ავტორი:

რა ალტერნატივას სთავაზობს მერია ავარიულ სახლებში მცხოვრებ მოსახლეობას - კახა კალაძის განმარტება

რა ალტერნატივას სთავაზობს მერია ავარიულ სახლებში მცხოვრებ მოსახლეობას - კახა კალაძის განმარტება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, მოსახლეობის ავარიული კორპუსიდან ახალ კორპუსში გადასაყვანად მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების ჩანაცვლებას განახორციელებს არა იმ ტერიტორიაზე, სადაც ავარიული სახლი დგას, არამედ სხვა მუნიციპალურ მიწის ნაკვეთზე.

როგორც მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მოსახლეობის ავარიული კორპუსიდან ახალ კორპუსში საცხოვრებლად გადასაყვანად მათი სრული თანხმობაა საჭირო.

"ავარიული სახლების ჩანაცვლებასთან დაკავშირებით ჩვენ მივიღეთ გარკვეული ცვლილებები, დამატებითი სიახლე შემოვიტანეთ. კერძოდ, ის, რომ მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების ჩანაცვლებას განახორციელებს არა იმავე ტერიტორიაზე, სადაც ავარიული სახლი დგას, არამედ სხვა მუნიციპალურ მიწის ნაკვეთზე. მაგალითად, მიწის ნაკვეთზე ავაშენოთ კორპუსი და შემდეგ შევთავაზოთ მოსახლეობას იქ გადასვლა და მათი სახლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადმოცემა.

მუნიციპალიტეტი ცარიელ მიწის ნაკვეთზე კორპუსს აშენებს მოსახლეობის თანხმობის გარეშე, რადგან ეს ჩვენი საკუთრებაა, ეს კონკრეტულ ავარიულ შენობა-ნაგებობაში მცხოვრებ ადამიანებს არ ეხება, ეს არის ჩვენი სივრცე და ტერიტორია. შემდეგ, როდესაც კორპუსს ავაშენებთ, ავარიულ კორპუსში მცხოვრებ მოსახლეობას შევთავაზებთ გადასვლას ახალ სივრცეში. ამ მიზნით გავიტანეთ საკრებულოში ცვლილებები და ჩავწერეთ, რომ მუნიციპალიტეტის ცარიელ მიწის ნაკვეთზე შეგვიძლია ყველას თანხმობის გარეშე მშენებლობა დავიწყოთ.

იმისთვის, რომ მოსახლეობა ავარიული კორპუსიდან ახალ კორპუსში გადავიყვანოთ მათი სრული თანხმობა გვჭირდება. თუ არ იქნებიან თანახმა, ამ ბინებს სხვა კორპუსში მცხოვრებ ადამიანებს შევთავაზებთ“, - აღნიშნავს კალაძე.

მისივე თქმით, ავარიული სახლების ჩანაცვლებასთან დაკავშირებით პროექტები ორი მიმართულებით განხორციელდება.

"ორი მიმართულება გვაქვს. პირველი, როდესაც ავარიული კორპუსებს ვანგრევთ, მოსახლეობა გამოგვყავს და ქირით გადაგვყავს, შემდეგ ვაშენებთ და ვაბრუნებთ ამ ადამიანებს. მეორე ის, რომ მუნიციპალურ მიწაზე ყველას თანხმობის გარეშე ვახორციელებთ კონკრეტულ პროექტს და შემდეგ მივდივართ ავარიულ კორპუსებში მცხოვრებ ადამიანებთან, ვეუბნებით, რომ თუ სურვილი აქვთ და 100%-იანი თანხმობა იქნება, ამ კონკრეტულ სივრცეს შევთავაზებთ და გადავიყვანთ. თუ თანხმობა არ იქნება, ეს არ მოხდება“, - აღნიშნავს კალაძე.