ავტორი:

"გახდი ბესტსელერის ავტორი 2023-ის" გამარჯვებულები ცნობილია - რა ელის მკითხველს?

"გახდი ბესტსელერის ავტორი 2023-ის" გამარჯვებულები ცნობილია - რა ელის მკითხველს?

წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლიტერატურული კონკურსი „გახდი ბესტსელერის ავტორი 2023-ს“ გამარჯვებული ავტორები ცნობილია. ჟიურის რჩეული ანი ბალიაშვილი და რუსუდან ტყემალაძე გახდნენ, ხოლო მკითხველი - მათე ბაღაშვილი. მალე მათი ნამუშევრები მკითხველთა ფართო წრეებისთვის გახდება ცნობილი, რაც გამარჯვებულთათვის მნიშვნელოვანი კარიერული წარმატება და ამავე დროს, დიდი პასუხისმგებლობაა.

სამივე მათგანის ნამუშევარს გამომცემლობა „პალიტრა L“ რამდენიმე თვეში გამოსცემს, მანამდე კი ისინი გამოცდილ მენტორებთან ერთად, რომანების კიდევ უფრო დახვეწაზე იმუშავებენ, რაც მათთვის სრულიად ახალი გამოცდილების შეძენისა და წერითი უნარების კიდევ უფრო დასახვეწად წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

კონკურსი 2017 წლიდან იღებს სტარტს და გასული 6 წლის განმავლობაში მასში მონაწილეობა არაერთი ავტორის კარიერაში გარდამტეხი აღმოჩნდა. „გახდი ბესტსელერის ავტორის“ მიერ აღმოჩენილ ავტორთა წიგნები დღესაც გამომცემლობის ბესტსელერთა სიაშია.

კონკურსის ჟიურის წევრისა და მწერლის დიანა ანფიმიადის შეფასებით, „გახდი ბესტსელერის ავტორი“ თანამედროვე ქართული ლიტერატურის განვითარებაში თავის როლს ასრულებს. მისივე თქმით, 2023 წლის კონკურსი ნამუშევრების მრავალფეროვნების თვალსაზრისით საინტერესო იყო. მწერალმა ასევე შეაფასა გამარჯვებულთა რომანები და განმარტა, რომ ერთ-ერთი მათგანი პირდაპირ ეხმაურება დღეს საქართველოში არსებულ უმძიმეს პრობლემას.

„კარგია, რომ წერის ხარისხი თანდათან უმჯობესდება. რაც შეეხება წლევანდელ კონკურსს, ძალიან განსხვავებული ტექსტები გვაქვს, რაც ძალიან კარგია. მნიშვნელოვანია სოციალური თემაც: ერთ-ერთი გამარჯვებულის ნამუშევარი შეეხება ქალთა მიმართ ძალადობას და მგონია, რომ ძალიან დიდი ამბავია წელს ის, რომ გამარჯვებულთა შორის ერთ-ერთი სწორედ ისაა. მკითხველს ელის საინტერესო წიგნები, რომელთა ავტორებსაც იმედია, შეიყვარებენ და იმედია, თავის მხრივ, ავტორებიც სხვა შემართებითა და პასუხისმგებლობით გააგრძელებენ წერას“, - აღნიშნა დიანა ანფიმიადმა.

ფილოლოგისა და ჟიურის წევრის, ლევან ბერძენიშვილის შეფასებითაც წელს კონკურსში თემატური თვალსაზრისით მრავალფეროვნება თვალშისაცემი იყო. მათ შორის ნამუშევრები გვხვდებოდა ფანტასტიკის სფეროდანაც.

„ჟიურისა და ხალხის წარმოდგენები ერთ შემთხვევაში ერთმანეთს დაემთხვა კიდეც, რაც იშვიათი ამბავია. ამ თვალსაზრისით საინტერესო და მრავალფეროვანი სპექტრით არიან წარმოდგენილები გამარჯვებულები. საერთო დონე შეიძლება უფრო მაღალი არ არის წინა წლებთან შედარებით, მაგრამ მრავალფეროვნების თვალსაზრისით არის განსხვავება და საზოგადოებას პანდემიიდან გამოსვლა დაეტყო“, - აღნიშნა მან.

ლევან ბერძენიშვილმა კონკურსის მნიშვნელობაზეც ისაუბრა:

„თავდაპირველად, როდესაც ეს კონკურსი შეიქმნა, მე ძალიან სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, რადგან თანამედროვე ავტორებს დახმარება საერთოდ როგორ არ ჭირდება, მაგრამ ასეთი ტიპის წახალისება შეიძლება არ ყოფილიყო გამართლებული, მაგრამ დრომ აჩვენა, რომ ეს წამოწყება სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა. ამიტომ ძალიან კარგია, რომ არსებობს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე გაგრძელდება. მთავარია, რომ ბესტსელერები იწერება და ბესტსელერები იყიდება ანუ ფაქტია, რომ თავის ამოცანას ასრულებს, იმისგან დამოუკიდებლად, ვის მოსწონს, არ მოსწონს, კრიტიკულია თუ არ არის“.

„გახდი ბესტსელერის ავტორი“ კვლავაც გააგრძელებს ახალი, ნიჭიერი ავტორების აღმოჩენას და მათ პოპულარიზაციას.