ავტორი:

"მიხეილ სააკაშვილის საკითხი ზრდის პოლარიზაციას - ევროკავშირი მზად არის, დახმარება გაუწიოს საქართველოს ხელისუფლებას ნებისმიერი სახით" - ევროკავშირის ელჩი

"მიხეილ სააკაშვილის საკითხი ზრდის პოლარიზაციას - ევროკავშირი მზად არის, დახმარება გაუწიოს საქართველოს ხელისუფლებას ნებისმიერი სახით" - ევროკავშირის ელჩი

მიხეილ სააკაშვილის საკითხი ზრდის პოლარიზაციას - ევროკავშირი მზად არის, დახმარება გაუწიოს საქართველოს ხელისუფლებას ნებისმიერი სახით, რასაც ის სასარგებლოდ მიიჩნევს, რათა გამოსავალი მოიძებნოს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ "ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მან კიდევ ერთხელ შეახსენა საქართველოს ხელისუფლებას, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვა სწორედ მათი პასუხისმგებლობაა. ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ პროცესი იმ ვითარებამდე არ მივა, როცა ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუქცევადად იქნება დაზიანებული.

"ჩვენ ამ ვითარებას ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალს და ველით, რომ შედეგი დადგეს. ამავდროულად, ევროკავშირი სერიოზულად არის შეშფოთებული ანგარიშებით, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას ეხება. ჩვენ შევახსენებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ მათი პასუხისმგებლობაა იმის უზრუნველყოფა, რომ ყოფილი პრეზიდენტის ყველა უფლება, მისი, როგორც დაცვის მხარის უფლება სასამართლოში, მისი, როგორც პატიმრის უფლებები, სრულად იყოს დაცული. ასევე შემიძლია აღვნიშნო, რომ ეს საკითხი და ვითარება, სამწუხაროდ, ზრდის პოლარიზაციას საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის.

გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ არასდროს მივალთ იმ მდგომარეობამდე, სადაც ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუქცევადად იქნება დაზიანებული“,- განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ამასთან, კითხვაზე, აყენებს თუ არა ევროკავშირი საკითხს იმგვარად, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება დამოკიდებული იქნება მიხეილ სააკაშვილის საკითხზე, ელჩმა აღნიშნა, რომ მსჯელობის პროცესში კანონის უზენაესობა და სამართლის მდგომარეობაც იქნება მხედველობაში მიღებული.

"გადაწყვეტილება ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანაზე იქნება დამოკიდებული და მიღებული იქნება იმ ანგარიშის საფუძველზე, რომელსაც ევროკომისია გამოაქვეყნებს, მაგრამ ცხადია, წევრი ქვეყნები, ასევე, შეაფასებენ საქართველოს მიერ მიღწეულ საერთო პროგრესს, რაც შეეხება ევროკავშირის სტანდარტებსა და ღირებულებებთან დაახლოებას. ჩვენ ვსაუბრობთ კანონის უზენაესობაზე, ვსაუბრობთ სამართალზე, ვსაუბრობთ აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებაზე, ვსაუბრობთ მედიის დამოუკიდებლობაზე. ყველა ეს საკითხი მხედველობაში იქნება მიღებული 27 წევრი ქვეყნის მიერ“,- განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.