ავტორი:

"გარშემო განადგურებული შენობებია, სახლებს ცეცხლი უკიდია... ყველა გარეთაა, ყველას ეშინია" - რას ჰყვებიან თურქეთში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრებს გადარჩენილი ადამიანები?

"გარშემო განადგურებული შენობებია, სახლებს ცეცხლი უკიდია... ყველა გარეთაა, ყველას ეშინია" - რას ჰყვებიან თურქეთში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრებს გადარჩენილი ადამიანები?

თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრების შედეგად, გარდაცვლილთა რიცხვი ყოველწუთიერად იზრდება. ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში 1500-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი, ათასობით კი დაშავებული.

თურქეთის სამხრეთით მდებარე ქალაქ გაზიანთეფში, რომლის სიახლოვესაც იყო გამთენიისას მომხდარი მიწისძვრის ეპიცენტრი, მოსახლეობამ ყველაზე მეტად იგრძნო ბიძგები და ნგრევაც ყველაზე მეტად ამ რეგიონში მოხდა.

"რხევა რომ ვიგრძენით, გვეძინა, გაგვიჭირდა გამორკვევა, შინიდან გასვლას ვერ მოვასწრებდით, ამიტომ დავრჩით და ბიძგების შეწყვეტას ველოდით. საშინელი ხმაური იყო, სახლი დამსხვრეული მინებით გაივსო“, - ჰყვება სინან შაჰანი, გაზიანთეფის მკვიდრი და აგრძელებს: - ელექტროენერგია გაითიშა, ბიძგები რომ შეწყდა, ტელეფონის ფანრების შუქზე ჩავიცვით და სასწრაფოდ გავედით სახლიდან, ჩვენი სახლი გადარჩა, მაგრამ ჩვენს სიახლოვეს ბევრს ყველაფერი გაუნადგურდა, ბევრი დაიღუპა".

ქალაქ პაზარჯიქის მკვიდრი, ნიჰათ ალტუნდაღი ამბობს, რომ მისი ოჯახიც ძლიერმა მიწისძვრამ გააღვიძა.

"ჩვენი სახლი გარედან ისე ჩანს, რომ თითქოს მყარად დგას, მაგრამ მიწისძვრის შემდეგ შიგნით ბზარები გაჩნდა. გარშემო განადგურებული შენობებია, სახლებს ცეცხლი უკიდია, სხვა შენობები კი თანდათან იბზარება. ჩვენგან სულ რაღაც 200 მეტრის მოშორებით მდგარი შენობა მთლიანად ჩამოინგრა. ყველა გარეთაა, ყველას ეშინია", - ამბობს ის.

"როცა ბიძგები დაიწყო, ჩემმა ცოლმა გამაღვიძა. ყველა მხრიდან საშინელი ხმები ისმოდა. დაახლოებით 2 წუთი გაგრძელდა რხევები“, - ყვება ერთ-ერთი მოქალაქე.

მიწისძვრას გადარჩენილი ერთ-ერთი მამაკაცი კი ყვება:

"ნანგრევებში კიდევ ბევრი ადამიანი რჩება... ამ კორპუსში ჩემი მეგობარი ცხოვრობს. მისი შვილები სულ ზედა სართულიდან იხსნეს, მაგრამ მისმა გოგონამ ხელი მოიტეხა".

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა