ავტორი:

"ის ჯადოქარია": კვარაცხელიას 22-ე დაბადების დღე, 22-ე წუთზე გატანილი გოლი და უცხოელი კომენტატორების მილოცვა ქართულ ენაზე - რა თქვა სპალეტიმ და რას წერს იტალიური მედია?

"ის ჯადოქარია": კვარაცხელიას 22-ე დაბადების დღე, 22-ე წუთზე გატანილი გოლი და უცხოელი კომენტატორების მილოცვა ქართულ ენაზე - რა თქვა სპალეტიმ და რას წერს იტალიური მედია?

12 თებერვალს, სერია A-ს 22-ე ტურში "ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე "კრემონეზე“ 3:0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" მარცხენა გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია ამ დღეს იუბილარი იყო. ქართველი ფენომენალური ფეხბურთელი 22 წლის გახდა და შეიძლება ითქვას, საკუთარ თავს საუკეთესო საჩუქარი მიუძღვნა, მატჩის 22-ე წუთზე, "კრემონეზეს" კარში პირველი გოლი სწორედ მან გაიტანა.

ნეაპოლურმა გუნდმა ჩემპიონატზე ბოლო 18 მატჩიდან 17 ჯამური ანგარიშით: 44:11 მოიგო.

ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე კი მიმდინარე ჩემპიონატის 18 მატჩში 9 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა.

"კრემონეზეს" მე-2 გოლი ვიქტორ ოსიმენმა გაუტანა, მესამე კი - ელიფ ელმასმა.

სპალეტიმ ხვიჩა 83-ე წუთზე შეცვალა, გულშემატკივრებმა ის "მარადონადან" დიდი ოვაციებით გააცილეს.

"ნაპოლი“ 59 ქულით სერია A-ს ლიდერია, უახლოეს მდევარ "ინტერს“ 16 ქულით უსწრებს და 17 თებერვალს გასვლაზე "სასუოლოს“ დაუპირისპირდება. "ინტერი“ დღეს გენუაში "სამპდორიას“ შეხვდება.

შეიძლება ითქვას. რომ "კვარას" თამაშით აღფრთოვანებას უკვე ვეღარავინ მალავს. რუსი კომენტატორების შემდეგ მას დაბადების დღე ქართულ ენაზე უკვე CBS sports - ის კომენტატორმა მიულოცა.

გამარჯვებით გამოწვეული სიხარული ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმაც ვერ დამალა.

"ლამაზი "ნაპოლი" "კვარათი", რომელმაც დაბადების დღე დიდებულად აღნიშნა; ოსიმენით, რომელიც სულ უფრო და უფრო უკეთესი ბომბარდირი ხდება და ელმასით, რომელმაც შეხვედრას წერტილი დაუსვა. ასევე გააგრძელეთ!", - დაწერა დე ლაურენტისმა "ტვიტერზე".

  • რა თქვა სპალეტიმ მატჩის შემდეგ?

"პირველ ტაიმში კარგად ვერ ვითამაშეთ, თუმცა მეორე ნახევარში უკეთესები ვიყავით. რაც შეეხება მომდევნო მატჩებს, წარმატებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მივაღწევთ, თუ ფეხბურთელები საკუთარ თავებს აჯობებენ. მოთამაშეები ამისთვის ყველაფერს აკეთებენ...

"კვარას" დაბადების დღე? მოთამაშეებს რამდენიმე ჩათი აქვთ. ბიჭები გათენებას არ დაელოდნენ და ქართველს დაბადების დღე შუაღამისას მიულოცეს. ეს აჩვენებს, როგორი კარგი განწყობაა გუნდში.

მხოლოდ და მხოლოდ აწმყოზე უნდა ვიფიქროთ. შესანიშნავი გუნდი გვყავს, სადაც ნამდვილი პროფესიონალები თამაშობენ. ისინი მოედანზე თავგანწირვისთვის მუდამ მზად არიან. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, ცხადია, მარტივად არაფერს დავთმობთ, მაგრამ მატჩიდან მატჩზე უნდა ვიფიქროთ, მხოლოდ ამ შემთხვევაში მივაღწევთ წარმატებას", - განაცხადა სპალეტიმ. წყარო sportall.ge

  • რას წერს იტალიური მედია?

“22 წლის გახდა. ეს მისი პირველი წელია სერია ა-ში, მაგრამ ვეტერანი გეგონებათ. დონე, ლიდერობის და გოლის გატანის დაუცხრომელი შიმშილი. მარჯვნივ თუ დაელოდები, მარცხნივ წავა, თუ მარცხნივ დაელოდები - მარჯვნივ. ის შეუჩერებელია. საწყალი სერნიკოლა, ალბათ, ეკრანებზე ისევ უყურებს გოლს ნელი მოძრაობით, რათა გაიგოს, რა გაუკეთა მეტოქემ, ასე ადვილად რომ მოატყუა. "კვარა", გილოცავთ დაბადების დღეს! წვეულებაზე "კრემონეზეს" ფეხბურთელები მიწვეული არ არიან", - წერს Corriere Dello Sport, რომელმაც ქართველის თამაში 7.5 ქულით შეფასა.

Goal Italia -მ ქართველს 7 ქულა დაუწერა: "22 წელი 50 000 ადამიანის წინაშე გოლით აღნიშნა. 77-ე ნომერმა რთული თამაში გახსნა და ნაპოლი სერია A-ში მე-18 გამარჯვებისკენ წაიყვანა".

Calcionapoli1926: "აგრძელებს მაგიურ თამაშს. გაიტანა გოლი, რომელმაც თამაში გახსნა. როცა ანათებს, ამ ბიჭის გაჩერება ძნელია. ის ჯადოქარია მეტოქეების მოსანუსხი ჯადოსნური ჯოხით".

იხილეთ ასევე:

ნახეთ CBS sports - ის კომენტატორი როგორ ულოცავს "კვარას" დაბადების დღეს