ იყო საოცარ და ფუტურისტულ ქვეყანაში, რომელსაც აზერბაიჯანი ჰქვია. იქ ძალიან ლამაზი ხალხი ცხოვრობს და მდიდარი კულტურა აქვთ.

მერე დაამატა, რომ მომავალში აზერბაიჯანელ გოგოზე უნდა დაქორწინდეო. იმ დროს შეყვარებული მყავდა; სერიოზულად არც მივიღე მისი სიტყვები. წლების შემდეგ სუადა "ინსტაგრამზე" გავიცანი. როდესაც გავიგე, რომ ის აზერბაიჯანიდან იყო, მაშინვე მამაჩემის რჩევა გამახსენდა. ჩვენ 4 წლის განმავლობაში გვქონდა მიმოწერა "ინსტაგრამზე" და დავმეგობრდით. რაც დრო გადიოდა, ერთმანეთი უფრო მეტად შეგვიყვარდა.

მამაჩემი "ფეისბუქზე" და სხვადასხვა სოციალურ ქსელებში ხშირად რთავდა ლაივებს. ერთხელ, ახალი წლის ღამეს, მამაჩემს ასი ათასი გამომწერი უყურებდა და ხედავს სუადას სახელს ეკრანზე, რომელიც ახალ წელს ულოცავს.

უცებ ხმამაღლა წაიკითხა, სუადა ჰაჯიზადე. სუადას დღემდე აქვს ეს ვიდეო შენახული. ჩვენი სიყვარულის შესახებ რამდენიმე წლის შემდეგ ჩვენმა ოჯახებმა გადაწყვიტეს თურქეთში შეხვედროდნენ ერთმანეთს...

- რატომ სტამბოლში, ბაქოში არა?

- პანდემიის გამო ჩემი მშობლების აზერბაიჯანში ჩამოსვლა შეუძლებელი იყო. ჩვენი პირველი ფიზიკური შეხვედრა სტამბოლში შედგა. სამი დღის შემდეგ სტამბოლში აზერბაიჯანის გენერალურ საკონსულოში დავქორწინდით.

ჩვენი გაცნობიდან ექვსი წლის შემდეგ სუადას ბაქოში ვესტუმრე. ყველაფერი ისე ნაცნობი მეჩვენა, მის ბინაში; ვიდეოზარების დროს ყველა კუთხე მქონდა დამახსოვრებული. ასე დაიწყო ჩვენი სიყვარულის ისტორია. დაუჯერებელია. ეს არის ჩვენი ბედი. ღვთის ნება. მე მგონი ყველას გწამთ ღმერთის.

- სუადა, გიფიქრია, რომ თქვენი ამბავი ქორწინებით დასრულდებოდა?

სუადა:

- სიმართლე რომ ვთქვა მეგობრულად მიყვარდა. მაგრამ არასოდეს მიფიქრია, რომ რეალურ ცხოვრებაში ვნახავდი, რომ აღარაფერი ვთქვათ ქორწინებაზე. არ ვიცოდი ვინ იყო მისი მამა. მას არასოდეს უსაუბრია მამაზე. გვარს მალავდა და ინსტაგრამის გვერდზე ველოსიპედის ფოტოები ჰქონდა. რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადავედით და დავიწყეთ ერთმანეთთან დარეკვა, მკითხა, ვიცნობდი თუ არა მამამისს. რა თქმა უნდა, არ ვიცოდი. ვფიქრობდი, რატომ უნდა ვიცნობდე მას.

შემდეგ მითხრა, რომ მამაჩემისთვის მეკითხა ჟან-კლოდ ვან დამის შესახებ. მთელი ჩემი ცხოვრება განათლებას და მუსიკას მივუძღვენი. ტელევიზორსაც არ ვუყურებდი. ხანდახან დღეში 10-12 საათი ვვარჯიშობდი ფორტეპიანოზე. ერთ დღეს მამას ვკითხე ჟან კლოდ ვან დამის შესახებ. თურმე მამაჩემი ამ დროს მისი მონაწილეობით ფილმს უყურებდა და ტელევიზორში ჟან კლოდ ვან დამი მაჩვენა.

გაოგნებული ვიყავი და ვერ გავიგე რა ხდებოდა. მეგონა, რომ ან კრისტოფერი იტყუებოდა, ან მამაჩემი ხუმრობდა. მამაჩემს მოვუყევი ჩემს უცხოელ მეგობარზე, რომელიც ამტკიცებდა, რომ მისი მამა იყო ჟან კლოდ ვან დამი. მითხრა, რომ ეს წარმოუდგენელი იყო და ჯობდა "ყალბ მეგობართან“ ყოველგვარი კონტაქტი გამეწყვიტა. აღმოჩნდა, რომ მამაჩემი იყო ის ადამიანი, რომელიც 2000 წელს ვან დამმა აზერბაიჯანში სტუმრობისას გაიცნო და დაუმეგობრდა.

- როგორ დაარწმუნე შენი მშობლები, რომ უცხოელზე დაქორწინებულიყავი?

სუადა:

- ჩვენ უკვე გვქონდა ახლო ურთიერთობა და ერთ დღეს თავად კრისი ელაპარაკა ჩემს მშობლებს FaceTime-ზე და უთხრა, რომ ჩემზე აპირებდა დაქორწინებას. წლების მანძილზე ჩვენ მხოლოდ მუსიკასა და ხელოვნებაზე ვსაუბრობდით. პატივისცემით მოიქცა ჩემი ოჯახის, ჩემი ქვეყნის და ჩემ მიმართ. გასაკვირი იყო, რომ უცხოელმა იცოდა აზერბაიჯანისა და მისი კულტურის შესახებ. ვუგზავნიდი სურათებს და ვიდეოებს აზერბაიჯანის შესახებ და ვუჩვენებდი აზერბაიჯანული სამზარეულოს ნიმუშებს. მას ყველაფერი აინტერესებდა ჩვენი ქვეყნის შესახებ.

კრისტოფერი:

- ამ ურთიერთობის მაგიის მჯეროდა. სუადას "ინსტაგრამის" გვერდზე აზერბაიჯანის სახელი რომ დავინახე, მამაჩემის სიტყვები გამახსენდა. მისი თვალები და მზერა თავდაჯერებულობას მმატებს და ეს ნდობა დღითიდღე იზრდება. სუადა გრძნობს ჩემს სულს.

- სუადა, მოკრძალებული აზერბაიჯანული ოჯახიდან ხარ, მაგრამ კრისტოფერი სახელგანთქმულის ოჯახში გაიზარდა. თქვენ სხვადასხვა სამყაროდან ხართ…

სუადა:

- არ მგონია რომ სხვადასხვა სამყაროდან ვართ. მე ვფიქრობ, რომ სულების ჰარმონია ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პროფესია. კრისის ოჯახის ყველა წევრმა სიყვარულით მიმიღო. პირველივე დღიდან მისი მშობლები დამიკავშირდნენ. ძალიან თავმდაბალი და მეგობრული ხალხია. დედამისმაც კი მთხოვა, მისთვის "დედა" დამეძახა.

- სად ცხოვრობთ ახლა და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით?

სუადა:

- ახლა ბაქოში ვარ და ველოდები ამერიკის სავიზო პროცედურების დაწყებას. დიდი ალბათობით, ამ ზამთარს აშშ-ში ვიქნები. ბელგიაში ვხვდებით კრის. მისი მამის მხარე ბელგიიდანაა. გავიცანი მისი ბებია და ბაბუა. იქ სამი თვე დავრჩით და მის ბებიას და ბაბუას ყოველდღე ვხვდებოდით.

- მამაშენი მსოფლიოში ცნობილი მსახიობია, დედაზე რას იტყვი?

კრისტოფერი:

- მამაჩემი კარგი მსახიობია. დედაჩემი წლების წინ ბოდიბილდინგში ჩემპიონი იყო. საერთოდ, ძალიან ნიჭიერი ქალია, მაგრამ ეს ძალიან ცოტამ იცის.

- ჟან კლოდ ვან დამი აზერბაიჯანში ჩამოსვლას ისევ გეგმავს?

კრისტოფერი:

- ახლა მამაჩემი ძალიან დაკავებულია. მაგრამ ის აუცილებლად ეწვევა აზერბაიჯანს რაც შეიძლება მალე. მას ძალიან უყვარს აზერბაიჯანი და აზერბაიჯანელები. მამაჩემი თავს "სამყაროს ადამიანად“ მიიჩნევს, ის ცდილობს გაეცნოს ყველა კულტურას. ადამიანებთან ერთად უყვარს ბუნება, ცხოველები, ზრუნავს ეკოლოგიაზე. უყვარს მოგზაურობა. მისი რძალი აზერბაიჯანელია, ამიტომ აზერბაიჯანი იმ ქვეყნების სიის სათავეშია, სადაც ის იმოგზაურებს.

სუადა:

- მამაჩემიც მოუთმენლად ელის მის სტუმრობას.

- სოციალურ ქსელებში ბევრი ჭორი დადის თქვენს ირგვლივ. გაწუხებს?

კრისტოფერი:

- მიჩვეული ვარ ასეთ შეტევებს. თუმცა სუადა ცოტა სხვანაირად ფიქრობს. ყველას აქვს თავისი აზრი, საკუთარი მიზეზები, საკუთარი ისტორიები. ეს ნორმალურია. ეს კომენტარები ჩვენს სიყვარულზე გავლენას ვერ მოახდენს. ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ. მადლობელი ვარ, რომ ღმერთმა მომცა ასეთი ლამაზი ქალი. მე არ ვდარდობ ამ ხალხზე; ისინი შეგვეჩვევიან.

სუადა:

- ამბობენ, თითქოს ტიკტოკზე გავიცანით ერთმანეთი. თუმცა, კრისს არ უყვარს ეს პლათფორმა. ამბობდნენ, რომ ორ თვეში დაშორდებიანო. ჩვენ დავპირდით, რომ დავამტკიცებთ, რომ ჩვენი სიყვარული რეალურია. ზოგი ფიქრობს, რომ კრისზე დავქორწინდი, რადგან ის ცნობილი ადამიანების ოჯახიდანაა. თავიდან არც კი ვიცოდი ეს ფაქტი. ზოგი ამტკიცებდა, რომ ჩვენი ქორწინება ყალბი იყო, მე ფულისთვის გავთხოვდი და არა სიყვარულისთვის. ეს ჭორები ძალიან მაწუხებდა.

- რა საკითხებში გზღუდავს მეუღლე?

სუადა:

- მას უბრალოდ არ სურს, რომ დაბნელების შემდეგ გარეთ ვიყო. ცოტათი ეჭვიანია; მიუხედავად ამისა, მას სჯერა ჩემი და მენდობა. აზერბაიჯანელი კაცივით იქცევა. შეზღუდვები არ მაქვს. მე მას ვენდობი.