ავტორი:

"ბიძგების დაწყებამდე რამდენიმე წამით ადრე გამეღვიძა... სასწაულებრივად გადავრჩით" - რას ჰყვება ქართველი ფეხბურთელი ქალი, რომელიც თურქეთის მიწისძვრისას სტიქიის ეპიცენტრში იყო

"ბიძგების დაწყებამდე რამდენიმე წამით ადრე გამეღვიძა... სასწაულებრივად გადავრჩით" - რას ჰყვება ქართველი ფეხბურთელი ქალი, რომელიც თურქეთის მიწისძვრისას სტიქიის ეპიცენტრში იყო

33 წლის ქართველი ფეხბურთელი ხატია ჭყონია მიწისძვრისას თურქეთის სწორედ იმ ქალაქში იმყოფებოდა, სადაც ეპიცენტრი იყო. 3 დღის განმავლობაში მასთან დაკავშირება არ ხერხდებოდა. ხატია სოციალურ ქსელებში გუშინ გამოჩნდა.

3 თვეა, რაც საქართველოს ქალთა ნაკრების თავდამსხმელი ქალაქ ჰათაის საფეხბურთო კლუბში მიიწვიეს. ამ დროის განმავლობაში მან სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

- ხატია, პირველ რიგში, გილოცავთ გადარჩენას. ძნელი წარმოსადგენია, რა მძიმე დღეები გაიარეთ...

- მადლობა. კი, მართლაც წარმოუდგენლად საშინელი დღეები გავიარეთ. თამაშიდან მოვედით იმ საღამოს, დაღლილები ვიყავით და დასაძინებლად მალევე დავწექით. დილის 4 საათი იქნებოდა, უსიამოვნო შეგრძნებით გამეღვიძა. რამდენიმე წამში კი სახლმა რწევა დაიწყო. მაშინვე მივვარდი მეგობრებს და მათი გაღვიძება დავიწყე. დავუყვირე, უნდა გამოვფხიზლდეთ და აქედან ცოცხლებმა გავაღწიოთ-მეთქი. შოკი ჰქონდათ...

რამდენიმემ ფანჯრიდან გადახტომა სცადა. ვუყვიროდი, ნუ გეშინიათ, ერთად თუ ვიქნებით არაფერი მოგვივა-მეთქი, ჭკვიანურად უნდა ვიმოქმედოთ, რომ გადავრჩეთ-მეთქი. ერთმანეთს ხელები ჩავკიდეთ და ვცდილობდით, კარის ქვეშ ვმდგარიყავით, მაგრამ შეუძლებელი იყო. ბიძგები თანდათან ძლიერდებოდა და კედლიდან კედელზე გვახეთქებდა. ამ დროს მსუბუქად დავშავდით ყველანი. როგორც იქნა, ძალა მოვიკრიბეთ და ხელჩაკიდებულებმა გამოვაღწიეთ გარეთ. ძალიან რთული იყო მესამე სართულიდან ჩამოსვლა, გვეშინოდა კიბეზე ჩამოსვლის, მაგრამ ძალა მოგვეცა და შევძელით. სასწაულებრივად გადავრჩით...

- რა ხდებოდა თქვენ თვალწინ? როდესაც მხოლოდ ფოტოებსა თუ ვიდეოებში უყურებ იმ მოვლენებს, ყველაფერი დაუჯერებლად გეჩვენება, ფილმის კადრებივით...

- საზრელი სანახაობა იყო, მაგრამ განსაკუთრებით ხმები... ძალიან მინდა მალე დავივიწყო ყველაფერი, მაგრამ ის ხმები, ალბათ, არასოდეს დამავიწყდება. მიწის გასკდომის, კედლების ნგრევის, ჭურჭლის ლეწვის და განწირული კივილის ხმები ერთმანეთში ირეოდა. და საშინელი ზანზარის ხმა... მიჭირს გადმოგცეთ, რას განიცდის ადამიანი ამ დროს. ვხედავდი ნანგრევებიდან ამოშვერილ ხელებს, როგორ ითხოვდნენ დახმარებას ორსულები, ბავშვები თუ მოხუცები და ვერავის ვეხმარებოდი... საშინელი უსუსურობის განცდა დამეუფლა. ამ დროს ყველა საკუთარი თავის გადარჩენაზე ფიქრობდა, თან ფეხშიშველი ვიყავი და გადაადგილება მიჭირდა. ფაქტობრივად, ვერაფრის გაკეთება შევძელი, ერთადერთი ის იყო, რომ ფერადკანიანებს, რომლებმაც თურქული არ იცოდნენ, თარჯიმნობას ვუწევდი, ვცდილობდი, ამით მაინც დავხმარებოდი და გვერდიდან არ მოვშორებივარ.

ბიძგები რომ შეჩერდა გამთენიისას, ისევ სახლში აბრუნება მოგვიწია, რადგან სხვა არჩევანი არ გვქონდა, გავიყინებოდით, უბრალოდ. თან თოვდა, წვიმდა და ჩვენ კი ფეხშიშველები ვიდექით გარეთ, საათების განმავლობაში. გავრისკეთ და ავედით სახლში, ჩავიცვი და საჭირო ნივთები წამოვიღეთ.

- რატომ არ ჩანდით 3 დღის განმავლობაში და სად იყავით ეს პერიოდი?

- ერთი დღე ჰათაის ქუჩაში გავათენეთ. შემდეგ რომელიღაც სოფელში წაგვიყვანეს, უსაფრთხო ადგილიაო. ღია ცის ქვეშ გვენთო კოცონი და იქაც გარეთ გავათენეთ. შუქი არ იყო, მიწისძვრის დაწყებისთანავე ყველანაირი საკომუნიკაციო წყარო გაქრა.

- ახლა სად და როგორ ხართ?

ახლა კარგად ვართ, ანკარაში გადმოგვიყვანეს და ყველაფერი გვაქვს, რაც საჭიროა. მადლობა ღმერთს, რომ გადავრჩით. ჩემს საახლობლოში არავინ დაღუპულა, მაგრამ ძალიან განვიცდი ყველას ტკივილს და ვუსამძიმრებ სრულიად თურქეთს და სირიას, ყველა დაღუპულის ოჯახს.

ასევე იხილეთ: