ავტორი:

"არ უნდა აჩვენო ასეთი დონის უცოდინრობა და თქვა, რომ რუსეთი იგებს ომს... ქართულ მხარესთან საუბარს აზრი არ აქვს" - პოდოლიაკი კობახიძეს პასუხობს

"არ უნდა აჩვენო ასეთი დონის უცოდინრობა და თქვა, რომ რუსეთი იგებს ომს... ქართულ მხარესთან საუბარს აზრი არ აქვს" - პოდოლიაკი კობახიძეს პასუხობს

საქართველომ უნდა დაიკავოს ნეიტრალური პოზიცია და შეეცადოს ომზე კომენტარი არ გააკეთოს - არ უნდა აჩვენო ასეთი დონის უცოდინრობა და თქვა, რომ რუსეთი იგებს ამ ომს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, სასურველი იქნებოდა, ირაკლი კობახიძეს შეესწავლა, "როგორ წაუვიდა საქმე პუტინს და მის გეგმას, რომ უკრაინას სამ დღეში დააჩოქებდა".

"საქართველომ უნდა დაიკავოს ნეიტრალური პოზიცია და შეეცადოს ომზე კომენტარი არ გააკეთოს, ეს საქართველოსთვის სტრატეგიული თვალსაზრისით ძალიან მომგებიანი იქნებოდა. და მეორე, რა თქმა უნდა, არ უნდა აჩვენო ასეთი დონის უცოდინრობა და თქვა, რომ რუსეთი იგებს ამ ომს. სამდღიან ომში რუსეთი, რა თქმა უნდა, „იმარჯვებს“, რა თქმა უნდა. სასურველი იქნებოდა, ბატონი კობახიძე თუ შეისწავლიდა, როგორ წაუვიდა საქმე პუტინს და მის გეგმას, რომ უკრაინას სამ დღეში დააჩოქებდა. ჩვენ ერთი წელია ომში ვართ და რუსეთს არ აქვს რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება. რუსეთი გაჭიანურებულად იბრძვის მოკლე მანძილებზე და ვერ ახერხებს ნახევარ კილომეტრზე ან კილომეტრზე მეტ წინსვლას. კითხვა იმაშია, რამდენად სწრაფად გაიქცევა რუსეთი უკრაინის ტერიტორიიდან. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში შევძლებთ ამაზე კონკრეტული მაგალითებით ვიმსჯელოთ”, - განაცხადა პოდოლიაკმა.

მისივე თქმით, ქართულ მხარესთან საუბარს აზრი არ აქვს.

"აზრი არ აქვს რაიმეზე საუბარს (გარდა დიპლომატიური დონისა) მთავრობასთან, რომელსაც 2008 წლის მტკივნეული ტრავმა აქვს გამოვლილი და მიუხედავად ამისა, მისი მიდგომაა, რომ "ჩვენ გვესმის რუსეთის და მას აქვს უფლება მოკლას ადამიანები უკრაინაში“,- განაცხადა მიხაილო პოდოლიაკმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ბოლო 1-2 კვირის განმავლობაში უკრაინულ მხარეს არცერთი დასახლება არ აუღია, რუსულმა მხარემ მინიმუმ ბოლო 1 კვირაში 10-მდე დასახლება აიღო, რაც აჩვენებს, რომ უპირატესობა ამ ეტაპზე აქვს რუსულ მხარეს.