ავტორი:

"მიწისძვრა ძლიერი იყო, მაგრამ მხოლოდ მისი ძალა არ იწვევს ამგვარ განადგურებას" - რატომ იყო თურქეთის მიწისძვრა ასეთი დამანგრეველი?

"მიწისძვრა ძლიერი იყო, მაგრამ მხოლოდ მისი ძალა არ იწვევს ამგვარ განადგურებას" - რატომ იყო თურქეთის მიწისძვრა ასეთი დამანგრეველი?

თურქეთსა და სირიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 11 000-ს აჭარბებს. მედიის ცნობით, მოსალოდნელია, რომ დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზრდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, დაღუპულთა სავარაუდო მაჩვენებელი, ჯამში, 20 000-მდე იქნება.

ცნობისთვის, 1999 წელს თურქეთში მომხდარ ძლიერ მიწისძვრას 17000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მაშველები მუშაობას აგრძელებენ, გამოჰყავთ გადარჩენილები. თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის, ფუათ ოქთაის განცხადებით, ნანგრევებიდან, ამ დროისთვის, 8 000-ზე მეტი ცოცხალი ადამიანის გამოყვანა მოხერხდა.

  • რატომ იყო მიწისძვრა ასეთი დამანგრეველი?

სეისმოლოგთა ოფიციალური ცნობით, პირველი, გამთენიისას მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრემ 7.8 მაგნიტუდა შეადგინა. მაგნიტუდის შკალაზე ეს სიმძლავრე კლასიფიცირებულია, როგორც "ძირითადი.“ სწორედ მას მოჰყვა სერიოზული ზიანი, შენობების ნგრევა და მსხვერპლი.

ლონდონის რისკებისა და კატასტროფების პრევენციის კოლეჯის პროფესორი, ჯოანა ფორ უოკერი ამბობს, რომ მართალია, მიწისძვრა ძლიერი იყო, მაგრამ მხოლოდ მისი ძალა არ იწვევს ამგვარ განადგურებას.

ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც მსხვერპლის ასეთი დიდი რაოდენობაა, ის არის, რომ მიწისძვრა მოხდა გამთენიისას, როცა ადამიანები სახლებში იყვნენ და ეძინათ. ასევე უმნიშვნელოვანესი ფაქტორია შენობების მდგრადობა.

პორთსმუტის უნივერსიტეტის რისკების ექსპერტის, კარმენ სოლანას თქმით, სირიასა და თურქეთში სამწუხაროდ, დანგრეულია ინფრასტრუქტურა. ახლა ადამიანების გადარჩენა დამოკიდებულია მაშველების მუშაობაზე და იმ დროზე, რაც ნანგრევებში მოყოლილთა გამოსაყვანად იქნება საჭირო. რაც უფრო გაიზრდება მათი გამოყვანის დრო, მით უფრო შემცირდება ნანგრევებიდან ცოცხალი ადამიანების გამოყვანის შანსი.

გარდა ამისა, ესაა რეგიონი, სადაც 200 წელზე მეტია ძლიერი მიწისძვრა არ ყოფილა. ამიტომ მზადყოფნის დონე უფრო დაბალი იყო.

  • რამ გამოიწვია მიწისძვრა?

დედამიწის ქერქი შედგება ცალკეული ტექტონიკური ფილებისგან, რომლებიც გამუდმებით გადაადგილდებიან. ტექტონიკური ფილები ერთმანეთში ჯდებიან და დედამიწის მანტიის ზედაპირზე მოძრაობენ. მიწისძვრა კი ორი ტექტონიკური ფილის შეჯახების ადგილას ხდება.

როგორც BBC-ი წერს, თურქეთის მიწისძვრის შემთხვევაში, არაბეთის ფილა, ჩრდილოეთისკენ მოძრაობდა და ანატოლიის ფილას ეწინააღმდეგებოდა.

  • როგორ ზომავენ მიწისძვრის სიმძლავრეს?

მიწისძვრას ზომავენ შკალაზე, რომელსაც "მომენტის მასშტაბს" უწოდებენ. ეს არის მიწისძვრის გაზომვის ახალი მეთოდი, მანამდე იყენებდნენ რიხტერის შკალას, რომელიც ახლა მოძველებულად ითვლება და ნაკლებად ზუსტია.

2.5 მაგნიტუდის ან ნაკლები სიმძლავრის ბიძგი, როგორც წესი, არ იგრძნობა, მაგრამ ხელსაწყოს საშუალებით ვლინდება. 5 მაგნიტუდის მიწისძვრა იგრძნობა და მცირე ზიანს აყენებს. თურქეთის მიწისძვრა 7.8-ბალიანი იყო და ამგვარი სიმძლავრის მიწისძვრა ჩვეულებრივ, იწვევს სერიოზულ ზიანს, როგორც ეს მოხდა თურქეთის შემთხვევაში.

8-ზე მეტი სიმძლავრის მიწისძვრა იწვევს კატასტროფულ ზიანს.

ცნობისთვის, 2011 წელს იაპონიის სანაპიროსთან 9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. მან გამოიწვია ფართომასშტაბიანი ზიანი და ცუნამი. რასაც შემდეგ მოჰყვა ავარია ატომურ ელექტროსადგურზე.

ყველაზე დიდი მიწისძვრა 1960 წელს ჩილეში დაფიქსირდა - 9.5 მაგნიტუდა.