ავტორი:

ეროვნულ გალერეასთან სანდრო სულაბერიძის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე

ეროვნულ გალერეასთან სანდრო სულაბერიძის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე

ეროვნულ გალერეასთან, მხატვრის, სანდრო სულაბერიძის მიერ ეროვნულ გალერეაში საკუთარი ნახატის ნაცვლად, დატოვებული წარწერის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აღძრული საქმის გასაპროტესტებლად, სახელოვნებო და საზოგადოების სხვა სფეროს წარმომადგენლები აქციას მართავენ.

ადგილზე აქციის მონაწილეებმა ადგილზე ე.წ. პულივიზატორით წარწერის გაკეთება სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა, რასაც ხმაური მოჰყვა.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის ნატა ფერაძის თქმით, ყველა პროტესტი ლეგიტიმურია.

"ხელოვნება არის ის სფერო, რომლის შესყიდვითაც დაიწყო ივანიშვილმა თავისი მოღვაწეობა. ხელოვნება არის დარგი, რომელსაც შეუძლია შექმნას პოლიტიკური ამინდი ქვეყანაში და ზუსტად მისი გაჩუმება იყო ახლა წულუკიანის მიზანი, თუმცა ვერ მიაღწია, რადგან პროტესტი გაცილებით დიდია, ვიდრე აქ მდგომი ადამიანები და უბრალოდ არაგონივრულად მოიქცნენ. თუ უნდოდათ ამ პროტესტის ჩახშობა, უბრალოდ არ უნდა შეემჩნიათ წარწერა.

ამ რეპრესიული ნაბიჯების მიზანი იყო, რომ დაშინებულიყო და შემდეგი პროტესტის ჩატარებაზე დაფიქრებულიყვნენ, თუმცა ჩვენი პროტესტის გზავნილი არის, რომ შემდეგი პროტესტის ჩატარება არავის არ უნდა შეეშინდეს, რადგან მათ მხარდამჭერები ეყოლებათ და ყველა პროტესტი ლეგიტიმურია", - განაცხადა ფერაძემ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ცნობისთვის, ეროვნულ გალერეაში 4 თებერვალს გახსნილი გამოფენის „ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილე სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ადგილას საღებავით კედელზე დაწერა ფრაზა: "ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!“.

აღნიშნულ საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის, მეორე ნაწილის, ა ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს ქურდობას, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.