ავტორი:

"თეა წულუკიანი არის ჩვეულებრივი ბოლშევიკი... ის არის ამ მთავრობის სახე" - გრიგოლ გეგელია

"თეა წულუკიანი არის ჩვეულებრივი ბოლშევიკი...  ის არის ამ მთავრობის სახე" - გრიგოლ გეგელია

"თეა წულუკიანი არის ჩვეულებრივი ბოლშევიკი", - განაცხადა პარტია "ლელოს" წარმომადგენელმა გრიგოლ გეგელიამ "პალიტრანიუსის" ეთერში, მხატვარ სანდრო სულაბერიძის პერფორმანსზე ხელისუფლების პასუხის შეფასებისას.

"პირველ რიგში, სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ამ ადამიანს. თეა წულუკიანი კი სახელგანთქმულია თავისი ბოლშევიკური ქცევებით. ის ყოველთვის ასეთი იყო, არაფერი ახალი მას არ უქნია. ის არის ადამიანი, რომელიც მზად არის ყველაფერი შესწიროს საკუთარ ეგოს, ინტერესებს და პირად ჯავრს. ვნახეთ, რომ მან დღეს საქართველოს პრეზიდენტს გაუგზავნა სამინისტროს გენერალური ინსპექცია, ეს არის პირდაპირი გამოძახილი პრეზიდენტის განცხადებისა მხატვარ სულაბერიძეზე, სხვათა შორის, პრეზიდენტის განცხადება იყო ძალიან სწორი... მე ვფიქრობ, რომ მე უფრო მეტი თავისუფლება მაქვს, ვიდრე პრეზიდენტს, ვამბობ, რომ ის არის ჩვეულებრივი ბოლშევიკი... ასეთი მენტალიტეტია მთავრობაში, რომლის ყველაზე გავლენიანი მინისტრი იყო წულუკიანი, შეიძლება დღესაც არის, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პორტფელი აქვს ჩაბარებული, ფაქტია, რომ ის არის ამ მთავრობის სახე... არ აშინებს ამ ქვეყანაში არავის, რომ ასეთი ადამიანები გმართავენ? წულუკიანი თავისი სადამსჯელო რაზმებით - ეს არის ის თავისუფლება, რისთვისაც ადამიანები ამ ქვეყანაში იბრძოდნენ", - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

შეგახსენებთ, რომ კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია, ხელოვნების სასახლის თანამშრომლებთან ერთად, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დროებით განთავსებული 5 ნამუშევრის უკან დაბრუნების მიზნით დღეს პრეზიდენტის სასახლეში იყო შესული.

ცნობისთვის, გუშინ პრეზიდენტმა ხელისუფლების მისამართით უმწვავესი განცხადება გააკეთა "ფეისბუქში" გამოქვეყნებული პოსტის მეშვეობით, რომელიც მხატვარ სანდრო სულაბერიძის მხარდასაჭერ აქციას ეხებოდა.

"20 პოლიციის მანქანა ცისფერი გალერიის უკანა ეზოში... მხატვარი ესოდენ საფრთხეს უქმნიდეს სახელმწიფოს???? ცოტა არ იყოს, სხვა ეპოქას გვახსენებს და თანამედროვე საქართველოს კი ნამდვილად არცხვენს!"- დაწერა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, ეროვნულ გალერეაში 4 თებერვალს გახსნილი გამოფენის "ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილე სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ადგილას საღებავით კედელზე დაწერა ფრაზა: "ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!“.

აღნიშნულ საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის, მეორე ნაწილის, ა ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს ქურდობას, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

იხილეთ ასევე: