ავტორი:

ყუმბარმტყორცნი დრონები - რუსეთ-უკრაინის ომის იაფი და საშიში სიახლე: რა საფრთხეს ქმნიან ბრძოლის ველზე და როგორ აწყობენ ამ მკვლელ საფრენ აპარატებს?

ყუმბარმტყორცნი დრონები - რუსეთ-უკრაინის ომის იაფი და საშიში სიახლე: რა საფრთხეს ქმნიან ბრძოლის ველზე და როგორ აწყობენ ამ მკვლელ საფრენ აპარატებს?

"ყუმბარმტყორცნი დრონები - უკრაინის ომის იაფი და საშიში სიახლე. რატომ არის ის საშიში და როგორ მზადდება?“ - ამ სათაურით სტატიას BBC აქვეყნებს. სტატიაში ვკითხულობთ ომის ახალ ტექნოლოგიაზე, კერძოდ კი კვადროკოპტერებზე დაკიდულ ყუმბარებზე, რომელიც იაფი საშუალებაა, მაგრამ მტრისთვის კი საბედისწერო შეიძლება აღმოჩნდეს...

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ერთ-ერთ ვიდეოში რუსი ჯარისკაცების ჯგუფი თოვლით დაფარულ გზაზე მიდის, ზევით ჩანს, რომ მათ დრონი მიჰყვება, რომელიც ერთ მომენტში ყუმბარას აგდებს. ვიდეოში ჩანს, რომ რამდენიმე ჯარისკაცი ვარდება. ზოგი გაუნძრევლად წევს, ზოგიც - დაჭრილია. ჯარისკაცები, ერთ-ერთს მკლავში ხელს ჰკიდებენ და ცდილობენ სახიფათო ადგილიდან გაიყვანონ. დრონი მათ თავზე დაფრინავს და.. მეორე ყუმბარა ვარდება. სამივე მიწაზე წვება, შემდეგ ერთი რჩება და დანარჩენები გარბიან. დრონი ამ დროს მეოთხე პრევენციულ ყუმბარას ისვრის. ორი მათგანი ეცემა.

კიდევ ერთ ვიდეოზე ჩანს, რომ 6 ჯარისკაცი სანგარში იმალება. დრონი მათ თავზე მოძრაობს და ყუმბარას აგდებს, რომელიც მათ შუაში ფეთქდება... ვიდეოში ჩანს, რომ ამ ჯარისკაცებისთვის ყველაფერი დასრულდა.

ყველა დიდ ომს მოაქვს კუსტარული სიახლეები. რუსეთ-უკრაინის ომს კი "ომის ღმერთმა“ იაფი და საშიში იარაღი - კვადროკოპტერზე დაკიდებული ყუმბარა აჩუქა.

უკრაინული მხარე ინტერნეტში აქვეყნებს ყუმბარით აღჭურვილი დრონების თავდასხმების ვიდეოკადრებს. თუმცა არსებობს ინფორმაცია, რომ რუსული ჯარებიც ასევე იყენებს მსგავს ტექნოლოგიას.

რუსეთ-უკრაინის ომში ყველაზე ხშირად გამოიყენება 30 მმ-იანი ყუმბარა VOG-17, რომელსაც საბჭოთა AGS-17 Plamya ავტომატური ყუმბარმტყორცნიდან ან ჩინური Mavic 3 კვადროკოპტერიდან ისვრიან.

  • რატომ არის მოსახერხებელი მსგავსი საბრძოლო მასალა?

VOG-17 მასობრივად იწარმოება 1960-იანი წლების ბოლოდან დღემდე. ყუმბარა გათვლილი იყო ყუმბარმტყორცნიდან გასასროლად, რომელსაც შეუძლია დავარდნის შემდეგ აფეთქება.

დაცემის შემდეგ, მისგან დაზიანების რადიუსი დაახლოებით შვიდი მეტრია. VOG-17-ის მცირე ფრაგმენტები ღრმად აღწევს სხეულში და მძიმე ჭრილობებს იწვევს. მისი ამოღება სხეულიდან ძნელია, ამიტომ დაჭრილი ადგილზე იღუპება ან სამუდამოდ დასახიჩრებული რჩება. სიახლოვეს ჩამოვარდნის შემთხვევაში კი ადამიანი იღებს ტვინის შერყევას ან დარტყმის ტალღისგან კვდება.

კვადროკოპტერზე ყუმბარის მოთავსება ადვილი არ არის, მას სპეციალური ცოდნა სჭირდება, თუმცა, როგორც წესი, გამოცდილი მებრძოლი ამას რამდენიმე წუთს ანდომებს.

VOG-17-ის ერთ-ერთი უპირატესობა მისი მსუბუქი წონაა.

კოპტერებით ესვრიან არა მხოლოდ ცოცხალ ძალას, არამედ ჯავშანმანქანებსაც. არსებობს ვიდეოები, რომელშიც ჩანს, რომ ოპერატორი ახერხებს ყუმბარის სროლის შედეგად ბმპ-ს ცეცხლი წაუკიდოს.

  • ყველაფერი ასე მარტივი არ არის...

რაც უფრო მძიმეა საბრძოლო მასალა, მით მეტი ტევადობა უნდა ჰქონდეს დრონს. Mavic 3-ზე შეიძლება დამაგრდეს მხოლოდ ერთი ყუმბარა, მაგრამ არსებობს უფრო მძლავრი კოპტერებიც, რომლებსაც შეუძლიათ 4-5 და მეტი ყუმბარის ტარება.

ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა კვადროკოპტერზე დამატებითი კამერის დაყენება, რომელიც ოპერატორს საშუალებას აძლევს, მიზნობრივად ისროლოს ყუმბარა.

დრონი არაეფექტიანია ქარიან ამინდში - მისი ფრენა არასტაბილური ხდება, ჩამოგდებული საბრძოლო მასალა კი ხშირად სცდება სამიზნეს. ღამის თავდასხმებისთვის უპილოტო საფრენი აპარატი აღჭურვილი უნდა იყოს თერმოგრაფიული კამერით, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მის ღირებულებას.

იაფფასიან კვადროკოპტერს არ აქვს უსაფრთხო საკომუნიკაციო არხები, მაგრამ ჯერჯერობით, რუსეთ-უკრაინის ფრონტზე ყველაზე პოპულარული ჩინური Mavic-3 რჩება.

  • კოპტერის მართვის პანელი

Mavic-3-ის საცალო ფასი დაახლოებით 3 ათასი დოლარია. თანხა თითქოს შთამბეჭდავად გამოიყურება, მაგრამ სამხედრო ბიუჯეტისთვის ეს არაფერია. მაგალითად, ერთი F-16 გამანადგურებელი, სხვადასხვა შეფასებით, 43-დან 55 მილიონ დოლარამდე ღირს - ამ თანხით, თუნდაც საცალო ფასით, 14-18 ათასი Mavic-ის შეძენაა შესაძლებელი.

თავდამსხმელი დრონით რისკავს მხოლოდ თავად მოწყობილობას. ასევე, მათ შეუძლიათ შეასრულონ ერთზე მეტი ფრენა, სანამ მტერი არ შეძლებს მის ჩამოგდებას.

  • ძნელია თუ არა დრონის ჩამოგდება?

ჩვეულებრივი ცეცხლსასროლი იარაღით რთულია, თუმცა თეორიულად, შესაძლებელია, მაგრამ ეს დაახლოებით იგივეა, რაც ავტომატიდან მფრინავი იხვის მოკვლა. ოპტიკა აქ ძნელად დაგეხმარებათ - თითქმის არარეალურია ქაოტურად მოძრავი დრონის შაშხანის სამიზნეში ამოღება. ახლოს მფრინავი დრონის ჩამოგდება მარტივია გლუვლულიანი სანადირო თოფით, მაგრამ, მათი სროლის ეფექტური მანძილი 50 მეტრს არ აღემატება და მეორეც, სად შეიძლება მისი შოვნა ფრონტის წინა ხაზზე?

ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც აქვს აზრი გაუხსნა ცეცხლი უპილოტო საფრენ აპარატს, რომელიც თავდასხმას ცდილობს, თუმცა ამგვარი თავდასხმის ამსახველ ყველა ვიდეოში ჯარისკაცები არ ცდილობენ წინააღმდეგობის გაწევას - ისინი ან საფრთხეს ვერ ხედავენ, ან პანიკურად ცდილობენ გაქცევას. ფრონტის ხაზის კვადროკოპტერების მიმართ ყველაზე ეფექტიან წინააღმდეგობას უზრუნველყოფს ელექტრონული ომის სისტემები - სიგნალის ჩახშობა, თვალთვალი და სანავიგაციო მონაცემების ჩანაცვლების სისტემები.

  • რას ცვლის ყუმბარიანი კოპტერების მასიური გამოყენება ომში?

პოზიციური ომის პირობებში, საბრძოლო კვადროკოპტერები ჰიბრიდულ ფუნქციებს იძენენ - მათ შეუძლიათ იმოქმედონ როგორც დივერსიული, ასევე სადაზვერვო ჯგუფების წინააღმდეგ, ასევე ადგილზე გაანეიტრალოს სნაიპერები.

მტრის ხელში ასეთი საფრენი აპარატების დიდი რაოდენობა უკიდურესად სახიფათოა არა მხოლოდ პერსონალისა და აღჭურვილობის საბრძოლო გადაადგილებისას, არამედ მათი ღია სივრცეში, ფრონტის ხაზის მახლობლად ყოფნის შემთხვევაშიც.

ყუმბარიანი დრონების მასიურ თავდასხმებთან დასაპირისპირებლად საჭიროა ყველაზე თანამედროვე საშუალებები, მათ შორის ათასობით მაღალკვალიფიციური სპეციალისტი და კიდევ ათიათასობით ჯარისკაცი მათ დასაცავად.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ფრონტის ხაზზე მყოფ სამხედროებს ნებისმიერ მომენტში ციდან "საჩუქარი“ ელით, სანგარი კი ყუმბარით შეიარაღებული დრონის წინააღმდეგ ეფექტიანობას კარგავს...