ავტორი:

"არ აქვს მნიშვნელობა, ვინ გაიტანა ექსპონატი, პატრონმა თუ თაყვანისმცემელმა..მე განვაცხადე პოლიციაში" - რას წერს ეროვნული მუზეუმის საგამოფენო განყოფილების უფროსი

"არ აქვს მნიშვნელობა, ვინ გაიტანა ექსპონატი, პატრონმა თუ თაყვანისმცემელმა..მე განვაცხადე პოლიციაში" - რას წერს ეროვნული მუზეუმის საგამოფენო განყოფილების უფროსი

ეროვნულ გალერეაში, 4 თებერვალს გამოფენა "ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილემ, მხატვარმა სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა, ხოლო მის ადგილას კედელზე, საღებავით დატოვა წარწერა - "ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია."

მალევე ცნობილი გახდა, რომ სანდრო სულაბერიძის საქმეზე სამართალდამცველებმა გამოძიება დაიწყეს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ქურდობას, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ისჯება შინაპატიმრობით ერთიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით სამიდან ხუთ წლამდე.

საზოგადოების ნაწილის მხრიდან აღნიშნულ გადაწყვეტილებას მწვავე პროტესტი მოჰყვა.

  • მუზეუმის საგამოფენო განყოფილების უფროსი ალექსანდრა გაბუნია მომხდარზე სოციალურ ქსელში ვრცელ განმარტებას აქვეყნებს, სადაც წერს, რომ მას ამ ფაქტის გამო, საყვედური გამოუცხადეს და მისი თქმით, სულაბერიძეს არავინ დაიჭერს...

ალექსანდრა გაბუნია:

- საქართველოს ეროვნული გალერეა გახლავთ სახელმწიფო დაწესებულება, საიდანაც სურვილისებრ ნამუშევრის ჩამოხსნა და გატანა მარტივად არ ხდება. გალერეა ემორჩილება გარკვეულ წესებს და არის პასუხისმგებელი არა მხოლოდ დავით კაკაბაძის, ქეთევან მაღალაშვილის, სიდამონ-ერისთავისა და სხვათა ნამუშევრებზე, რომ აღარაფერი ვთქვათ მომიჯნავე დარბაზში ექსპონირებულ ფიროსმანზე, არამედ ყველა იმ ნამუშევარზე, რომელიც, თუნდაც დროებით, მის სივრცეში იფინება.ასევეა კერძო გალერეის შემთხვევაში.

ხელოვანებს და მითუმეტეს გალერისტებს არ უნდა ჭირდებოდეთ იმისი ახსნა, რომ საგამოფენო სივრცეში გამოფენილ ნამუშევარზე სწორედ სივრცის მენეჯმენტია პასუხისმგებელი, იმისგან დამოუკიდებლად, სივრცე კერძოა თუ სახელმწიფო.არ შევდივარ პოლემიკაში იმის თაობაზე, რა სახელოვნებო მედიუმს ეკუთვნის სანდრო სულაბერიძის ქმედება, არ ვუკეთებ ინტერპრეტაციას მის მიერ კედელზე დატოვებულ წარწერის ხარისხს ან მართებულობას. არც იმაზე ვმსჯელობ, რამდენად ფასეულია მისი ნამუშევარი, რომელიც ჩამოხსნა და გალერეიდან გაიტანა.

კანონისთვის, რომელიც სხვა შემთხვევაში ყველას გინდათ მუშაობდეს, არ აქვს მნიშვნელობა ვინ გაიტანა გალერეიდან ექსპონატი, პატრონმა თუ მისმა თაყვანისმცემელმა. ფაქტია, გამოფენის მსვლელობისას დაიკარგა ნამუშევარი! ამის შესახებ მე (სწორედ მე, რადგან ამას ითხოვს კანონი!) განვაცხადე პოლიციაში და ზედამხედველებთან ერთად დავიკითხე კიდეც. მომიტევეთ, ზოგიერთებისგან განსხვავებით, სახელმწიფოს და საზოგადების წინაშე ჩემ მიერ აღებული ვალდებულებების და პასუხისმგებლობების გამო, ქუჩური "გაგებებით“ ვერ ვიხელმძღვანელებ, რადგან ხვალ ვინმემ ფოროსმანი რომ გაიტანოს, პირველი მე მომთხოვთ პასუხს და მართალიც იქნებით.

სანდრო სულაბერიძის "პერფორმანსის“ გამო, გამომიცხადეს საყვედური. უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, რომელსაც სხვა პოზიციაზე გადაყვანა შესთავაზეს, საკუთრი გადაწყვეტილებით წავიდა სამსახურიდან, რადგან ბოლომდე გააცნობიერა საკუთარი შეცდომა. ასეა თუ ისე, ამ "უცოდველი“ აქტის გამო, ერთი ადამიანი უკვე რეალურად დაზარალდა, რომ აღარაფერი ვქვათ გალერეის დათრგუნულ თანამშრომლებზე და იმ ადამიანებზე, რომლებიც აწი უნდა გამოიფინონ გალერეის სივრცეში, რომლის საგამოფენო პოლიტიკა არის დამოუკიდებელი და სადაც უკვე სრულად არის შევსებული 2023-2024 წლების საგამოფენო გრაფიკი.

მინდა ისიც გითხრათ, რომ ჩემს განცხადებაში მომხდარი ფაქტის შესახებ, მე არ ვითხოვ სანდრო სულაბერიძის დაჭერას, რადგან განაცხადების დაწერის მომენტში, ჩვენთვის უკვე ცნობილი იყო, ვინ გაიტანა ნამუშევარი. აქვე მინდა გაგიზიაროთ ჩემი აზრი, იმის შესახებ, რომ მას არავინ დაიჭერს, თუმცა ადმინისტრაციულ ჯარიმას აუცილებლად დაუწესებენ, რაც აბსოლუტურად გამართლებული იქნება ისევ და ისევ კანონიდან გამომდინარე. ისიც მინდა გაცნობოთ, რომ ეს ჯარიმაც უკვე გადახდილია გამოფენის სპონსორის მიერ. უბრალოდ საზოგადოებამ უნდა აცალოს კანონს, გაიაროს ყველა აუცილებელი ეტაპი და ისე დასრულდეს.

ასე, რომ, სამომავლოდ, "პერფორმანსები“ ჯობს ისე დაგეგმოთ, რომარ შეხვიდეთ კანონთან კონფლიქტში და თუ მანც შეხვალთ, სასჯელისთვისაც იყოთ მზად.არავის ავნოთ და მხატვრის ნამუშევარზე პასუხისმგებელ ადამიანებს არ შეუქმნათ მძიმე პრობლემები იმისთვის, რომ თქვენი გზავნილი და ქმედება მართლაც იყოს მნიშვნელობის მატარებელი ხელოვნება და არა ინფანტილური მავნებლობა.

იხილეთ ასევე: