"ერთადერთი, ვინც ამ ომისგან ხეირს ნახულობენ, მესაფლავეები არიან" - ამგვარი "შავი იუმორით" აღწერენ რუსები უკრაინის ომში რუსეთის შეიარაღებული ძალების, ასევე "ვაგნერების" დანაკარგს. რუსული ანტისამთავრობო გამოცემებისა და ბლოგერების ცნობით, ბოლო ხანებში, განსაკუთრებით დეკემბრის მიწურულიდან, რუსეთში საფლავების რაოდენობა შვიდჯერ გაიზარდა.
ჯერჯერობით, უცნობია, რამდენი პატიმრის გადაბირება შეძლეს "ვაგნერებმა", მაგრამ რუსეთის სასჯელაღსრულების უწყებიდან მოპოვებული ცნობების მიხედვით, 2022 წლის ოქტომბრიდან, ციხეებსა და კოლონიებში, პატიმართა რაოდენობა ერთბაშად 23 ათასით შემცირდა. უფლებადამცველის ოლგა რომანოვას თქმით, გასული წლის ბოლოდან 40 ათასზე მეტი პატიმარი გადაიბირეს. მისი თქმით, საპატიმროები დატოვეს, მათ შორის, მკვლელობაში ბრალდებულებმა და ნარკომოვაჭრეებმა.
გადაბირებულთა რეკორდული რაოდენობა ფიქსირდება ვოლგოგრადსა და კრასნოდარის მხარეში.
რუსეთის ხელისუფლება ღიად ნადირობს მათზე, ვინც შეიარაღებულ ძალებში არსებულ ვითარებას აკრიტიკებს, აკავებენ და მკაცრი რეჟიმის კოლონიებში გადაჰყავთ ისინი, მაგრამ ამის მიუხედავად, ადგილობრივი გამოცემები, აქტივისტები და უფლებადამცველები, მაინც განაგრძობენ მათ კვალში მისდიონ და გასაიდუმლოებული საქმეები სააშკარაოზე გამოიტანონ.
"კრასნოდარის მხარეში არსებული ბაკინსკაიას სასაფლაო დეკემბრის ბოლოდან 7-ჯერ გაიზარდა. Титушки в Краснодаре -ს აქტივისტი, ვიტალი ვოტანოვსკი ჰყვება, რომ "ვაგნერის" დამფუძნებელმა აღიარა სასაფლაოს არსებობა და განაცხადა, რომ ეს ადგილი იმიტომ აარჩია, რომ იქვეა "ვაგნერის" სამხედრო ნაწილი, ამიტომ საჭიროდ ჩათვალა, რომ მებრძოლების სასაფლაო ახლოს ყოფილიყო" - წერს გამოცემა.
თუმცა, სხვების თქმით, სინამდვილეში, პრიგოჟინი შეეცადა, შედარებით მიყრუებული ადგილი შეერჩია, რათა დაღუპულთა საფლავების ზრდის მასშტაბი და რაოდენობა ზედმეტად არავის მოსვლოდა თვალში.
"დეკემბრის ბოლოს იქ 50-მდე საფლავი იყო, თებერვლის დასაწყისში კი, მათმა რაოდენობამ 300-ს გადააჭარბა. თუმცა, ეს მხოლოდ ნაწილია დაღუპულებისა, უფრო სწორად, უკრაინის ომში დაღუპული გადაბირებული სამხედროების მხოლოდ პირველი ნაკადი... ყველაზე ახალგაზრდა პირი, რომელიც უკრაინის ომში დაიღუპა, 18 წლის არის. დაღუპულთა საშუალო ასაკი, 35-დან 50 წლამდეა", - წერს გამოცემა.
მისივე ცნობით, კრასნოდარის მხარეში გახსნილ ახალ სასაფლაოზე არიან ისეთი პატიმრებიც, რომელთაც ოჯახები აღარ კითხულობდა. "ასეთი კი მკაცრი რეჟიმის კოლონიებში საკმაოდ ბევრი იყო, ძირითადად ისინი, ვინც ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ჩაიდინა მკვლელობა".
ის ადგილობრივები, ვინც სასაფლაოზე მუშაობენ, გამოცემას პირად საუბრებში უყვებიან, რომ ბოლო ხანებში, დღეში 16-20-მდე საფლავის გათხრა უწევთ. მათივე თქმით, ხალხი მათი რაიონებიდანაც მიდის უკრაინაში საომრად, რადგან ბოლო ხანებში, სამუშაო არაფერია "ოჯახებს კი რჩენა უნდა".
"რამდენიმე შშმ პირიც კი წაიყვანეს... დღეში იმდენი საფლავის გათხრა გვიწევს, მალე აქაც აღარ იქნება ადგილი და მერე აღარ ვიცი, სად წაიყვანენ დაღუპულებს. ხანდახან ღამეც ვმუშაობთ. გვითხრეს, რომ ამ დღეებში კიდევ დამატებითი მუშახელი დაგვჭირდება... რა ვიცი, ტელევიზორში ჩვენი მთავრობა ამბობს, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდისო და აქ მკვდრების დამარხვას ვერ ავუდივართ", - ამბობს ადგილობრივი გამოცემასთან საუბარში.
მთავარი ფოტო: რია ნოვოსტი