ავტორი:

"თავმოყვარეობა შეიძინე და თავის თავის ფასი ისწავლე, მაგრამ ნუ გადააჭარბებ. არ გაამაყდე" - წერილი, რომელიც მიხეილ ჯავახიშვილმა ქალიშვილს მისწერა

"თავმოყვარეობა შეიძინე და თავის თავის ფასი ისწავლე, მაგრამ ნუ გადააჭარბებ. არ გაამაყდე" - წერილი, რომელიც მიხეილ ჯავახიშვილმა ქალიშვილს მისწერა

კითხვები, რომლებზე პასუხსაც ვეძებთ; გამოწვევები, რომელთან გამკლავებაც გვიჭირს; პრობლემები, რომლებიც თითქოს მუდმივად მეორდება - ამ ყველაფერზე პასუხისა თუ გამოსავლის შემოთავაზება წიგნსა და ლიტერატურას შეუძლია.

საბედნიეროდ, მრავლად გვყავს მწერლები, რომლებიც სარკეში ჩაგვახედებენ, ნამდვილ მეს დაგვანახებენ, ამ ცხოვრებაში ფასეულსა და ღირებულზე დაგვაფიქრებენ, თანაგრძნობას გვასწავლიან, სხვის დახმარებას მოგვანდომებენ... მათი ტექსტები ბევრი ადამიანისთვის გამხდარა ის გარდამავალი ეტაპი, როდესაც ვხვდებით, რომ დიახ, სწორედ ეს არის ჩვენს კითხვაზე პასუხი და პრობლემის გამოსავალი, ეს არის გზამკვლევი, რომელსაც უნდა მივყვეთ.

კლასიკად ქცეული ავტორები და ნაწარმოებები ბევრია ქართულ ლიტერატურაშიც. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მიხეილ ჯავახიშვილს, რომელიც მთელი თავისი ცხოვრებითა და შემოქმედებით საზოგადოების დაცვას და გამოფხიზლებას ცდილობდა. საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მებრძოლი მწერალი საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი გახდა, მაგრამ მან დაგვიტოვა ლიტერატურა, რომელიც აქტუალობას დღემდე არ კარგავს და ბევრ ჩვენს კითხვას პასუხს სცემს. ცნობილი რომანების გარდა, ჯავახიშვილს აქვს წერილები, უბის წიგნაკში ჩანაწერები, რომლებიც საინტერესო თემებს ეხება და მათი გაზიარება ფართო საზოგადოებისთვის დღემდე მნიშვნელოვანია.

ერთ-ერთი ასეთია მისი „წერილი ქალიშვილსადმი - ჩვენი დროის ათი მცნება“. წერილი შემდეგნაირია:

  1. „შენ ხარ მარადიული, განუყრელი და ერთგული წევრი და მსახური შენი მშობელი საქართველოსი.
  2. შენი სამშობლოს მტერი შენი პირადი მტერია, ხოლო მისი მეგობარი, შენი პირადი მეგობარი.
  3. ყველაფერი, რაც გაქვს და გექნება, შენი სიცოცხლეც კი, შენს მამულს ეკუთვნის. შენ ხარ მისი მუდმივი მოვალე და განუყრელი შვილი.
  4. მიეცი მას წრფელი გულით ყოველივე და ისიც მოგცემს ყოველივეს.
  5. მაინც მუდმივ მხოლოდ შენი თავის იმედი იქონიე. ისე იცხოვრე, ვითომ ამ ქვეყნად არც მოვალე გყოლია და არც მშველელი.
  6. განაგე თავი შენი და დაუმორჩილე გონებას შენი ჟინი, კერპი გული და ურჩი სურვილები.
  7. გზის გაკვლევა და გამარჯვება შეიძლება მხოლოდ შრომით და პატიოსნებით. ზარმაცობა, ცუღლუტობა, სიცრუე და სიყალბე ადამიანს ადრე თუ გვიან უეჭველად დაღუპავს.
  8. სანამ საკუთარ ფეხზე არ დამდგარხარ, მშობლებს ყველაფერი დაუჯერე. იმათ შენთვის მხოლოდ სიკეთე უნდათ. ჯერ-ჯერობით საკუთარ ჭკუას, ჟინს და გულისზრახვას ნუ აჰყვები.
  9. თავმოყვარეობა შეიძინე და თავის თავის ფასი ისწავლე, მაგრამ ნუ გადააჭარბებ. არ გაამაყდე.
  10. ბოლოს და ბოლოს, ყოველთვის სჯობს სამი რამ: პირველი - შრომა, მეორე - შრომა და მესამე - შრომა.

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე.

შენი მოსიყვარულე მამა, მიხეილ ჯავახიშვილი.“

მიხეილ ჯავახიშვილის ამ და სხვა საინტერესო წერილების, მოთხრობების შეძენა შესაძლებელია „პალიტრა L-ის“ ახალი პროექტის „XXI საუკუნის ოჯახს ახალი ბიბლიოთეკა სჭირდება“ ფარგლებში. პროექტის ფარგლებში გამოიცემა ჯავახიშვილის ხუთტომეული, რომლის მეოთხე ნაწილიც სწორედ მოთხრობები და წერილებია.

წიგნის შეძენა შესაძლებელია 13 თებერვლიდან სპეციალურ ფასად - 14 ლარად. სასურველი წიგნის შეძენა შეგიძლიათ პრესის ჯიხურებსა და "ბიბლუსის" ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით. ასევე შესაძლებელია წიგნის სატელეფონო ცენტრისა და ვებგვერდის საშუალებით გამოწერა.

პროექტის ფარგლებში უკვე გამოიცა: „კვაჭი კვაჭანტირაძე“, „არსენა მარაბდელი“, „ჯაყოს ხიზნები“, „გივი შადური“. მოთხრობებისა და წერილების შემდეგ კი გამოიცემა სერიის მეხუთე ტომი "თეთრი საყელო" და სხვა მოთხრობები.