შალვა პაპუაშვილი განმარტავს, რის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება მედიის წარმომადგენლებისთვის რეგულაციების დაწესების შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი განმარტავს, რის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება მედიის წარმომადგენლებისთვის რეგულაციების დაწესების შესახებ.
ამ საკითხზე პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე "ლელოს“ დეპუტატ ანა ნაცვლიშვილის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ ისაუბრა და განაცხადა, რომ მის მიერ მედიისთვის აკრედიტაციების დაწესება რეგლამენტით გათვალისწინებული უფლებამოსილებაა.
რა შეზღუდევბს უწესებს პარლამენტი მედიას
შალვა პაპუაშვილის თქმითვე, დაწესებულ რეგულაციებს საფუძვლად ორი პრინციპი უდევს - მედიის მიერ საზოგადოების ინფორმირების საჭიროება და პარლამენტში სამუშაო გარემოს შექმნა.
"რაც შეეხება მედიის აკრედიტაციის საკითხს, ეს რეგლამენტით გათვალისწინებული უფლებამოსილებაა. მოგიწოდებთ, ნუ დაიწყებთ იმ საკითხების პოლიტიზებას, რომელსაც ეს არ სჭირდება. ეს რეგულაციები ეფუძნება საუკეთესო პრაქტიკას. რაც შეეხება აკრედიტაციებს, პარლამენტის შენობა საჯარო სივრცე არაა - ეს არის დაწესებულება, სადაც მედიის საქმიანობისთვის საჭიროა შესაბამისი ნებართვა. ყველა პარლამენტში ასეა. ეს აკრედიტაცია თავისთავად შესაბამისი ქცევის წესებს გულისხმობს. ოპოზიციონერ დეპუტატებს მოგმართავთ - ორი პრინციპი, ორი სიკეთეა: ერთი ეს არის საზოგადოების ინტერესი, რომ პარლამენტის საქმიანობასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჰქონდეს; მეორე კი ის, რომ საქართველოს პარლამენტში დეპუტატებს, აპარატის თანამშრომლებს შესაბამისი სამუშაო გარემო ჰქონდეთ. ეს არის ორი თანაბარ წონადი ინტერესი და სწორედ მათი შეფარდებით იქნა ეს რეგულაცია მიღებული. ეს კეთდება განსაკუთრებით თქვენთვის, რომ სამუშაო ატმოსფერო იყოს, მეორე მხრივ კი მედიას ჰქონდეს შესაძლებლობა მიიღოს ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებისთვისაა საჭირო. მედიას პირადადაც განვუმარტე. დარწმუნებული ვარ, ეს ხელს შეუწყობს საქმიან თანამშრომლობას პარლამენტის შიგნით და სამუშაო ატმოსფეროს უზრუნველყოფას“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება საკითხზე თავად ანა ნაცვლიშვილის განცხადებას, მან პაპუაშვილის გადაწყვეტილებას წარმოუდგენელი უწოდა და პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდა, ამ საკითხზე კონსულტაციები გამართოს.
"არ შემიძლია არ გამოვეხმაურო პარლამენტის თავმჯდომარის წარმოუდგენელ გადაწყვეტილებას, რომელიც მიემართება მედიის შეზღუდვას. 12 პუნქტში წერია - გააუმჯობესეთ მედია გარემოო და თქვენ აპირებთ, რომ მედიას პარლამენტის შენობაში ცენზურა დაუწესოთ. ბატონო შალვა, თქვენ, ფორმალურად გაქვთ დისკრეციული უფლებამოსილება, მაგრამ თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ დისკრეციული უფლებამოსილება არ გულისხმობს თვითნებობას. თქვენი უფლებამოსილება ვერ დადგება საქართველოს კონსტიტუციაზე მაღლა. ძალიან სამწუხაროა, რომ გადაწყვიტეთ, ერთპიროვნულად მიგეღოთ ეს რეგულაციები. მინდა მოგიწოდოთ, რომ მინიმუმ, პოლიტიკური კონსულტაციები გამართოთ პარლამენტში მყოფ ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან და მედიასთან და მიიღოთ გადაწყვეტილება, რომელსაც ამ ქვეყნის კონსტიტუცია გავალდებულებთ“,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ბრძანების საფუძველზე, ჟურნალისტებისათვის საპარლამენტო აკრედიტაციები კვლავ გაიცემა, რაც 2020 წლის მოწვევის პარლამენტში შეჩერებულია. როგორც შალვა პაპუაშვილმა განმარტა, საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაცია მედიის იმ წარმომადგენლებს მიეცემა, ვინც საპარლამენტო საქმიანობას აშუქებს.
“აკრედიტაციის წესი სხვადასხვა ქვეყნების პარლამენტების საუკეთესო გამოცდილების ანალიზის საფუძველზე დაიწერა.
იქნება საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაცია, რომელიც მედიის იმ წარმომადგენლებს მიეცემათ, ვინც საპარლამენტო საქმიანობას აშუქებს. მათ ამ აკრედიტაციის პარლამენტში შემოსვლა დაუბრკოლებლად შეეძლებათ. იმის გათვალისწინებით, რომ შეიძლება მოსამზადებელი იყოს ცალკეული სიუჟეტი ან იყოს ისეთი მედია, რომელიც აკრედიტებული არ იქნება (მაგალითად, უცხოური მედია), მათ სპეციალური აკრედიტაცია ექნებათ, რომელიც ერთი დღის განმავლობაში სპეციალურად სიუჟეტის, მასალის მოსამზადებლად იმოქმედებს.
დადგენილია რაოდენობები: - დიდ მედიებს, მაუწყებლებს, რომელთაც ეროვნული მაუწყებლობა აქვთ, შვიდი გადამღები ჯგუფის აკრედიტირების შესაძლებლობა ექნებათ. სხვა ტელევიზიებს - სამი გადამღები ჯგუფის. ჯგუფში შედის, როგორც ჟურნალისტი, ასევე ოპერატორი და ტექნიკური პერსონალი. გაზეთებისთვის და ჟურნალებისთვის - ორი ჟურნალისტი, რადიო - ორი, ონლაინ გამოცემა - ოთხი.
რაც შეეხება პარლამენტში აკრედიტებული ჟურნალისტური საქმიანობის ქცევის წესებს, ეს არის: - ხელი არ შეუშალოს პარლამენტში მიმდინარე ღონისძიებების მსვლელობას; წინასწარი ნებართვის გარეშე არ გადაიღოს პარლამენტის წევრის ან აპარატის თანამშრომლის სამუშაო ოთახი; პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, ინტერვიუს შეწყვიტოს; პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის თანხმობის გარეშე არ გადაიღოს მისი დოკუმენტები, ტელეფონის ან სხვა ელექტრონული მოწყობილობის ეკრანი ისე, რომ მასზე გამოსახული ინფორმაციის აღქმა შესაძლებელი იყოს; არ დაუშვას მისი მხრიდან პარლამენტში მყოფი პირისადმი უხამსი, სექსისტური, დისკრიმინაციული მიმართვა ან მოქმედება; დაემორჩილოს სახელმწიფო დაცვის სამსახურის და მანდატურის მითითებებს; სააკრედიტაციო მასალა ატაროს გამოსაჩენ ადგილას და არ გადასცეს სხვა პირს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამასთან, პაპუაშვილის ბრძანებით, პარლამენტში აკრედიტებული ჟურნალისტებისათვის ქცევის წესები დგინდება, რაც 1-ელი მარტიდან უნდა ამოქმედდეს.