ავტორი:

"უკომენტაროდ" - რა ვიდეოს აქვეყნებს სალომე ზურაბიშვილი გენინსპექციის მიერ პრეზიდენტის სასახლიდან ნახატების წაღების შემდეგ

"უკომენტაროდ" - რა ვიდეოს აქვეყნებს სალომე ზურაბიშვილი გენინსპექციის მიერ პრეზიდენტის სასახლიდან ნახატების წაღების შემდეგ

კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია, ხელოვნების სასახლის თანამშრომლებთან ერთად, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დროებით განთავსებული 5 ნამუშევრის უკან დაბრუნების მიზნით, დღეს, 13 თებერვალს, პრეზიდენტის სასახლეში იყო შესული. მათ სასახლიდან ნახატები წაიღეს.

სალომე ზურაბიშვილი "ფეისბუქის" გვერდზე აქვეყნებს ვიდეოს, სადაც არის კადრები ფილმიდან "მონანიება", რომელსაც შემდეგ დართული აქვს სასახლიდან ნახატების ჩამოხსნისა და წაღების დღევანდელი ვიდეო. "უკომენტაროდ", - წერს პრეზიდენტი.

ცნობისთვის, გუშინ პრეზიდენტმა ხელისუფლების მისამართით მწვავე განცხადება გააკეთა, რომელიც მხატვარ სანდრო სულაბერიძის მხარდასაჭერ აქციას ეხებოდა.

"20 პოლიციის მანქანა ცისფერი გალერიის უკანა ეზოში... მხატვარი ესოდენ საფრთხეს უქმნიდეს სახელმწიფოს???? ცოტა არ იყოს სხვა ეპოქას გვახსენებს და თანამედროვე საქართველოს კი ნამდვილად არცხვენს!"- დაწერა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, ეროვნულ გალერეაში 4 თებერვალს გახსნილი გამოფენის "ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილე სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ადგილას საღებავით კედელზე დაწერა ფრაზა: "ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!“.

აღნიშნულ საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის, მეორე ნაწილის, ა ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს ქურდობას, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.