ავტორი:

170 საათი ნანგრევებში - მაშველებს მიწისძვრით მიწასთან გასწორებული შენობებიდან ცოცხალი ადამიანები კიდევ ამოჰყავთ

170 საათი ნანგრევებში - მაშველებს მიწისძვრით მიწასთან გასწორებული შენობებიდან ცოცხალი ადამიანები კიდევ ამოჰყავთ

თურქეთის გაზიანთეფის პროვინციაში მაშველებმა გადაარჩინეს 40 წლის ქალი, რომელიც დაახლოებით 170 საათის განმავლობაში იმყოფებოდა 5-სართულიანი სახლის ნანგრევებში. ამის შესახებ სააგენტოები Anadolu და Reuters-ი იუწყებიან. გადარჩენილ ქალს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზევე გაეწია, შემდეგ კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

CNN-ის ცნობით, მაშველებმა ჰათაის პროვინციაში გადაარჩინეს კაციც, რომელიც ნანგრევებში იმყოფებოდა 167 საათის განმავლობაში.

მანამდე თურქეთში, ჰათაის პროვინციის ქალაქ ანთაქიაში მაშველებმა, მიწისძვრიდან 167 საათის შემდეგ, ნანგრევებიდან 23 წლის მამაკაცი, ჰუსეინ სეფეროღლუ ცოცხალი ამოიყვანეს.

მედიაში ვრცელდება კადრები, რომელშიც ჩანს, რომ მამაკაცის ნანგრევებიდან ამოყვანას გარშემო მყოფი ადამიანები ოვაციით და ტაშით ხვდებიან.

მანამდე, კვირას, მიწისძვრიდან 159 საათის შემდეგ, მაშველებმა ნანგრევებიდან 55 წლის ქალი, სტიქიიდან 152 საათის შემდეგ კი - 85 წლის ქალი გამოიყვანეს.

ამასთან, მიწისძვრიდან 151 საათის გასვლის შემდეგ მაშველებმა ჰათაიში ნანგრევებში მოყოლილი ორი ადამიანი, 25 წლის სირიელი მამაკაცი და მისი შვილი გადაარჩინეს.

თურქული მედიის ინფორმაციით, მიწისძვრიდან 141-163 საათის შემდეგ მაშველებმა ნანგრევებიდან, მინიმუმ, 41 ადამიანი ამოიყვანეს.

ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრას 34 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

სამძებრო-სამაშველო ოპერაცია კი კვლავ გრძელდება სტიქიური უბედურების ზონაში, რომელიც მოიცავს თურქეთის 10 პროვინციას, მათ შორის: კაჰრამანმარაშს, გაზიანთეპს, ჰათაის, ადანას, დიარბაქირს და მალათიას. ამ პროვინციებში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.