ავტორი:

ახალგაზრდა მსახიობი და რეჟისორი რეზი ქაროსანიძე გარდაცვლილი იპოვეს - "საოცრად ნიჭიერი ადამიანი იყო... ყველა, ვინც იცნობდა, შოკირებულია"

ახალგაზრდა მსახიობი და რეჟისორი რეზი ქაროსანიძე გარდაცვლილი იპოვეს - "საოცრად ნიჭიერი ადამიანი იყო... ყველა, ვინც იცნობდა, შოკირებულია"

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი და რეჟისორი რეზი ქაროსანიძე გარდაცვლილი იპოვეს.

ის 33 წლის იყო.

რეზი ქაროსანიძემ თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა.

თამაშობდა ილიაუნის თეატრის სპექტაკლში “რიჩარდ მესამე” (რეჟისორი: კახაბერ შარტავა).

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრში შესრულებული აქვს შემდეგი როლები:

ხლესტაკოვი - “რევიზორი” (რეჟისორი: გიორგი სიხარულიძე); ჟადოვი - “შემოსავლიანი ადგილი” (რეჟისორი: გიორგი სიხარულიძე); ლისანდრე - “ზაფხულის ღამის სიზმარი” (რეჟისორი: კახაბერ შარტავა); ტიბალტი - “რომეო და ჯულიეტა” (რეჟისორი: გიორგი სიხარულიძე); მურტალო - “კუკარაჩა” (რეჟისორი: გიორგი სიხარულიძე); იანგული - “HELLADOS” (რეჟისორი: გიორგი სიხარულიძე) ბლეზი - “ბლეზი” და ა.შ.

გასული წლის 26 ნოემბერს გაიმართა რეზი ქაროსანიძის სადიპლომო სპექტაკლის საპრემიერო ჩვენება. მან ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრის სცენაზე ჟან პოლ სარტრის პიესა "ბუზები“ დადგა.

2017 წელს რეზი ქაროსანიძე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის მიერ საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობ მამაკაცად დასახელდა.

"სკოლა როგორც კი დავასრულე, თეატრალურ უნივერსიტეტში ჩავაბარე. ჩემი მასწავლებელი ბატონი გიორგი სიხარულიძე იყო. ძალიან გამიმართლა, არაჩვეულებრივი ჯგუფი შემხვდა, ერთად გავიზარდეთ და დღემდე ერთად ვთანამშრომლობთ. რაც შეეხება პროფესიას, ბავშვობიდან ვოცნებობდი მსახიობობაზე და ვამაყობ ჩემი არჩევანით..." - ამბობდა იმხანად მსახიობი.

"საოცრად ნიჭიერი ადამიანი იყო და რაც მთავარია, მეგობრობის ეტალონი. რეზის ასე მოვიხსენიებთ მთელი სამეგობრო. მთელი ქალაქი დამწუხრებულია, ყველა, ვინც იცნობდა, შოკირებულია და განიცდის. მიზეზები არ ვიცით და ვერ ვისაუბრებთ", - განაცხადა ambebi.ge-სთან გარდაცვლილის მეგობარმა.

რეზი ქაროსანიძეს მეუღლე დ 2 შვილი დარჩა.