ავტორი:

"ვერ დგინდება, სვიმონ დადიანის ნამუშევრებზე, სად იქნა მიყენებული დაზიანებები, ჩვენთან თუ სასახლეში უკვე დაზიანებული მოვიდა" - პრეზიდენტის მრჩეველი

"ვერ დგინდება, სვიმონ დადიანის ნამუშევრებზე, სად იქნა მიყენებული დაზიანებები, ჩვენთან თუ სასახლეში უკვე დაზიანებული მოვიდა" - პრეზიდენტის მრჩეველი

ვერ დგინდება, სვიმონ დადიანის ნამუშევრებზე, სად იქნა მიყენებული დაზიანებები, ჩვენთან თუ სასახლეში უკვე დაზიანებული მოვიდა, - ამის შესახებ განათლების, კულტურისა და მეცნიერების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა კონსტანტინე ნაცვლიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა დღეს, ხელოვნების სასახლის კუთვნილი 5 ნამუშევრის უკან დაბრუნების მიზნით პრეზიდენტის სასახლეში კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლების შესვლას და ინფორმაციას, რომ რამდენიმე ნახატს აქვს სხვადასხვა სახის დაზიანებაც.

მისი თქმით, სვიმონ დადიანის ნამუშევრები პრეზიდენტის შუამდგომლობით, პრეზიდენტის ერთ- ერთმა უახლოესმა ოჯახმა საქართველოს საჩუქრად გადმოსცა.

"ეს არის დაახლოებით 30 ნამუშევარი, რომელიც ხელოვნების სასახლეში ინახება. ამ ნამუშევრების ნაწილი ექსპონირებული იყო ორბელიანების სასახლეში. ჩვენი მიზანი გახლავთ, რომ ერთობის საფუძველი შეიქმნას ქართულ ემიგრაციულ კულტურასა და დღევანდელ საქართველოს შორის. ამიტომ ყოველ მსგავს ფაქტს, რაც ძველ ემიგრაციას უკავშირდება, ასევე თანამედროვე უცხოეთში მყოფ ქართველ ხელოვანებს, გულისხმიერებით ვეკიდებით და ვცდილობთ, საქართველოში ამ ნამუშევრების გამოფენა ან დროებითი ექსპონირება მოხდეს.

რაც შეეხება ამ ნამუშევრების დაზიანებას - ამ ნამუშევრებმა საქართველომდე ძალიან დიდი გზა გამოიარა. თავის დროზე დასაწყობებული იყო ამერიკაში, შემდეგ პარიზში, საიდანაც ჩამოვიდა საქართველოში. საქართველოში ორ სხვადასხვა სივრცეში იყო ექსპონირებული. ათეულობით ნამუშევრიდან მხოლოდ 5 შეირჩა ხელოვნების სასახლის მიერ ჩვენთან გამოსაფენად. ვერ დგინდება, დაზიანებები (რაც არ ვფიქრობთ, რომ განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარმოადგენს) სად იქნა მიყენებული - ჩვენთან თუ ჩვენს სასახლეში უკვე დაზიანებული მოვიდა. საერთოდ, მსგავსი ბრალდებებს, რასაც თვალს ვადევნებდით და სამინისტროს მხრიდან დღეს გაჟღერდა, მიჩვეულები ვართ. ამიტომ ჩვენთვის ეს ახალი არაა. ერთგული ვრჩებით იმ პოლიტიკის, რომ აუცილებლად უნდა შეივსოს საქართველოს მუზეუმები ხელოვნების ახალი ნიმუშებით, მით უფრო საქართველოს ემიგრაციიდან“,- განაცხადა კონსტანტინე ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, ხელოვნების ნიმუშების ორბელიანის სასახლეში განთავსების ვადებთან დაკავშირებით საფრთხე არ არსებობს, რადგან პრეზიდენტის სასახლე საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაცულია.

"ხელოვნების სასახლესთან მემორანდუმი გვაქვს და ვფიქრობ, ვადები დაცული იყო და დარღვევა არ ყოფილა. ხანგრძლივი მემორანდუმი გვაქვს. ჩვენი მემორანდუმი იყო პრეზიდენტის ვადის ამოწურვამდე. ეს სასახლე გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე დაცული სახელმწიფო შენობა საქართველოში, ამიტომ, ვერ ვხედავ რაიმე საფრთხეს იმაში, თუ რა ვადით იქნებოდა ეს ნამუშევრები ორბელიანების სასახლეში“,- განაცხადა კონსტანტინე ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია, ხელოვნების სასახლის თანამშრომლებთან ერთად, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დროებით განთავსებული 5 ნამუშევრის უკან დაბრუნების მიზნით დღეს პრეზიდენტის სასახლეში იყო შესული. ინფორმაციას "რუსთავი 2“ ავრცელებს. მათივე ცნობით, რამდენიმე ნახატს აქვს სხვადასხვა სახის დაზიანებაც, საუბარია 2-წლიან ხელშეკრულებაზე, რომელიც 2020 წლის 30 ნოემბრიდან 2022 წლის 30 ნოემბრამდე იყო დადებული.

ასევე იხილეთ: