ავტორი:

რუსეთს სურს აფხაზეთთან ერთად კრიპტოვალუტის ჰაბი გახდეს - როგორია გეგმა და რას ამბობენ აფხაზები: "ახლა გასაგებია, რას ემსახურებოდა ჩვენი მინისტრის განცხადება"

რუსეთს სურს აფხაზეთთან ერთად კრიპტოვალუტის ჰაბი გახდეს - როგორია გეგმა და რას ამბობენ აფხაზები: "ახლა გასაგებია, რას ემსახურებოდა ჩვენი მინისტრის განცხადება"

"რუსეთს სურს აფხაზეთთან ერთად კრიპტოვალუტის ჰაბი გახდეს" - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას რუსული მედია და როგორც ადგილობრივები ამბობენ, ოკუპირებულ რეგიონში ახალი პროექტისთვის ნიადაგს ამზადებს.

  • სქემა ასეთია - რუსული სამთავრობო მედია ამა თუ იმ გეგმის შესახებ საუბრობს, რომლის კომენტირებასაც აფხაზური მედია ე.წ. ხელმძღვანელობისგან იწყებს, მოსახლეობა შფოთავს, თუმცა აქტიურ ნაწილს მაშინვე თავს ესხმიან, როგორც გარედან მართულ ძალას, მუხტი მცირდება, რის შემდეგაც, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის...

კრიპტოვალუტის ჰაბად გადაქცევისთვის პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია. lenta.ru-ს ცნობით, რუსეთმა და აფხაზეთმა შესაძლოა, კრიპტოვალუტის ჰაბი დააფუძნონ, რომელიც პოტენციურად შეიძლება ტრანსსასაზღვრო გადახდებისთვის გამოიყენონ.

"რუსეთის კრიპტო ინდუსტრიისა და ბლოკჩეინების ასოციაციის პრეზიდენტის ალექსანდრ ბრაჟნიკოვის თქმით, პროექტის განხილვა დაწყებულია. აღნიშნული თემის მიმართ ინტერესს ადასტურებს Global Abkhazia-ს ფორუმის წარმომადგენელი, რომელიც აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კურატორია", - წერს გამოცემა.

ბრაჟნიკოვის თქმით, აფხაზეთში მიმდინარე წლისთვის უკვე მზად იქნება ადგილობრივი ბლოკჩეინები, რომელსაც საერთაშორისო პლატფორმებზე გამოიყენებენ, ასევე, სტეიბკლონები, ციფრული ფინანსური აქტივობებისთვის.

გამოცემის ცნობით, რუსი ექსპერტის თქმით, აფხაზეთს შეუძლია გადაიქცეს ციფრულ მინი შვეიცარიად რუსეთისა და მისი მეგობარი ქვეყნებისთვის და გახდეს სტაბილკოინების კრიპტოვალუტის გარანტორი, რომლის სტაბილურობა გარანტირებულია საყოველთაოდ აღიარებული აქტივით.

  • ფინანსური ინოვაციების წარმომადგენლის რომან პროხოროვის თქმით, ასეთი ინფრასტრუქტურის აფხაზეთის ტერიტორიაზე შექმნა და რესპუბლიკის ტრანსსასაზღვრო ჯაჭვში ჩაბმა პრობლემურია, რადგან მისი იურისდიქცია ბევრ ქვეყანაში არ არის აღიარებული.

"საინტერესოა, როგორ უნდა განვითარდეს ეს პროექტი, მით უფრო, როგორ შეუწყობს ხელს ახალი ჰაბი რუსული კრიპტო ბაზრის განვითარებას და როგორ იქნება აფხაზეთი ფუნდამენტურად უკეთესი? აფხაზეთზე, რუსეთის გარდა, სხვა ქვეყანას არავითარი გავლენა არ აქვს..." - ამბობს ექსპერტი.

სხვა ექსპერტების თქმით, ინიციატივა შეიძლება საინტერესო იყოს რუსეთის მოქალაქეების ოპციებისთვის.

"პროექტს უპირატესობა მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ აფხაზური კომპანიები მიიღებენ წვდომას იაფ ლიკვიდობაზე ევროპულ და ჰონგ-კონგის ბირჟებზე, კერძოდ, დოლარის მხარდაჭერილ სტაბილკოინზე" - მიაჩნია Grad Bar Association-ის საადვოკატო კოლეგიის მმართველს მარია აგრანოვსკაიას, რომლის თქმითაც, შესაძლოა, აფხაზური კომპანიები დაექვემდებარონ დასავლეთის სანქციებს და ადგილობრივ ბანკებს პოტენციურად გაუჭირდებათ კრიპტოვალუტის შესაძენად გადახდის ნებართვის მიღება.

კრიპტოჰაბის პროექტს მიუღებელს უწოდებს აფხაზეთის მოსახლეობის ერთი ნაწილი, რომლის თქმითაც, რუსეთი რეგიონში გარკვეული "მაქინაციური სქემების" ხარჯზე, რომელსაც აფხაზეთისთვის მომგებიანად წარმოაჩენს, დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლას ცდილობს.

"ანუ ვაღიარებთ და ვეგუებით, რომ ქვეყანა კი არა, რუსეთის ქარხანა ვართ, თუ როგორ?.. თუ გავაპროტესტეთ, გარედან მართული ძალები ვართ?.. მართლა მაინტერესებს, რას ვაპირებთ, საით მივდივარ თუ მივდივართ საერთოდ?... რომ ბნელა, ვიცით, მაგრამ ასე ძალიან? რომელ კრიპტო ჰაბზე ვსაუბრობთ, როდესაც ამ ყინვაში უშუქოდ ვცხოვრობთ და რომ არ გავიყინოთ, საღამოს 6 საათზე საბნის ქვეშ ვართ შემძვრალი... თუ კოლონია ვართ, გვითხარით და სხვა ზომებს მივიღებთ" - წერს ადგილობრივი ლარისა ხაჯიმბა.

"ახლა გასაგებია, რას ემსახურებოდა ჩვენი ახალგაზრდა მინისტრის მკაცრი სახით გაკეთებული განცხადება, რომ აფხაზეთში თურმე ანტირუსული განწყობები ღვივდება... ანუ თუ კორუფციის და ვიღაცის მაქინაციური სქემის ნაწილად ყოფნა არ მინდა, მართული აგენტი ვარ. აქამდე მაინტერესებდა, სადამდე წავიდოდა ამათი თავხედობა, ახლა ვხვდები, რომ ბოლომდე" - წერს რაულ ბენია.

"დავით დასანიას პოსტი წაიკითხეთ, ვისაც არ წაგიკითხავთ, ანტირუსული გამოსვლების გამო ავიწროებენ. ვინმეს "ეფესბეს" სტილი ხომ არ ეცნო... ყველაფერი ისე მიდის, მაიძულებენ ქვეყნიდან წავიდეო. რა ხდება, როდის გავხდით ასე ადვილი სამართავები?" - კითხულობს ლეონ აფხაზი...