ავტორი:

"და სწორედ აქ დავუშვი შეცდომა... ამას ძალიან ვნანობ, რთული იყო იმაზე ფიქრი, როგორ ვერ დავინახე პრობლემა" - დემნას პირველი ინტერვიუ "ბალენსიაგას" სკანდალური კამპანიის შემდეგ

"და სწორედ აქ დავუშვი შეცდომა... ამას ძალიან ვნანობ,  რთული იყო იმაზე ფიქრი, როგორ ვერ დავინახე პრობლემა" - დემნას პირველი ინტერვიუ "ბალენსიაგას" სკანდალური კამპანიის შემდეგ

გასული წლის შემოდგომაზე Balneciaga და მისი კრეატიული დირექტორი დემნა, საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა. მიზეზი ბრენდის კამპანიები იყო.

  • საქმე ეხება Balenciaga Gift Shop-ის სადღესასწაულო კამპანიას და Garde-Robe-ის კამპანიას, რომელთა ფარგლებში გამოქვეყნებულ ფოტოებზე ჩანდა ბავშვები, ხელში დათვის ფორმის ჩანთებით. ეს ჩანთები პირველად საზოგადოებამ ნახა პარიზში, როდესაც Balenciaga-მ 2023 წლის გაზაფხულის კოლექცია წარადგინა. დათვის ფორმის ჩანთებს აქვთ ტყავის დეტალები და სხვა BDSM - მონობასთან, დამორჩილებასთან, დომინირებასთან, სადიზმსა და მაზოხიზმთან დაკავშირებული ელემენტები.

აღნიშულის გამო საზოგადოებამ ბრენდი ბავშვთა ჩაგვრასა და ბავშვთა პორნოგრაფიის რომანტიზებაში დაადანაშაულა. ვარსკვლავების დიდმა ნაწილმა უარი თქვა Balenciaga-ს სამოსზე და სხვადასხვა მსხვილმა კომპანიამ ბრენდთან თანამშრომლობა გაწყვიტა.

Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი დემნა პირველად საუბრობს მომხდარზე, დეტალურად აღწერს, თუ როგორ დაიგეგმა კამპანია და ამბობს, რომ ეს მისი დიდი შეცდომა იყო. დემნასთან ვრცელ ინტერვიუს Vogue აქვეყნებს.

  • დემნა:

- 2023 წლის გაზაფხულის კამპანია პირდაპირ შთაგონებულია ჩვენებით, რომელიც გასულ წელს, ნიუ იორკში, უოლ სტრიტზე გავმართეთ. მსურდა, ფოტოები გადამეღო ტიპურ ნიუ-იორკულ გარემოში. ძირითადად გადამეღო CEO-ს სტილის ოფისი. მე ვნახე მაგალითი იმისა, თუ როგორ მოეწყობოდა ოფისები გადაღებისთვის, დავეთანხმე, თუ როგორი სტილის ავეჯს გამოიყენებდნენ და როგორი პოზები ექნებოდათ მოდელებს. მას შემდეგ მე გადაღებაზე არ ვყოფილვარ, ფოტოები მაჩვენეს, რომ შემერჩია ფოტოგრაფის არჩეულიდან რომელი უფრო მომეწონებოდა.

The Gift Shop კამპანია საერთოდ არ იყო დაკავშირებული 2023 წლის გაზაფხულის კამპანიასთან - ის გადაიღეს სხვა დროს, ოქტომბერში და კიდევ ერთი გადაღება იყო ივლისში. კამპანია გაკეთდა სადღესასწაულო ნივთების რეკლამის მიზნით. კამპანიის კონცეფცია მოითხოვდა, ერთად, ერთმანეთისგან განსხვავებული ბევრი სხვადასხვა პროდუქტის გადაღებას.

ბავშვის ტანსაცმელი იყო gift shop-ის კამპანიის ნაწილი, ისევე როგორც დათვის ფორმის ჩანთები, რომელიც პანკების კულტურას წარმოადგენს და არაფერი აკავშირებს BDSM-თან. ის წარადგინეს ზრდასრულებმა 2022 წლის ოქტომბრის ჩვენების დროს. გუნდმა შემოგვთავაზა ფოტოგრაფი, რომელიც ამ კამპანიაზე იმუშავებდა, რადგან წლის დასაწყისში მე მისი ნამუშევრები მაჩვენეს და მომეწონა მისი ფოტოების კომპოზიცია.

ამ ფოტოგრაფის ფოტოებზე ხშირად აღბეჭდილი იყო ოთახი, სადაც გარშემო მრავალი სათამაშო იყო მიმობნეული, ცენტრში კი ბავშვები იდგნენ. ვიფიქრეთ, რომ ეს კონცეფცია საშუალებას მოგვცემდა საჩუქრების მაღაზიიდან სხვადასხვა სახის ნივთები ერთ სურათში წარმოგვედგინა და არ მოგვიწევდა თითოეულის საჩვენებლად 100 ფოტოს გადაღება.

  • და სწორედ აქ დავუშვი შეცდომა, დიდი შეცდომა დავუშვი. ვერ მივხვდი რამდენად შეუფერებელი იქნებოდა იმ ნივთებთან ერთად ბავშვების გადაღება. სამწუხაროდ, ეს იყო არასწორი იდეა და ჩემ მიერ მიღებული ცუდი გადაწყვეტილება. ბავშვებთან ერთად არ უნდა გადაგვეღო მათთან შეუსაბამო ნივთები.

არავის, და მათ შორის არც მე, არ გვიფიქრია, რომ ბავშვები და ეს ნივთები შეუსაბამო იყო, არ გაგვჩენია კითხვები. ვერ შევამჩნიეთ, რომ ეს პრობლემური იყო. ეს იყო არასწორი გადაწყვეტილება და ამას ძალიან ვნანობ.

ამ ამბის შემდეგ, ვისწავლეთ და ახლა ნებისმიერ ფოტოს უფრო მეტად დავაკვირდებით, ყურადღებით შევამოწმებთ და იქნება დამატებით ეტაპები, რომელსაც გამოქვეყნებამდე გაივლის. მინდა ვთქვა, რომ ვწუხვარ და გულწრფელად ბოდიშს ვიხდი მომხდარის გამო და ყველას ბოდიშს ვუხდი, ვინც ამის გამო დაზარალდა.

  • კრიტიკის შესახებ:

გავაანალიზე, რომ ყველაფერს ობიექტურად უნდა შევხედო და წარმოვიდგინო, რას ფიქრობს განსხვავებული აუდიტორია. პასუხისმგებლობა უნდა ამეღო. არასდროს მდომებია ასეთი რეაქციის გამოწვევა. გავაცნობიერე, რომ ჩემი ნამუშევარი პროვოკაციულად აღიქვეს, მაგრამ ეს კონკრეტული სიტუაცია არასდროს ყოფილა ჩემი პროვოკაციული ხასიათის ნაწილი. პირადად ჩემთვის ყველაზე რთული იყო იმაზე ფიქრი, თუ როგორ ვერ დავინახე პრობლემა. რადგან ახლა ისეთი ცხადია, როგორი არასწორი იყო ამგვარი კამპანიის გაკეთება.

საშინელ რაღაცებს მეძახდნენ, ისეთს, რაც მე არ ვარ და არც "ბალენსიაგაა." ამ საშინელებასთან ერთად, ჩემი სახელი ბავშვებზე ძალადობის პრობლემას დაუკავშირდა. ჩვენ დავუშვით ეს შეცდომები და უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა მათზე. არასდროს ვისურვებდი მსგავს სიტუაციაში აღმოჩენას. ჩემი შემოქმედება ზოგჯერ პროვოკაციულად აღიქმებოდა და მე ვფიქრობ, რომ საკითხის ამგვარ აღქმაში ამანაც ითამაშა როლი, თქვენ იცით, როგორ ხედავს ზოგიერთი ამას, თითქოს, ეს იყოს კიდევ ერთი ტრიუკი ჩემგან, მაგრამ ასე არ ყოფილა.

ცხოვრებაში ბევრი რთული ეტაპი გამივლია, მაგრამ ეს განსაკუთრებით რთული იყო, ეს იყო შეცდომა, რომლისგანაც უნდა ისწავლო. განსაკუთრებით მტკივნეული ჩემთვის იმიტომ იყო, რომ არ შემეძლო ყველაფრის ახსნა, ზიანი მიადგა "ბალენსიაგას" სახელს, კრისტობალ ბალენსიაგას მემკვიდრეობას, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასია და უდიდეს პატივს ვცემ. ეს არის მოდის სახლი, რომელიც მშვენიერ შემოქმედებით ღირებულებებზეა დაფუძნებული და მე ჩემი შემოქმედებით ვცდილობდი ის თანამედროვედ მექცია, თუმცა უეცრად, ჩვენთვის შეუსაბამო იარლიყები მოგვაწებეს. უდავოა, რომ უდიდესი და სულელური შეცდომა დავუშვით და გაკვეთილიც მივიღეთ.