"ვულოცავ ყველა პოლიციელს, მისი დაკავება არამხოლოდ სამართლიანობის აღდგენაა..." - რას წერს რატი ბრეგაძე ესებუას დაკავებაზე

"ვულოცავ ყველა პოლიციელს, მისი დაკავება არამხოლოდ სამართლიანობის აღდგენაა..." - რას წერს რატი ბრეგაძე ესებუას დაკავებაზე

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ბადრი ესებუას დაკავებას ეხმიანება.

"ვულოცავ ყველა პოლიციელს, ვახტანგ გომელაურის ხელმძღვანელობით, რთული ოპერაციის წარმატებით დასრულებას. ესებუას დაკავება არამხოლოდ სამართლიანობის აღდგენა, არამედ ასევე გამაფრთხილებელი სიგნალია ცდუნებას აყოლილი კრიმინალური რომანტიკოსებისთვისაც." - წერს ბრეგაძე სოციალურ ქსელში.

თითქმის სამწლიანი ძებნის შემდეგ ბადრი ესებუა ზუგდიდში, სოფელ ჯიხაშკარში დააკავეს. ის პირდაპირ ქუთაისის საპატიმროში გადაიყვანეს.

ცნობისთვის, ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავმდამსხმელმა გაქცევა მოახერხა.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ასევე იხილეთ: